შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მათიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. საშუალო სკოლა ნიკოლოზმა თბილისში დაამთავრა. თავის მოგონებებში იგი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს თანასკოლელებს – გრიგოლ სიდამონ-ერისთავს (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ეფრემ II), გრიგოლ ფერაძეს, ნიკო კეცხოველს; მადლიერებით იხსენებს მასწავლებლებსაც – ვასილ ბარნოვს, კორნელი კეკელიძეს, იპოლიტე ვართაგავას, შიო შიუკაშვილს, ანტონ ნატროშვილს, ნიკო სულხანიშვილს, ია კარგარეთელს. 1920 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი თბილისის უნივერსიტეტის სამეურნეო (აგრონომიულ) ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ რაკი სამშობლოს ყოველი მხრიდან უტევდა მტერი და დაცვა სჭირდებოდა, მან მიატოვა უნივერსიტეტი და ძმასთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა ქართულ ჯარში, მეტყვიამფრქვევეთა ასეულში, შემდეგ სწავლა იუნკერთა სკოლაში განაგრძო. სამხედრო სკოლის დამთავრება არ დასცალდა, საქართველო ოკუპაციის საფრთხის წინაშე დადგა. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებს კოჯორი-ტაბახმელასთან, სხვა იუნკერებთან ერთად, ნიკოლოზ მათიკაშვილიც იცავდა. ბოლშევიკურ რუსეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს დევნილმა მთავრობამ იუნკრებს არჩევანი შესთავაზა: "იუნკერთაგან ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლო დატოვოს, საზღვარგარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებელში მოსაწყობადო. ახალგაზრდა მებრძოლები საგონებელში ჩავარდნენ: დავრჩეთ თუ წავიდეთ? დარჩენა – მტრის სამსახურში ჩადგომას და სამშობლოს ღალატს უდრიდა, წასვლით იქნებ ევროპაში რამენაირათ უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით. დაპირება, რომ იზრუნებენ ჩვენ სამხედრო სასწავლებლებში მოწყობაზე, უმნიშვნელო არ იყო. ზოგმა ჩვენთაგანმა სახლში დარჩენა ამჯობინა, გავინაწილებთო ქვეყნის ბედს და მშობლებსაც ხომ პატრონობა უნდაო. უმრავლესობამ სამშობლოდან გასვლა ირჩია", – წერდა ნიკოლოზ მათიკაშვილი. ბათუმიდან გემით გასული იუნკრები რამდენიმე დღეში კონსტანტინოპოლს მიადგნენ და გარკვეულ ხანს იქ გაჩერდნენ. 1921 წლის შემოდგომაზე კი 13 მათგანი საბერძნეთში გაიგზავნა და ათენის სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მათ შორის იყო ნიკოლოზ მათიკაშვილიც. ერთი წლის შემდეგ, როცა საბერძნეთი არეულობამ მოიცვა, ცამეტივე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და აქედან პოლონეთს გაემგზავრა. ყველანი მიიღო იქაურმა პოდხორუნჟების სკოლამ. სამხედრო სასწავლებელი ნიკოლოზ მათიკაშვილმა 1923 წელს დაამთავრა და პოდპორუჩიკის ჩინით კონტრაქტის საფუძველზე პოლონეთის არმიაში დაიწყო სამსახური. 1930–1932 წლებში იგი ვარშავის უმაღლეს სამხედრო სკოლაში სწავლობდა. 1930–იან წლებში, საფრანგეთში, ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომელსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მსმენელთა რიცხვი 10–12 კაცი იყო. სწავლა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. კაპიტანი მათიკაშვილი გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა. მას პოლკის ტაქტიკური ადიუტანტის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ მათიკაშვილი მონაწილეობდა 1944 წლის ვარშავის აჯანყებაში. იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენის, "ვირტუტი მილიტარის" კავალერი იყო. ერთ–ერთ ბრძოლაში ნიკოლოზ მათიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და გერმანელებს ჩაუვარდა ხელში. ომის შემდეგ ტყვეობიდან დაბრუნებული კაპიტანი განთავისუფლებული პოლონეთის ჯარში გაიწვიეს. როგორც თავად წერს, დატუსაღებას პოლონელი ოფიცრების დახმარებით გადაურჩა, რომლებმაც რუსულ შტაბს შესთავაზეს მისი, როგორც რუსულის მცოდნის, გამოყენება. იგი სამხედრო სამინისტროში მიიწვიეს და ქვეითი ჯარის წვრთნის დარგში დაასაქმეს. პოლონეთში დამკვიდრებული ქართველი მხედრები, მართალია, მეორე სამშობლოს – პოლონეთის სამსახურში იდგნენ, მაგრამ, ამავე დროს, ერთი წუთითაც არ ივიწყებდნენ საქართველოს. მათ ჩამოაყალიბეს ქართველ იუნკერთა კავშირი, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ქვეყნებში მიმოფანტულ თანამემამულეებთან, მონაწილეობდნენ ქართული ემიგრაციის ყველა წამოწყებაში, ეწეოდნენ მრავალმხრივ კულტურულ–საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას, დააარსეს ჟურნალი "მხედარი", რომელსაც საკუთარი სახსრებით პარიზში გამოსცემდნენ. ჟურნალი 1939 წლამდე გამოდიოდა. სულ 15 ნომერი დაიბეჭდა. ნიკოლოზ მათიკაშვილი იყო "იუნკერთა კავშირის" (1928–1932) გამგეობის წევრი და ჟურნალ "მხედარის" თანამშრომელი (1929–1937), ასევე, პოლონეთის ორიენტალისტთა კავშირის წევრი და ჟურნალ "ფშევლონდ ორინტალისტიჩის" თანამშრომელი. მან ამ ჟურნალისთვის პოლონურ ენაზე თარგმნა ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებები: "შვლის ნუკრის ნაამბობი", "გოგოთურ და აფშინა" და "ძაღლიკა ხიმიკაური"; აქვე იბეჭდებოდა საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი მისი სტატიები; პოლონელი პოეტებისთვის გაკეთებული აქვს ასამდე ქართული ლექსის ბწკარედი, რომელთა ნაწილი დაიბეჭდა წიგნში – "საბჭოთა პოეზია". 1988 წელს, პარიზში, ქართულ ჟურნალ "ივერიაში" დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილისა და მიხეილ კვალიაშვილის მემუარული ხასიათის წიგნი "იუნკრები", რომელიც 1990 წელს, ცალკე წიგნად, თბილისშიც გამოიცა. 1992 წლიდან ნიკოლოზ მათიკაშვილი საქართველო–პოლონეთის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე იყო. 2016 წელს საქართველოს ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ერთტომეული – "იუნკრები და სხვები". წიგნი მომზადდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული, პოლონეთიდან 1991 წელს ჩამოტანილი ნიკოლოზ მათიკაშვილის არქივის მიხედვით, რომელიც ქართული სამხედრო ისტორიის კვლევის საქმეში მნიშნელოვან ფურცელს წარმოადგენს. ნიკოლოზ მათიკაშვილის პირადი წერილების გარდა აქ შესულია მისი ნოველები, სტატიები, თარგმანები, მოხსენებები, მოგონებები და უმთავრესი მათ შორის – მიხეილ კვალიაშვილთან ერთად დაწერილი "იუნკრები". მოგონებებში აღწერილია იუნკერთა ცხოვრება და მათი სასახელო ბრძოლები 1921 წელს კოჯორსა და ტაბახმელაში, რუსეთთან დამარცხების მიზეზები; იუნკერთა შემდგომი ცხოვრება ემიგრაციაში, ჯერ ოსმალეთში, შემდეგ კი – საბერძნეთსა და პოლონეთში. ნიკოლოზ მათიკაშვილი საქართველოს სამჯერ ესტუმრა. პირველად გოგლა ლეონიძის დახმარებით ჩამოვიდა. შემდეგ კიდევ ორჯერ ეწვია ძმასა და ძმისწულს. მიცვალებული ნიკოლოზ მათიკაშვილის სასახლეზე ქართული დროშა იყო გადაფარებული. დაკრძალეს ვარშავის ბროდნოვსკის სასაფლაოზე. 2017 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში, დაბა პიასეჩნოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია სახლს, რომელშიც ნიკოლოზ მათიკაშვილი ცხოვრობდა. აღნიშნული სახლი და მიწის ნაკვეთი ნიკოლოზ მათიკაშვილის ქვრივმა ჰანა (ნინა) შოდე-მათიკაშვილმა 2007 წელს საჩუქრად გადასცა საქართველოს საელჩოს. 2011 წელს აქ საქართველო-პოლონეთის მეგობრობის სახლი, იგივე, "ქართული სახლი" და პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი დაფუძნდა. წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018.-გვ.126 (dspace.nplg.gov.ge); საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.462 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |