The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნატროშვილი

მიხეილ ნატროშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:2000  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

მიხეილ ნატროშვილმა ელემეტარული განათლება "წერკუმსზე" (წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო კურსები) მიიღო და ომიანობის გამო საბუღალტრო კურსებზე სწავლა ვეღარ გააგრძელა. იგი სიყრმიდანვე ჩაება მძიმე შრომაში. წლების განმავლობაში მოჯამაგირედ იდგა სხვადასხვა სოფლებში და თავისი წვლილი შეჰქონდა დიდი ოჯახის შენახვაში. 1920-იანი წლების ბოლოს სოფლების ცხოვრება დამძიმდა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინა "დიდი რეფორმა"- მცირე კერძო მეურნეობები იძულებით გაეერთიანებინა და შეექმნა კოლმეურნეობები (კოლექტიური მეურნეობები). კოლექტივიზაციის პირველ ეტაპს სოფლები სასტიკი პროტესტი, წინააღმდეგობა და დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ცოტა ხნით უკან დაეხია. თავის მოგონებებში მიხეილ ნატროშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ აირია სოფელი იმ დროს და როგორ გამოეცხადა მათ უხუცესი ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე, რომელიც კულაკების ყოფილი სახლის აივნიდან ცდილობდა საზოგადოების დამშვიდებას. 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი საბჭოთა საქართველოში მისი ოჯახის მდგომარეობაც ძირეულად შეიცვალა: მენშევიკი მამა იძულებული გახდა, თბილისში საქონლის სასაკლაოზე სამსახურისთვის თავი დაენებებინა და სოფელს დაბრუნებოდა. 1941 წელს კი საბჭოთა კავშირის მოქალაქე, 26 წლის მიხეილ ნატროშვილი გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის რიგებში. 1941 წლის 21 ივნისს ნაცისტური გერმანიის ჯარებმა გადმოლახეს საბჭოთა კავშირის საზღვრები. სსრკ ოფიციალურად ჩაება გერმანიასთან ომში. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი მობილიზაცია. ბევრი ახალგაზრდა მოხალისედ ჩაეწერა. ბევრს კი "საჭირო" კონტაქტები აღმოაჩნდა და ომში წასვლას თავი აარიდა. მიხეილ ნატროშვილი არც მოხალისე ყოფილა და არც ამ საჭირო ნაცნობობაზე მიუწვდებოდა ხელი. ის უბრალოდ ჯარში გაიწვიეს. აქედან იწყება მისი ხანგრძლივი თავგადასავალი. მემუარებში ის დეტალურად აღწერს ყველაფერს, რაც კი მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო; საბჭოთა ჯარის ყოფას, დისციპლინას, კვებას, მისი შენაერთების გადაადგილებას, ბრძოლებში მიღებულ დანკარგებს, ეკიპირების ხარისხს, ქართველთა შორის რუსული ენის ცოდნის დონეს, საბჭოთა არმიაში ნაციონალურ დივიზიების შექმნის მიზეზებს და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების დროს მიხეილ ნატროშვილი ტყვედ ჩავარდა. სხვა ჯარისკაცების უზარმაზარ მასასთან ერთად გერმანელებს იგი ერთი ბანაკიდან მეორეში გადაჰყავდათ. გეორგიევსკის ბანაკებში ის ნაცისტების მხარეს "გადაიბირეს". მან სამხედრო სამსახური გააგრძელა გერმანიის არმიაში შემავალ ქართულ ბატალიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებისგან იყო დაკომპლექტებული. თავდაპირველად გერმანულმა ჯარებმა თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ სტალინგრადის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, 1943 წელს დაიწყო გერმანელების დიდი უკან დახევა. მიხეილ ნატროშვილმა მათთან ერთად დატოვა ჯერ კავკასია, შემდეგ ყირიმის ნახევაკუნძული და ბოლოს საბჭოთა კავშირის საზღვრები. ამის შმდეგ მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღია. სხვა ქართველი ჯარისკაცების ნაწილთან ერთად იგი გადაიყვანეს საფრანგეთში, სადაც გერმანული არმიის მომარაგების სამსახურში გაანაწილეს. მიხეილი ომის მსვლელობისას ერთხელ დაიჭრა, მეორედ მიღებული მძიმე ჭრილობის გამო კი კარგა ხანს მოუწია ჰოსპიტალში ყოფნა. ომის მიმდინარეობისას მან მთელი ევროპა მოიარა. ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების უმეტესობა საკუთარ სახლში დაბრუნდა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ასე არ ფიქრობდა - "სამშობლოს ღალატი" და მტრის არმიაში სამსახური ყოფილ ტყვეებს მძიმე შომით უნდა გამოესყიდათ შორეულ აღმოსავლეთში. ასე რომ, შინ მიმავალი მიხელ ნატროშვილი რუმინეთ-მოლდავეთის საზღვარზე გადმოსვლისას ქიზიყის ნაცვლად იაპონიის საზღვრებისკენ მიმავალ გზას გაუყენეს. ის სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად კუნძულ სახალინზე გადაასახლეს, სადაც ოქროს მომპოვებელ მაღაროებში მუშაობდა. მიხეილი გადასახლებიდან შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა სახში. მას კიდევ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა, რომ ოჯახი კვლავ ფეხზე დაეყენებინა. მემუარების წერა კი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაიწყო. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ იგი დიდხანს ერდა, წითელმელნიან კალამს ლურჯით ანაცვლებდა და ასე ნელ-ნელა იხსენებდა თავის განვლილ გზას. მისი მოგონებები არ არის გამართული სალიტერატურო ქართულით დაწერილი. იგი ყველაფერს ქიზიყურ კილოზე წერს, ამ მემუარებში არამარტო ერთი ადამიანის მეხსიერებაში შემონახული მის თვალწინ მომხდარი პოლიტიკური და სოციალური მოვლენებია დაცული, არამედ აქ უნიკალური ენობრივი მასალაცაა დაფიქსირებული, რაც ძვირფასი წყაროა  ქიზიყური დიალექტის შემსწავლელთათვის.

წყარო: ჩემი თავგადასავალი / მიხეილ ნატროშვილი.-თბ.,2017.-144გვ.( scribd.com)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: