The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ხაინდრავა

ნუგზარ ხაინდრავა
დაბადების თარიღი:1942
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1991  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მან გამოავლინა კუჭის გლუვი კუნთების კუმშვადი ცილების – აქტინისა და მიოზინის  სინთეზის დაქვეითება პილოროსტენოზით გართულებული წყლულოვანი დაავადების დროს. განაგრძო კუჭის კუმშვადობის, კუჭის ევაკუაციური ფუნქციის კვლევა და დაადგინა, რომ წყლულის, გასტრიტისა და ზოგიერთი სხვა პათოლოგიის დროს ეს ფუნქცია დარღვეულია, რის გამოც კუჭში დიდხანს რჩება საკვები, წარმოიშობა სიმძიმე, დისკომფორტი და სხვ. ნუგზარ ხაინდრავამ დაამტკიცა, რომ ამის მიზეზი აქტინისა და მიოზინის სინთეზის შემცირება იყო. ეს იყო მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური შრომა. გარდა ამისა, ნუგზარ ხაინდრავამ გელ-ელექტროფორეზის მეთოდით შეისწავლა კუჭის, პანკრეასისა და წვრილი ნაწლავის ფერმენტების სპექტრი, ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის ორგანოსპეციფიკური ატეფაზების აქტივობა. 40-50 წლის წინ ყველას, განსაკუთრებით კი სპორტსმენებს, კუნთოვანი ძალის მოსამატებლად ატფ-ს უკეთებდნენ. მან დაამტკიცა, რომ ატფ-ს შეყვანას არავითარი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან ის ორგანიზმში მოხვედრისთანავე იშლება. მის თეორიას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ვინაიდან ამ საკითხზე ზოგს დისერტაციაც კი ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ნუგზარ ხაინდრავამ ექსპერიმენტებით დაადასტურა თავისი თეორიის სისწორე. გამოიკვლია აგრეთვე ორატომიანი შაქრების, დისაქარიდების, მოქმედებაც. წვრილი ნაწლავისა და პანკრეასის წვენში მან პირველმა განსაზღვრა დისაქარიდაზული ფერმენტები, რომლებიც მანამდე მხოლოდ წვრილი ნაწლავის ლორწოვანის კედელში თუ გამოვლინდებოდა. ამით გადაიჭრა მანამდე მოუგვარებელი ურთულესი პრობლემა – ალიმენტური ტრაქტის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და პათოლოგიური პროცესის ხასიათის (ანთების, წყლულისა თუ სიმსივნის) დადგენა. თავისი ფუნდამენტური გამოკვლევების მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების გამოქვეყნება მოასწრო თეზისების სახით, ამ ნაშრომებმა ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ მოსკოვსა თუ ლენინგრადში, არამედ ევროპაშიც. ამის შემდეგ მას ხშირად იწვევდნენ კონფერენციებსა და კონგრესებზე. გასტროენტეროლოგი, კლინიცისტი.

წყარო: ნიჭი, მეცნიერებაში განფენილი / ხუტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2016.- N 10 (138).- გვ. 64–65 ( aversi.ge)


გააზიარე: