შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ I (მეფე)![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფე 1752-1784 წლებში. ალექსანდრე V-ის ძე. სოლომონ I-ის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის მოსპობა და ოსმალთა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლება. მეფის ამ გეგმებს ვერ ურიგდებოდნენ დიდი თაავადები, როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ 1752 წელს იგი იმერეთიდან გააძევეს, მაგრამ 1753 წელს სოლომონ I-მა მოახერხა ტახტის დაბრუნება. ოდიშის მთავრის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იგი გაეყარა თავის პირველ ცოლს და ოტია დადიანის ასულ მარიამზე იქორწინა. მეფემ შემოიკრიბა დიდი თავადების მიერ შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები. მას მხარს უჭერდა ეკლესია და წვრილი აზნაურობა. სოლომონმა გლეხობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლა სამეფო გადასახადისაგან და მისი მხარდაჭერაც მოიპოვა. მან აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, ამის გამო ოსმალებმა კავშირი შეკრეს ქართველ თავადთა ერთ ჯგუფთან და იმერეთზე გაილაშქრეს. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში სოლომონ I-მა დაამარცხა მტერი და ამ ბრძოლაში დაღუპული ლევან აბაშიძის მამული სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. ამავე წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში სამხედრო დახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომონ I-ის ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდა. 1759 წლის დეკემბერში, სოლომონ I-ის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო და საერო კრებებზე იმერეთის, ოდიშისა და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. გაძლიერებული სოლომონ I-ის დასამორჩილებლად ოსმალებმა 1760 წლიდან არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს. 1760-1763წწ. მეფემ სამჯერ დაამარცხა ოსმალები. 1765 წელს კი ოსმალებმა გაიმარჯვეს. 1768 წელს, ჩხართან ბრძოლის შემდეგ, სოლომონ I-მა დაიბრუნა ისევ ტახტი. 1769 წლის სექტემბერში სოლომონ I-მა ფიცით მინდობილი როსტომ რაჭის ერისთავი ოჯახიანად შეიპყრო; ერისთავსა და მის შვილებს თვალები დასთხარა, ყმა-მამული ჩამოართვა და რაჭის საერისთავო გააუქმა. რაჭის ერისთავების სამფლობელო სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. 1768 წლის 23 იანვარს სოლომონმა პეტერბურგში ელჩად გაგზავნა მაქსიმე ქუთათელი (აბაშიძე) და მფარველობა და ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. რუსეთის მთავრობამ სოლომონ I-ს ერეკლე II-თან ერთად დახმარება აღუთქვა. 1769 წლის ბოლოს გენერალი გ. ტოტლებენი იმერეთში შევიდა. მისი დახმარებით სოლომონმა ოსმალთაგან გაათავისუფლა ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის ციხეები და თვით ქ. ქუთაისი. ამის შემდეგ მან 1771 წელს თურქოფილი გიორგი V გურიელი გადააყენა და მთავრად მისი ძმა, მამია IV დასვა. 1774 წლის 10 ნოემბერს სოლომონ I-მა იმპერატორ ეკატერინე II-ს იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამაზე უარით უპასუხა, რადგან ამ დროს ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება უკვე დადებული იყო და რუსეთის მთავრობამ ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდა. სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში გააერთიანა ქუთაისის მოურავისა და სარდალბოქაულთუხუცესის სახელო. სოლომონ I-ის ცენტრალისტულმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 1788 წელს მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და მისი მემკვიდრის - ალექსანდრეს გამეფება. მეფემ შეთქმულები დაამარცხა და მკაცრად დასაჯა. 1760-იან წლებში კაცია II დადიანმა იმერეთის მეფის სუვერენიტეტი აღიარა. სოლომონისგან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით ოსმალები 1779 წლის მიწურულს თავს დაესხნენ ოდიშს. სოლომონ მეფე მიეშველა დადიანს. იმერეთისა და სამეგრელოს ლაშქარმა რუხის ბრძოლაში 1779 წელს, დაამარცხა მტერი. ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონმა რამდენჯერმე ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 წლის მარტში მისმა დამარცხებამ ქვემო გურიის განთავისუფლების გეგმა ჩაშლა. ამის შემდეგ სოლომონ I მალე გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.457
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |