The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:1747
გარდაცვ. თარიღი:1817  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

მან წერა-კითხვა, ანგარიში, ლათინური ისწავლა გორის კათოლიკური ეკლესიის სკოლაში. ადრეულ ასაკში მოჰკიდა ხელი აღებ-მიცემობას და გამჭრიახი გონებისა და ნიჭის წყალობით კიდევ უფრო გააფართოვა მამის სავაჭრო საქმიანობა. ივანე თავდაპირველად ვაჭრობდა გორში, თბილისში, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა მხარეში, შემდეგ კი ქართული საქონლის გატანა დაიწყო უცხოეთის ქვეყნებშიც: ოსმალეთში, სპარსეთში, რუსეთში, საიდანაც შემოჰქონდა ის პროდუქტი, რაზედაც დიდი მოთხოვნილება იყო. ივანე მთელს საქართველოში ცნობილ პირად იქცა, დაუახლოვდა ქართლის სამეფო კარს; იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს; სამეგრელოს, გურიის, სვანეთისა და აფხაზეთის მთავრებს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა ივანეს ავტორიტეტი არა მხოლოდ დაგროვილი ქონების წყალობით, არამედ ჭეშმარიტი ვაჭარ-მრეწველისათვის დამახასიათებელი თვისებებით, საქმის ცოდნით (უტყუარი ალღოთი) და პატიოსანი პარტნიორობით. ყოველივე ამან ივანეს დამსახურებულად მოუპოვა კეთილსინდისიერი ვაჭრის სახელი, ხოლო შინაგანმა კეთილშობილებამ და უხვი მოწყალების გაღებამ ნაცნობ-მეგობართა წრეში იგი პატივსაცემ პიროვნებად აქცია. ივანემ ცოლად შეირთო გორელი ქალი ანასტასია (კათოლიკეთა ოჯახის ასული). საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, მათ ჰყოლიათ 10 შვილი (9 ვაჟი და ერთი ქალი). ამათგან რამდენიმე ადრეულ ასაკში გარდაცვლილა, ხოლო ანდრია, მიხეილი (მიქელი), გიორგი, სტეფანე, იაკობი და დავითი მეტ-ნაკლებად ცნობილი ყოფილან თავიანთი საქმიანობით, განათლებითა და ქველმოქმედებით. ივანეს ოჯახი იმ დროის საქართველოში ითვლებოდა სანაქებო ოჯახად. საგულისხმო ისიც, რომ ივანე და მისი ნათესავი ზუბალაშვილები საქვეყნო საქმეებში ყოველთვის ერთგულად ედგნენ გვერდით მეფეებს, მთავრებს; იმავდროულად პოლიტიკური ძნელბედობის ჟამსაც არ ივიწყებდნენ შრომელ ხალხს. ცნობილია, რომ ასპინძის ომში (1770) მეფე ერეკლეს სურსათით დახმარებიან ასპინძაში მცხოვრები ზუბალაშვილები (რომლებიც XVII საუკუნიდან გადასახლებულან ახალციხიდან), ხოლო, როცა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად თბილისის მოსახლეობა, განსაკუთრებით ღარიბობა, დიდ გაჭირვებაში ჩავარდა (მტერმა დაანგრია და გადაწვა საცხოვრებელი სახლებიც), გორსა და თბილისში მცხოვრები ზუბალაშვილები მოსახლეობას უხვად აწვდიდნენ პურს, ღვინოს, ფულს, სახლის ასაშენებელ მასალას და ა. შ. ამგვარი ქველმოქმედებით, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით ივანე ზუბალაშვილი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა ყველგან: სამეფო კარზე, ღარიბ მოსახლეობაში. 1770 წლიდან, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალთა შეთანხმებით, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ რუსეთში იმართებოდა "დიდი იარმარკა", სადაც რუს ვაჭრებს მიჰქონდათ თავიანთი საქონელი. ამ ბაზრობაზე საქართველოდანაც წარიგზავნებოდნენ ხოლმე ქართველი ვაჭრები ადგილობრივი ნაწარმით. ასეთი ბაზრობები ბუნებრივად აძლიერებდა ქვეყანაში ვაჭრობას, შესაბამისად კი ეკონომიკას. სწორედ ამიტომ მეფე ერეკლე ამგვარ სავაჭრო ურთიერთობას ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და ხელსაც უწყობდა ქართველ ვაჭრებს. ამ საქმეში მეფე ყველაზე მეტად ენდობოდა თურმე ივანესა და სხვა კათოლიკე ზუბალაშვილებს. საგულისხმოა, რომ ერეკლეს შემდეგაც საქართველოსა და თვით რუსეთშიც კარგად უწყოდნენ, რომ ზუბალაშვილები მეტად პატიოსანი, საქმიანი ვაჭრები იყვნენ, რის გამოც ისინი ყველგან და ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1800-იანი წლების დამდეგს თბილისის ცენტრში, შუა ბაზარში (ლესელიძის ქუჩის დასაწყისში), ზუბალაშვილებსა და ისარლიშვილებს თბილისის კათოლიკეთა ახალი ეკლესიისათვის შეუწირავთ ადგილი და დიდძალი თანხაც გაუღიათ მისი (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის) აგება-მოწყობისათვის (ივანეს რამდენიმე შთამომავალი ამ ეკლესიაში იყო დაკრძალული), XVIII საუკუნიდან ქუთაისში მრავლდებოდა ქართველ კათოლიკეთა რიცხვი (ისინი ძირითადად გადმოსახლებული იყვნენ ახალციხიდან, სადაც მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო არ ჰქონდათ ვაჭრობისა თუ, საერთოდ, ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. ქუთაისში კი ამ მხრივ შედარებით უკეთესი პირობები იყო). ამიტომ 1780-იანი წლებიდან აუცილებელი გამხდარა, მრავალრიცხოვან მრევლს ჰქონოდა საკუთარი ეკლესია. ადგილობრივი მრევლის ძალისხმევით 1785 წელს დაუწყიათ მშენებლობა პატარა ეკლესიისა, რომელიც მომდევნო წლებში რამდენჯერმე განუახლებიათ და გაუფართოებიათ, მაგრამ მოკლე ხანში არც ეს შენობა აღმოჩნდა თურმე საკმარისი და 1826 წელს ძველის საძირკველზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ეკლესიას. იგი საბოლოოდ დასრულებულა 1860  (სხვა ვერსიით 1862) წელს. იქიდან მოყოლებული XX საუკუნის 40-იან წლებამდე ქუთაისის ცენტრში, კათოლიკეთა უბანში, მოქმედებდა ფრანგების ეკლესიის სახელით ცნობილი ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის დიდებული ტაძარი და ემსახურებოდა დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებს (დღეს შენობა დაკავებული აქვთ მართლმადიდებლებს, ჰქვია ხარების ეკლესია). ქუთაისელ კათოლიკეებს ამ საქმეში ყოველთვის ედგენენ გვერდით თბილისელი და გორელი კათოლიკე ზუბალაშვილები. ცნობილია, რომ ჯერ ივანემ და მისმა ძმებმა, შემდეგ ივანეს შვილებმა რამდენჯერმე გაიღეს ქუთაისის ეკლესიისათვის უხვი შეწირულობა (ფულადი თანხა, ეკლესიისათვის საჭირო ნივთები). ზუბალაშვილები ხშირად გამოისყიდდნენ ხოლმე ყმებს მებატონეებისაგან და ათავისუფლებდნენ ან თუკი თვითონ აიყვანდნენ, კეთილსინდისიერად ექცეოდნენ, არასოდეს არ შეურაცხყოფდნენ მათს ღირსებას. "ზუბალაშვილთა ყმობას ღარიბი ხალხი ნატვრით ეძებდაო" (ზ. ჭიჭინაძე). წყაროებით ირკვევა, რომ უკვე XVIII საუკუნეშივე ქართლში, სამეფო კარზე, მოქალაქეთა შორის ყველაზე დაწინაურებული ყოფილა ზუბალაშვილთა გვარი. მაშინაც და მომდევნო პერიოდშიც ამ გვარის წარმომადგენლებს მიიჩნევდნენ საპატიო მოქალაქეებად არა მარტო ჩვენში, არამედ რუსეთის მთავრობის მაღალ წრეებშიც და ამ წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღოდა ივანესა და მის ოჯახს. ქველმოქმედი. ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილი.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.40-45 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: