The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ჯაბადარი

ილია ჯაბადარი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1982  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პერ-ლაშეზის სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:მთარგმნელი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტისა და რედაქტორ-გამომცემლის ალექსანდრე ჯაბადარისა და მანანა რცხილაძის ოჯახში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრემ ორი უფროსი ვაჟი, გიორგი და ერეკლე, კლასიკური განათლების მისაღებად ევროპაში გაგზავნა. 1902 წლიდან ისინი ბელგიაში ცხოვრობდნენ. ორი წლის შემდეგ მათ უმცროსი ძმებიც შეუერთდნენ დედასთან ერთად. მანანა რცხილაძე 1907  წელს გარდაიცვალა. იგი პარიზშია დაკრძალული. ძმები ძირითადად ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდნენ. გიორგი რეჟისორი გახდა, ერეკლე – კომპოზიტორი ვახტანგი მუსიკოსი, ილია  ქორეოგრაფი და იმპრესარიო, შოთა – ვიოლენჩელისტი და დირიჟორი. მენშევიკური მთავრობის დროს ილია ჯაბადარი სამშობლოში მოღვაწეობდა. იგი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. 1919-1921 წლებში სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ილია ჯაბადარი თავის წარმომადგენლად დანიშნა ბელგიაში. მან მნიშვნელოვანი ცნობები მოაგროვა საქართველოში არსებული შავი ქვის, მატყლისა და აბრეშუმის წარმოებაზე და მალე დაამყარა ურთიერთობები ცნობილ ფრანგულ ფირმებთან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ილია ჯაბადარი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. 1930–იან წლებში ილიამ და მისმა მეუღლემ სუზან ჯაბადარმა ფრანგულ ენაზე თარგმნეს ალექსანდრე მანველიშვილის მიერ შედგენილი საქართველოს ისტორია და გადამუშავებული წიგნი პარიზის წიგნთსაცავებს დაურიგეს. მეორე მსოფლიო ომამდე ილია ჯაბადარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურით იყო დაკავებული. რამდენიმე ანტიფაშისტური დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. გერმანელების მიერ პარიზის დაკავების შემდეგ ეს ფილმები გაანადგურეს, თვით რეჟისორი კი ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას. ჯერ კიდევ ბელგიაში სწავლის პერიოდში ილია ჯაბადარი მიხვდა, რომ ევროპაში ქართველებს არ იცნობდნენ და მათ რუსებად მოიხსენიებდნენ, როგორც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ყველა ერს. საქართველოს სახელისთვის მან მიზნად დაისახა ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია. 1949 წელს ილია ჯაბადარმა, პარიზში, იქაური ქართველებისაგან, ჩამოაყალიბა ქართული ცეკვის ამსამბლი "ქართული ბალეტი", რომელმაც ათი წლის განმავლობაში ტრიუმფით შემოიარა ევროპის ყველა დიდი ქალაქის საკონცერტო დარბაზები. ქართული ცეკვების მომზადება ილიამ ორ ქართველს შესთავაზა: ალექსანდრე პეტრიაშვილს, რომელიც გურჯის სახელით გამოდიოდა და სერგო კოხრეიძეს, რომლის ფსევდონიმი იყო "იანეთელი". თითოეულმა ოთხი ცეკვა მოამზადა, შესვენებები კი ერეკლე ჯაბადარის სიმფონიური მუსიკით შესავსეს. მაყურებელი ერთდროულად ეცნობოდა ქართულ ხალხურ და სიმფონიურ მუსიკას. ჟურნალი "ბედი ქართლისა", 1953 წლის აპრილის ნომერში წერდა: "ბატონი ილია ჯაბადარის ქართული ცეკვების ბალეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ცეკვების უცხოეთში გამოტანა არის ერთი უდიდესი საშუალება ჩვენი კულტურის პროპაგანდისა. მადლობასთან ერთად ბატონი ილია ჯაბადარი ღირსია ჯეროვანი ყურადღების და დახმარებისა ქართველი საზოგადოების მხრივ, მისთვის ამ მძიმე პირობებში უსასყიდლოდ, ასეთი უანგარო კულტურული მოღვაწეობისათვის". ათწლიანი წარმატებული გამოსვლების შემდეგ 1960 წლისთვის "ქართულმა ბალეტმა" არსებობა შეწყვიტა. 1950–იან წლებში ილია ჯაბადარი შედიოდა პარიზში გამომავალი ქართულენოვანი ჟურნალის "თავისუფალი ტრიბუნის" გამომცემელთა ჯგუფში. 1960–იანი წლებიდან ილია ჯაბადარი მთელ ევროპაში ცნობილი იმპრესარიო გახდა და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მის სახელთანაა დაკავშირებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, ანსამბლ "რუსთავის" და სხვა ქართული ანსამბლებისა თუ ჯგუფების საგასტროლო მოგზაურობები მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ არ განხორციელებულა რაიმე კულტურული ღონისძიება, რომელშიც ილია ჯაბადარს არ მიეღო აქტიური მონაწილეობა. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთის ქართველობასთანაც, განსაკუთრებით აჰმედ მელაშვილთან. აჰმედი წერილებში ილია ჯაბადარს მოიხსენიებს, როგორც ბიძას. თავის მხრივ ილიასაც მასთან მამა-შვილური დამოკიდებულება ჰქონდა. უაღრესად თბილი დახვედრა ჰქონდათ 1965 წელს ილიასა და მის მეუღლეს თურქეთის ქართულ სოფლებში. მოგზაურობის დროს ხდებოდა იქაური სიმღერების, ხალხური გამონათქვამების, ლეგენდების ჩაწერა. პარიზში დაბრუნებულმა ილია ჯაბადარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თურქი ქართველებისთვის ქართული ნაციონალური ანსამბლის კონცერტი ეჩვენებინა. კონცერტმა ტრიუმფით ჩაიარა. 1964 წლის შემდეგ ილია ჯაბადარი რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. 1977 წელს მან აღასრულა ერეკლე ჯაბადარის ანდერძი, მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენა და დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარა. ილია ჯაბადარი გარდაიცვალა პარიზში. იმპრესარიო, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: პარიზელი ქართველის ილია ჯაბადარის ურთიერთობა აჰმედ მელაშვილსა და თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირ ქართველებთან : (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით) / თინათინ ჯაბადარი // სამხრეთ-დასავლეთ საქართველო : ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია. - თბ., 2012. -  N 2, – გვ. 113–120; ქართული ბალეტი – პარიზის ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი : (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტური მასალის მიხედვით) / თინათინ ჯაბადარი // არხეიონი = Archeion. - ბათუმი, 2016.– N 10.– გვ. 60–65


გააზიარე: