The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ღამბაშიძე

ვახტანგ ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1872
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1951  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კინლოხი, შოტლანდია
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია. სწავლის გარდა, ჟურნალ "მწყემსის" დაარსებიდანვე მამას საგამომცემლო საქმეში ეხმარებოდა. იცოდა ასოების აწყობა და ბეჭდვა. განათლების შემდეგი საფეხური ქუთაისის გიმნაზია იყო, მაგრამ წარჩინებული სწავლის მიუხედავად გიმნაზიიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი მისი ეროვნულ, საყმაწვილო გაზეთ "განთიადის" გამოცემაში მონაწილეობა გახდა. ვახტანგმა სწავლა თბილისის გიმნაზიაში დაასრულა და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა. იგი აქაც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, გაწევრიანებული იყო ინტერნაციონალურ წრეში, სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების ეს ჯგუფი მიზნად ისახავდა ერთმანეთისთვის თავიანთი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა "პოლიტიკურ ვითარებასთან შეფარდებით" გაეცნოთ. ვახტანგის მამა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე იყო ჟურნალ "მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი, რომელსაც იგი 27 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოსცემდა დაბა ყვირილაში. "დიდ დეკანოზს", როგორც მას თანამედროვეები ეძახდნენ, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სურვილი ჰქონია ექიმის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ პირადად გაბრიელ ეპისკოპოსს უთხოვია – განათლებული მღვდლები მჭირდებაო და ისიც ამ გზას დასდგომია. სანამ საგამომცემლო საქმეს შეუდგებოდა ხშირად თანამშრომლობდა "დროებასა" და სხვა გამოცემებთან, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვახტანგ ღამბაშიძემ 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, შემდეგ კი მამის რჩევით, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პარიზში, აქვე დაქორწინდა წარმოშობით ამერიკელ ვანდა ჰოპეზე, რომელიც 19 წლის ასაკში ჩავიდა საფრანგეთში და ფრანგული ენის პროფესორი გახდა. თბილისის უნივერსიტეტის  დაარსების შემდეგ იგი ივანე ჯავახიშვილმა ინგლისური ენის პედაგოგად  მიიწვია. ვანდა ჰოპე-ღამბაშიძე იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი პედაგოგი. 1898 წელს  ცოლ-ქმარი ზესტაფონში ჩავიდა. ვახტანგმა საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი შორაპნის მაზრაში, პარალელურად ეძებდა ადგილს თავისი მომავალი სანატორიუმისთვის. 1904  წელს მან მამასთან ერთად ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი "პატარა ცემი", სადაც 8–16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში, შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი. ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი - დეკანოზის უახლოესი მეგობარი და სულიერი შვილი, ვახტანგის უფროსი ქალიშვილის, მედეას ნათლია; ექიმი სამსონ თოფურია,  გივი და ალექსანდრე დიასამიძეები და სხვ. ამავე დროს ვახტანგ ღამბაშიძე პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელებას, მოსახლეობას განუმარტავდა ჯანმრთელობის რაობასა და ავადმყოფობის ნაირგვარობას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანაში ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. მისი მეუღლეც აქვე ასწავლიდა. მოხდა ისე, რომ სტუდენტის №1 ბილეთი მათ ქალიშვილ მედეას ხვდა წილად, თუმცა მას უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა. სამი წელი სწავლობდა, შემდეგ კი საქართველოში მე–11 არმია შემოვიდა და მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ვახტანგი იმ დროს კავკასიაში ყველა საკურორტო ზონას განაგებდა. მისთვის ნებართვა მიუციათ დიდ ბრიტანეთსა  და საფრანგეთში სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა. 1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე კონსტანტინოპოლში მეუღლესთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, საფრანგეთში ზოგიერთი ახლობლის ფინანსური დახმარებით კლინიკა გახსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. ამის მიუხედავად, იგი წლების მანძილზე მრავალ ქართველს მკურნალობდა უსასყიდლოდ. ვახტანგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. გარდა საექიმო პრაქტიკისა, აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: "ბედი ქართლისა", "კავკასიონი", "მერანი". ვახტანგ ღამბაშიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო. 19 წლის მანძილზე იგი სამჯერ ზედიზედ აირჩიეს ამ პოსტზე. მეორე მსოფლიო დროს მისი ინიციატივით ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად შეიქმნა ორგანიზაცია – "ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში", რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო ქართული კულტურისა და ენის მოამაგე. მის ბინაში იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ემიგრანტები და იმართებოდა საუბრები ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ, იკითხებოდა მოხსენებები და მოგონებები. 1950 წლის 19 ნოემბერს ვახტანგ ღამბაშიძე აირჩიეს "ქართული ეროვნული პოლიტიკური ცენტრის" საპატიო წევრად; იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთში არსებულ "ქართველთა პლურალისტურ ასოციაციას". მისი ინიციატივით ყოველი წლის 26 მაისს ქართველები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. მას დაუარსებია ქართული ბიბლიოთეკა, მონაწილეობდა კრებულ "მერანის" გამოცემაში, ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს სპორტული ასოციაცია "შევარდენის" და ქართული სასწავლებელის "კერას" შექმნაში, სადაც ემიგრანტთა ბავშვები კვირაში ორჯერ დადიოდნენ და სწავლობდნენ ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერასა და ისტორიას. ვახტანგ ღამბაშიძე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. აქ არის როგორც საოჯახო, ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ამსახველ ფოტოებს. გარდა სამხედრო აღლუმების, საზეიმო დემონსტრაციებისა და დამფუძნებელი კრების სხდომების ფოტოებისა, მას გადაღებული აქვს თურქეთში გამგზავრებული სამთავრობო დელეგაციები. იშვიათ ფოტოებზე ასახულია მატარებელი, რომლითაც თბილისიდან ბათუმამდე იმგზავრა ტრაპიზონის კონფერენციაზე მიმავალმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციამ 1918 წელს, ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში, იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება (ეს ადგილი დღეს არ არსებობს), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები, 1920 წელს ბრიტანელების სამხედრო აღლუმი ბათუმში, გიორგი მაჩაბელი გემბანზე, ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი და ენვერ ფაშა, საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულთა დაკრძალვა, 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა და პოლიტიკური შინაარსის სხვა მნიშვნელოვანი ამბები. საზოგადოებრივ მოვლენებს შორის, რომლებსაც ვახტანგ ღამბაშიძის სტერეოფოტოები გადმოცემენ არის არჩილ ჯორჯაძისა და კოტე მესხის დაკრძალვა თბილისში, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის, ნინა პოლტორაცკაიას დაკრძალვა საფრანგეთში 1931 წელს, ასევე ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღნიშვნა (გვირილობის დღესასწაული) თბილისის ქუჩებში, სპორტული საზოგადოება "შევარდენის" მიერ გამართული ღონისძიებები და სხვ. ვახტანგ ღამბაშიძის მდიდარი ფოტოკოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. იგი გარდაიცვალა შოტლანდიაში, კინლოხში. დაკრძალულია თავის ქალიშვილის ჟორჟეტასა და მისი მეუღლის ნილ სტუარტის მამულში. ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. ფილოსოფოს მედეა ღამბაშიძის მამა.

წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-300გვ. (archive.gov.ge)


გააზიარე: