The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით საღირაშვილი

დავით საღირაშვილი
სხვა სახელი:დ. თბილისელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1962  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ახალგაზრდობიდანვე ჩაბმული იყო მუშათა მოძრაობაში, როგორც მოხალისე მონაწილეობდა 1909-1910 წლების ირანის რევოლუციაში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1913 წელს პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და კვლავ ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. ვლ. ახმეტელთან და ლ. დარჩიაშვილთან ერთად დააარსა სოციალ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთი "ფიქრი" (1913-1914). 1914 წელს კვლავ დააპატიმრეს და მალევე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაასახლეს ხარკოვში, სადაც ხარკოვის უნივერსიტეტის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 1915 წელს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს და გაასახლეს ჯერ ბელგოროდში, შემდეგ ცარიცინში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ცარიცინის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად (მეთაურის მოადგილე). 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა. 1921 წელს საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ დავით საღირაშვილი ემიგრაციაში არ წასულა. საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გადაასახლა. 1927 წლიდან იყო უპარტიო. ემიგრაციაში ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. წერდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. იყო 1923 წელს ბერლინში გამოცემულ ჟურნალ "საქართველოს მოამბის" ტექნიკური რედაქტორი. II მსოფლიო ომის შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა ავსტრიაში, იტალიასა და ესპანეთში. 1937-1939 წლებში იყო ჰაიდარ ბამატის "კავკასიის" ჯგუფის აქტიური წევრი, 1957-1958 წლებში მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". 2013 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, დავით საღირაშვილის არქივი. ეს კოლექცია მოიცავს არქივში დაცული ნაშრომების, მოგონებების, წერილების, ფოტოებისა და ნახატების ციფრულ ასლებს. "As the daughter of David Sagirashvili I have the honor and great pleasure to entrust the manuscripts and archive of my father, David Sagirashvili, both published and unpublished to the National Parliamentary Library in Tbilisi. May they be instrumental in preserving the intellectual Georgian National Heritage, for which he engaged himself at home and abroad, in exile. May they also enrich the modern history of his Land, for which he had fought since 1917 and thereafter till his end in 1962. It may be well said that he answered the momentous call by John F. Kennedy: "Ask not what your country can do for you but what you can do for your country. Etheri De Lon-Sagirashvili" ("ჩემთვის, დავით საღირაშვილის ქალიშვილისთვის, უდიდესი პატივია საკუთარი მამის არქივი და ხელნაწერები, გამოქვეყნებულიც და გამოუქვეყნებელიც, გადავცე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თბილისში. დაე, ამ არქივმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქართული ეროვნულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში, რასაც მამამ სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოშიც და ემიგრაციაშიც. დაე, შეივსოს თანამედროვე ისტორია მიწაწყლისა, რომლისთვისაც ის იბრძოდა 1917 წლიდან და შემდეგ – უცხოეთში, გარდაცვალებამდე. შეიძლება ითქვას, ეს არის გამოეხმაურება ჯონ კენედის მნიშვნელოვან მოწოდებაზე: "ნუ კითხულობ, თუ რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანას შენთვის, არამედ იკითხე, თუ რა შეგიძლია შენ გააკეთო შენი ქვეყნისთვის. ეთერ საღირაშვილი-დე ლონ"). სიცოცხლის ბოლო წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ცოლად ჰყავდა წარმოშობით ფინელი ალმა საირანენი. გარდაიცვალა ვაშინგტონში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია / გურამ შარაძე.-ტ.1.-თბ.,2001.-გვ.630-632; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: (dspace.nplg.gov.ge); საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.118 (dspace.nplg.gov.ge)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: