შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათიკო მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, ომის ბოლოს მიენიჭა მეფის არმიის არტილერიის კაპიტნის სამხედრო წოდება. 1918 წლიდან დავით მაჭავარიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. იმავე წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი. ჯერ კიდევ 1917 წელს იქნა არჩეული "საქართველოს მხედართა კავშირის" წევრად. 1918-1921 წლებში დათიკო მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ. 1919-1921 წლებში იყო თბილისის ქართული სამხედრო სკოლის (იგივე იუნკერთა სკოლის) სამწყობრო ნაწილის ნაცვალთა (უნტეროფიცერთა) ათასეულის პირველი ასეულის უფროსი (ამის შესახებ თავის მოგონებებში "სამხედრო სკოლა" მიუთითებს სკოლის ყოფილი უფროსი, შემდგომში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე). 1921 წელს დავით მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან XI წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობები მათი თავგანწირული, გმირული ბრძოლის შესახებ შემონახულია იმდროინდელ ჟურნალ–გაზეთებში: "საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკა", "მხედარი". რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობა მან ბათუმამდე გააცილა, თვითონ გემზე ასვლას არ აპირებდა. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ეს რომ შეიტყო, გემიდან კატერი გამოუგზავნა: "მაჭავარიანი აქ მომგვარეთ, მაგას ხომ პირველივე დღეს დახვრეტენო!" ემიგრაციაში დათიკო მაჭავარიანი პოლონეთში, ქ. ვილნოში (ვილნიუსი მაშინ პოლონეთს ეკუთვნოდა) ფრიად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. ყველაფრის მიუხედავად, ცოლ–შვილის მოსანახულებლად ძალისხმევას არ იშურებდა და 1927 წელს მაქსიმ გორკის ქალიშვილის დახმარებით ისინი მოსკოვში ნახა, თუმცა მათი წაყვანა ვერ მოახერხა. 1920-იანი წლების ბოლომდე დავით მაჭავარიანი მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში. მიენიჭა ჯერ კაპიტნის, შემდეგ მაიორის წოდება. მიღებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო. პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში. დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე, ლიეტუვას თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად. მისი საფლავის კვარცხლბეკზე დგას შავი გრანიტის ჯვარი პოლონური ოქროსასოებიანი წარწერით: "დათიკო მაჭავარიანი, დაბადებული თბილისში 1-V-1892 საქართველოს თავისუფლებისათვის ომის მონაწილე კაპიტანი. 23 ივნისი 1932 წ.". მოგვიანებით საქართველოს საელჩომ დათიკო მაჭავარიანის საფლავს ქართული წარწერაც გაუკეთა. წყარო: ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი) : პროგრამა და მასალების კრებული; სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი (2012 : ჭიათურა)- თბ.,ჭიათურა, 2012. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |