Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ კვიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ველევი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ოფიცერთა და სამხედრო სადაზვერვო-საინფორმაციო სკოლა. მერაბ (ნიკო) კვიტაშვილის ოჯახი ლონდონში 1919 წელს გადასახლდა და გვარად "კეი" მიიღო, მან დიდი ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში იმუშავა და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ის აფრიკაში, განაში, ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა; მაშინვე მიიღო ბრიტანეთის ქვეშევრდომობა და არმიაში ჩაირიცხა; ჩრდილო აფრიკაში ორი წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობდა; რამდენიმეჯერ დაიჭრა, მათ შორის, ერთხელ – თავში და დროებით მხედველობაც დაკარგა; მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით; გენერლის ხარისხზეც წარადგინეს, მაგრამ ომის დამთავრების გამო ჩინის მიღება ვერ მოასწრო; ომის დროს თავი გამოიჩინა დიპლომატიური გამჭრიახობით და მერაბ კვიტაშვილი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა საბჭოთა კავშირის საკითხებში; 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. ერთ-ერთ სამთავრობო წვეულებაზე, რომელსაც მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის ყველა გამოჩენილი ლიდერი, მათ შორის სტალინი და ჩერჩილი ესწრებოდა, მთელ ამ ელიტას სამი ქართველი იცავდა: დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან კაპიტანი მერაბ კვიტაშვილი და საბჭოთა მხრიდან გენერლები- წერეთელი და ნაჭყებია. სადილის განმავლობაში მათ ხელში იყო მსოფლიოს ბედი. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მათ არ ამოწმებდნენ და არ გაუჭირდებოდათ, აეფეთქებინათ ძლიერი ყუმბარა. "ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"-აღნიშნავს მოგონებებში მერაბ კვიტაშვილი. მისი ბიოგრაფიით ერთხელ ლავრენტი ბერია დაინტერესდა, პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა და მეორე დღეს უკვე იცოდა, თუ ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. შემდგომში ორჯერ მოუწყო ბერიამ კვიტაშვილს თავდასხმა და სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. საბოლოოდ, სპარსეთში ბრიტანეთის ელჩმა და სამხედრო ატაშემ საბჭოთა საელჩოს პასუხიმგებელ წარმომადგენლებს მკაცრად მოსთხოვეს თავი დაენებებინათ ნიკოლას კეისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს საბჭოთა აგენტებმა მისი თვალთვალი. ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1951 წელს მერაბ კვიტაშვილი პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. 1952 წელს ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. მუშაობდა ფსევდინიმით "ნიკო რაჭველი". იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი. 1963 წელს იგი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: მერაბ კვიტაშვილი / რუსუდან დაუშვილი // რაჭველები. - თბილისი, 2012. - 1 მარტი - 1 აპრილი. - N14(30). - გვ.30-31; მერაბ კვიტაშვილი / რუსუდან დაუშვილი // პრაიმტაიმი .- თბილისი, 2012 .- 6 თებერვალი.- N5.- გვ.50-51; ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ლიტერატურული ურთიერთობები : ამერიკის შესწავლის საკითხისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები / რუსუდან დაუშვილი .- ქუთაისი, 2004.- გვ. 147-160; საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "თბილისელები" (tbiliselebi.ge); საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 16-17 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |