The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ მოლაშხია

ზაურ მოლაშხია
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1946
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 2021  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (საქართველოს ისტორიის სპეციალობით) 1970 წელს.

უნივერსიტეტის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით ზ. მოლაშხია დატოვებულ იქნა თბილისში განაწილებით. სტუდენტობის დროს იბეჭდება რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის ალმანახ "პირველ სხივში" (წიგნი 8), ზ. მოლაშხიას ლექსები (უკრაინულ ენაზე) შეტანილია "ახალგაზრდა პოეტთა ანთოლოგიაში", რომელიც გამოიცა კიევში 1970 წელს. მისი პირველი ლექსი "ქარო, ქარო, გეხვეწები" დაიბეჭდა გაზეთ "მებრძოლში" (1962). 1964 წელს მონაწილეობდა მოსწავლეთა მე-19 შემოქმედებით კონფერენციაში, სადაც პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. მაშინ მისი ლექსები დაიბეჭდა რესპუბლიკურ პრესაში, როგორც გამარჯვებული, ახალგაზრდა პოეტი ლექსებით გამოვიდა რადიოთი და ტელევიზიით. 1968 წლის იანვარში გაიმარჯვა საქართველოს ტელევიზიის მიერ მოწყობილ "ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალზე". 1971 წელს გამომცემლობა "მერანში" ჩააბარა ლექსების პირველი წიგნი "მზებუდობა". დაიწერა დადებითი სარედაქციო რეცენზიები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ "აუცილებლად უნდა გამოიცეს ცალკე წიგნად წინამდებარე სარეცენზიო ლექსები". მიუხედავად ამისა, 1977 წლამდე არ გამოიცა, ე. წ. "პარაოზების" უქონლობის გამო ("პარაოზები" ეწოდებოდა ბელადზე, პარტიასა ან კომკავშირზე დაწერილ ნაწარმოებებს). 1971 წელს გამომცემლობა "განათლებაში" იწყებს მუშაობას გამომშვებად, ხოლო 1972 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ტარიელ კვანჭილაშვილის შუამდგომლობით ინიშნება გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ერთ-ერთ რედაქტორად. 1980 წელს თანამოაზრეებთან ერთად ავრცელებს ანტიიმპერიულ პროკლამაციებს, რომლებშიც "საქართველოს ანექსია - გასაბჭოების დღე - ოცდახუთი თებერვალი გლოვის დღედ" იყო გამოცხადებული. იმავე წლის ზაფხულში ჯგუფთან ერთად აკავებენ. რამდენიმე თვის შემდეგ ლიდერებს ხუთ-ხუთი წელი მიუსაჯეს, დანარჩენებს, მათთან ერთად ზ. მოლაშხიას, შეუფარდეს ადმინისტრაციული სასჯელი, მოხსნეს სამსახურიდან, შეუზღუდეს ბეჭდვა, აუკრძალეს ქალაქიდან გასვლა და სხვა. 1981 წელს კვლავ ბრუნდება გამომცემლობა "განათლებაში" უფროს რედაქტორად, გამომცემლობის დირექტორის ბ-ნ ლუკა ხუნდაძის ხელშეწყობით. 1989 წლის აპრილში, "კომენდანტის საათის" პირობებში, მონაწილეობს არალეგალური ჟურნალის "ფენიქსის" გამოცემაში, რომელშიც ზ. მოლაშხიას ანტიიმპერიული ნაწარმოებებია გამოქვეყნებული. 80-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა საპროტესტო მიტინგსა და აქციაში. 1989 წლის ბოლოს ინიშნება საქართველოს მწერალთა კავშირის (თავმჯდომარე მუხრან მაჭავარიანი) ზუგდიდის რეგიონალური განყოფილების პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ. ე. წ. "პერესტროიკის" (გარდაქმნის) დროს გამოდის ზ. მოლაშხიას პოეტური კრებულები: "გულს ყველაფერი ახსოვს", "მიზიდულობა", "ჟამი სასოებისა", "ვარსკვლავთა ტალანი". 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარი... სამხედრო კრიმინალური გადატრიალება... ზაურ მოლაშხიამ, მწერალთა ერთ ნაწილთან ერთად (მ. მაჭავარიანის მეთაურობით), პროტესტის ნიშნად დატოვა მწერალთა კავშირის ყრილობა (1992 წლის მარტი), რის გამოც პოეტი "მსუბუქად" დასაჯეს: გარიცხეს მწერალთა კავშირიდან, ჩაუშალეს საგამომცემლო თემატური გეგმით (მაშინ ჯერ კიდევ იყო ასეთი გეგმა) დასაბეჭდად გამზადებული წიგნი, მრავალშვილიანი პოეტი ამოიღეს კოოპბინათმშენებლობიდან, აგრეთვე მოხსნეს სამსახურიდან (იხ. "ლიტერატურული საქართველო", 21, 1992 წ. 5 ივნისი). ზაურ მოლაშხია 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად თანამშრომლობს ე. წ. "ტაშკენტის 25-ის" წევრებთან, სადაც მუდმივად იკრიბებოდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით დამხობილი და ქვეყნიდან განდევნილი პრეზიდენტისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მომხრეები. იყო ჟურნალ "აიას" თანარედაქტორი, გამომცემლობა "ეგრისის" მთავარი რედაქტორი, საბავშვო ჟურნალ "კვირტების" გამომცემელი. სხვადასხვა დროს თარგმნა და გამოაქვეყნა გოეთეს, მიცკევიჩის, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის, ბუნინის, გუმილიოვის, ესენინის და სხვათა ლექსები. 2009 წელს, ოც წლიანი პაუზის შემდეგ, გამოდის მისი ლექსების კრებული "დასაზღვრული უსაზღვროება".  2012 წელს დაიბეჭდა "ერთტომეული", სადაც თავმოყრილია პოეტის ნახევარ საუკუნოვანი შემოქმედების დიდი ნაწილი. 2014 წელს კომპოზიტორმა სერგო ჟვანიამ გამოსცა ვოკალური ციკლი "ქართული ჰანგები" გალაქტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელისა და ზაურ მოლაშხიას ლექსებზე. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2010-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ტერენტი გრანელის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
  • 2015 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
    ერთტომეული : პოეზია / ზაურ მოლაშხია. - თბილისი : უნივერსალი, 2012.- 632გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: