The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზუბალაშვილი

დავით ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1950  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დავით ზუბალაშვილი დაიბადა ცნობილი მეურნისა და ვაჭრის ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი ოჯახში. დაამთავრა გორის სემინარია, შემდეგ  უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. დავითი კათოლიკე ზუბალაშვილთა გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. განათლებული, ნიჭიერი ფინანსისტი მალე იქცა ალღოიან, გონიერ კომერსანტად, ცნობილ პიროვნებად სამრეწველო კომპანიებში. გარდა ამისა, გამოირჩეოდა კეთილშობილებითა და ქველმოქმედებით, საქვეყნო ინტერესებზე ზრუნვითა და თანადგომით. დავითმა ადრეულ ასაკში დაიწყო კომერციული საქმიანობა. იგი უახლოესმა ნათესავმა სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა მიიწვია სამუშაოდ ბაქოს ნავთობსარეწების კანტორაში და მას შემდეგ ძმები ზუბალაშვილების გვერდით უშუალოდ მონაწილეობდა ბაქოს ნავთობის ბიზნესში, ხელმძღვანელობდა ზუბალაშვილების ნავთობკომპანიის ქიმიურ ლაბორატორიას, ფაქტობრივად იყო ნავთობის საბადოების საქმეთა მმართველი, წარმატებული ადმინისტრატორი. (ზუბალაშვილებმა ბაქოში მხოლოდ ერთი შენობა ააგეს ნიკოლაევსკის (ახლანდელი ალიევის) ქუჩაზე. პირველ სართულზე განთავსებული იყო კომპანიის კანტორა (ბუღალტერია, კანცელარია), ქიმიური ლაბორატორია (სადაც მუშაობდნენ გეოლოგები და ქიმიკოსები), სამედიცინო კაბინეტი და მუშათა სოციალური მომსახურების განყოფილება. მეორე სართულზე თვითონ ზუბალაშვილები ცხოვრობდნენ. ზუბალაშვილების ქონებიდან ბაქოში აშენებული სახლი ერთადერთია, რომელიც მათ საქართველოსათვის არ აუშენებიათ. ზუბალაშვილები ჭეშმარიტი პატრიოტები იყვნენ. ნავთობის საბადოებიდან შემოსული თანხებით ისინი საქართველოს მნიშვნელოვნად ეხმარებოდნენ. უცნაურია, მაგრამ ისტორიის კანონზომიერებით, ეს შენობაც საქართველოს საკუთრებად იქცა (ნ. ფრიდონაშვილი, გაზ. "ახალი თაობა", 2004, 20 დეკ.), როცა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ზუბალაშვილებს, როგორც "ხალხის მტრებს", ყვლაფერი ჩამოართვეს, მათ შორის, კომპანიის შენობაც, რომელიც მოგვიანებით ჰეიდარ ალიევმა დაუბრუნა ქართველ ხალხს საჩუქრის სახით (დღეს ამ შენობაში საქართველოს საელჩოა) მართალია, დავით ზუბალაშვილი ძირითადად ბაქოში ცხოვრობდა (ოჯახი კი  თბილისში), მაგრამ ყოველთვის იყო დაკავშირებული ქართულ სინამდვილესთან, ახლოს იცნობდ აქართველ ინტელიგენციას, საზოგადო მოღვაწეებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებს. იგი იყო ილია ჭავჭავაძის ერთგული მეგობარი და თანამოაზრე, ილიას მიერ დაარსებული სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრი. თანამედროვეთა შეფასებით: "დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი საუკეთესო ქართველი მამულიშვილია. იგი ისეთი ყმაწვილკაცთაგანია, რომლის მსგავსნიც ჩვენში იშვიათია" (ზ. ჭიჭინაძე). დავითი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ გაწეულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ყოველთვის იდგა ძმები ზუბალაშვილების გვერდით. თითქმის არ ყოფილა ფართო მასშტაბისა თუ კერძო ხასიათის რაიმე წამოწყება, რომ დავითს ფინანსურადაც არ მიეღოს მონაწილეობა (თბილისის საადგილმამულო ბანკის, უპოვართა სახლის, სასადილო "სამადლოს" დაარსება და შემდგომ მათზე მუდმივი შემწეობა-დახმარება, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებზე მზრუნველობა და ა. შ.). დავითი თავისი ახლო ნათესავების მსგავსად იყო ღრმად მორწმუნე ადამიანი: კეთილი, ღარიბთა გამკითხავი. იგი სახელოვნად აგრძელებდა მამა-პაპათა საქმიანობას ეკლესიების მზრუნველობის ასპექტითაც. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სოლოლაკის კათოლიკეთა სასაფლაოზე მდგარი ჯვართამაღლების პატარა ეკლესიის ფაქტობრივი პატრონი და მფარველი 1900-იანი წლებიდან მის დახურვამდე დავით ანტონის ძე ყოფილა. გარდა ამისა, იგი ითვლებოდა მიძინების ტაძრის სინოდის წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში. 1903 წელს დავითმა ბაქოს ნავთობსარეწების დასათვალიერებლად მიიწვია ილია ზურაბიშვილი. სტუმარი ყურადღებითა და ინტერესით გაეცნო ზუბალაშვილთა კომპანიის საქმიანობას და თავისი დიდი კმაყოფილება, საოცარი შთაბეჭდილება ქართველობასაც გაუზიარა "ივერიის" რამდენიმე ნომერში დაბეჭდილი სტატიებით. დავით ზუბალაშვილი ბაქოში მუშაობდა 1920 წლამდე (საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე). შემდეგ თბილისში დაბრუნდა, მაგრამ მალე, 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკებმა თბილისიც დაიკავეს და დაიწყეს მდიდრების (ვაჭარ-მრეწველების, კომერსანტების) მთლიანი ქონების "ნაციონალიზაცია", მათ რიცხვში მოხვდა დავითის ოჯახიც: ყოფილ მილიონერს ჩამოართვეს მთელი ქონება და მთავრობისათვის საშიშ პიროვნებადაც ჩათვალეს. დავით ზუბალაშვილი რომ იმთავითვე არ ემსხვერპლა საბჭოთა ხელისუფლებას და გადაურჩა დაპატიმრებასაც, ამ ფაქტს  ანასტასია ზუბალაშვილი იმით ხსნიდა, რომ  ჯერ ერთი, დავითი მთელს თბილისში აღიარებული იყო, როგორცს საუკეთესო ფინანსისტი, თავისი საქმის ჩინებული მცოდნე, რომელიც ახალ ხელისუფლებასაც უთუოდ დასჭირდებოდა და, მეორეც, შესაძლებელია, დავითი დაინდო თვითონ სტალინმაც (გორში მეზობლები იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ). მართლაც, დავითს ქალაქის ხელმძღვანელობამ მალე შესთავაზა სამსახური, მას  ჩააბარეს თბილისის კომუნალური ბანკის განყოფილება (იპოთეკურ ქონებას განაგებდა). ამ თანამდებობაზე იგი მუშაობდა წლების მანძილზე, პენსიაზე გასვლამდე. დავითის მეუღლე იყო ანა თუმანიშვილი, პროფესიით ექიმი, ცნობილი ქართველი კათოლიკე თავადის შთამომავალი. ჰყავდათ ორი შვილი: ანტონი და ანასტასია. ქველმოქმედი, მეცენატი, კომერსანტი (დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი).

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.177-180 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: