The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია კარბელაშვილი

ანდრია კარბელაშვილი
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1924  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

1867 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1870 წ. თავისი თხოვნით, მესამე კლასიდან თავი დაანება სწავლას და ქვემო ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1878 წელს იგი დიაკვნად აკურთხეს. 1885 წლის 12 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ ახალქალაქის თარხან-მოურავების წმინდა დავით გარეჯელის სახელობის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1888 წლის 29 მარტს მღვდელი ანდრია დუშეთის მაზრაში, მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889 წელს მუხრანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1903 წლის 17 სექტემბერს ქვემო ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს, სადაც გარდაცვალებამდე იმსახურა. დეკანოზი ანდრია ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო: 1895 წელს საგვერდულით, 1900 წელს სკუფიით, 1912 წელს კამილავკით, 1916 წლის ივნისში – სამკერდე ოქროს ჯვრით. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მიიღო დეკანოზის წოდება. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე, დაიწყო სამღდელოების შევიწროება და დევნა. ამ დევნის მსხვერპლი გახდა ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის კარბელაშვილების ცნობილი ოჯახი, რომელშიც რამდენიმე სასულიერო პირი იყო. მღვდელმსახურების შეწყვეტა მოთხოვეს ანდრიასაც, მაგრამ ის განაგრძობდა მსახურებას. სოფელ ჭალაში იყო თავად ამილახვართა რეზიდენცია, რომელსაც ახალი ხელისუფალნი უმოწყალოდ ძარცვავდნენ. ანდრია დიდი რისკის ფასად იცავდა ამილახვართა ქონებასაც და სასახლესაც. მან გადაარჩინა ბევრი ისტორიული ნივთი და ხელნაწერი, რომელიც შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების შემდეგ ანდრიას მოუვიდა ცნობა, რომ სოფელ მუხრანში დააპატიმრეს მისი უმცროსი ძმა მღვდელი პეტრე კარბელაშვილი. ანდრია მაშინვე გაეშურა ძმის საძებნელად. მან ძმას და სხვა დაპატიმრებულებს მუხრანში მიუსწრო, ისინი უშიშროების თანამშრომლებმა და ბადრაგმა გორისაკენ წაიყვანეს, თითქოსდა მათი ბრალეულობის გასარკვევად. მათ გაჰყვა ანდრიაც. აღმოჩნდა, რომ "ჩეკას" თანამშრომლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დაპატიმრებულთა ლიკვიდაცია, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. მდინარე ტორტლასთან, ტირიფონის ველზე მათ ცეცხლი გაუხსნეს პატიმრებს და გვამები მიატოვეს. დილით ახლო მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა გათხარეს საერთო საფლავი და მიწას მიაბარეს 24 დახვრეტილის გვამი. მათ შორის იყვნენ ანდრია და მისი ძმა პეტრე. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ კი ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე  6 სექტემბერი დააწესა.

წყარო: ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge



გააზიარე: