შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზუბადალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი (მაშინდელი სიღნარის მაზრა), დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1939 წელს. მუშაობდა სოფელ ტიბაანში საექიმო უბნის გამგედ. საბჭოთა კავშირ–ფინეთის ომი დაწყების დროს ახალგაზრდა ექიმი ჯარში გაიწვიეს, თუმცა ომის დამთავრებამდე მისი ნაწილი ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, ქალაქ გროდნოში გადაისროლეს. იგი მედსანნაწილის უფროსად დანიშნეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ჯერ სულავკის ბანაკში იჯდა, მერე – ვუსტრავში. ვუსტრავის ბანაკს საქართველოს გასაბჭოებისას გაქცეული ქართველი ემიგრანტები ესტუმრნენ; ექიმი ქრისტინე (ბადუ) წულუკიძე, სოციალ-დემოკრატ მიხეილ წულუკიძის ცოლი და გოგი მაღალაშვილი. შემდეგ ბანაკის უფროსთან დაიბარეს, ტანსაცმელი და საბუთები მისცეს და ბერლინში წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ბერლინელ ქართველებს გიორგი ორგანიზაცია "თეთრ გიორგიში" გაეწევრებინათ – სხვაგვარად ბანაკიდან ვერ დაიხსნიდნენ. ამ ორგანიზაციის წევრებს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანელების დახმარებით დაამხობდნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებას. გიორგი პოლიტიკისგან შორს იყო, თუმცა მოგვიანებით "თეთრი გიორგის" წევრობა არასაიმედო პოლიტიკურ წარსულად ექცა. ბადუ წულუკიძისა და ეკატერინე გაბაშვილის შვილის, რევაზ გაბაშვილის, რეკომენდაციით გიორგი ზუბადალაშვილმა ბერლინის პათანატომიის ინსტიტუტში, პროფესორ როსლესთან დაიწყო მუშაობა. თავი მალე გამოიჩინა, სრულყოფილად შეისწავლა გერმანული ენა და მალე გერმანელ სტუდენტებს უტარებდა მეცადინეობებს. ექვსი თვის თავზე გიორგი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში მიიწვიეს პროფესორ პაულ როსტოკის ასისტენტად, მუშაობდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში. შემდეგ ოდერის ფრანკფურტში გადაიყვანეს ქირურგად. 1945 წლის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში, მომდევნო წლის იანვარში კი დააპატიმრეს და როგორც მოღალატეს, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადასახლებაში სადგურ ჩუნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე იყო. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს, იგი სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ დანიშნეს; შემდეგ მუშაობდა ბორჯომის საავადმყოფოშიც; ატარებდა გულმკერდის, მუცლის ღრუს, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ, ტრავმატოლოგიურ ოპერაციებს; ბეჭდავდა სტატიებს როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო ჟურნალებში, მონაწილეობდა ქირურგთა ყველა საკავშირო ყრილობაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა გასტროეიუნოპლასტიკის საკითხებზე. გიორგი ზუბადალაშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა, იყო არაერთი საზოგადოების წევრი თუ თავმჯდომარე, მრავალი საპატიო სიგელისა და მედლის მფლობელი, ხელმძღვანელობდა ბორჯომის სახალხო უნივერსიტეტსაც. წყარო: "თეთრი გიორგის" წევრობა არასაიმედო პოლიტიკურ წარსულად ექცა... / ლელა ჩხარტიშვილი // კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი.- თბილისი, 2021.- 29 ივლისი - 25 აგვისტო.- N 8 (391).- გვ. 49-50; გიორგი ზუბადალაშვილი : "მხოლოდ ექიმობამ გადამარჩინა" : ბრწყინვალე ქირურგი, რომელმაც სამშობლო ვერ დათმო / ხუტა პაჭკორია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი .- თბილისი, 2018. N 4 (154).- გვ.66-68(aversi.ge) ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |