შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შამშე ქევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თლუღი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ქ. ჭიათურაში მუშაობდა მუშად; ინსტიტუტის დამთავრებისთანავე აყვანილ იქნა უფროს ლაბორანტად ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე; 1934 წელს, საკვალიფიკაციო კომისიის გავლის შემდგომ, დაინიშნა ამავე კათედრის ასისტენტის თანამდებობაზე; პარალელურად მუშაობდა ორდინატორ-ქირურგად სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1941 წლის 23 ივნისს მობილიზებულ იქნა საბჭოთა არმიაში, სადაც ცხენოსანთა მე-17 დივიზიის სამედიცინო ესკადრონში მუშობდა ექიმად; იმავე წლის სექტემბერში დანიშნულ იქნა 224-ე დივიზიის 44-ე სამედიცინო სანიტარული ბატალიონის წამყვან ქირურგად; 1941 წლის 26 დეკემბერს ყირიმის საზღვაო სადესანტო ოპერაციის დროს ჩავარდა ტყვედ და 1942 წლის 5 იანვრიდან იმყოფებოდა ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკებში, ჯერ საბჭოთა კავშირისა და შემდგომ გერმანიის ტერიტორიებზე; 1945 წლის 3 აპრილს კაიზერშტაინბრუხის საკონცენტრაციო ბანაკის ევაკუაციისას მოახერხა გაქცევა და 4 აპრილს შეუერთდა საბჭოთა არმიის ერთ-ერთ ნაწილს; სათანადო შემოწმების შემდეგ აღდგენილ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945 წლის 4 ნოემბერს იქნა დემობილიზებული; 1946 წელს დაბრუნდა მშობლიურ კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას; 1966 წელს არჩეულ იქნა კათედრის პროფესორის თანამდებობაზე; როგორც კათედრის გამგის მოადგილე სასწავლო დარგში, მრავალი წელი ხელმძღვანელობდა სასწავლო პროცესს და ახალგაზრდა თანამშრომელთა დახელოვნებას; მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი კათედრის კლასიკური ანატომიური მუზეუმის შექმნაში; მის მიერ დამზადებულია მრავალი სველი და კოროზიული პრეპარატი, რომლებიც დღემდე ამშვენებს კათედრის მუზეუმს; 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიისა: "ღვიძლის სისხლძარღვთა ქირურგიული ანატომია" (1969) და "კარის ვენის გამოთიშვის შედეგები ექსპერიმენტში" (1974); ამ ნაშრომებში მას მოწოდებული აქვს ღვიძლზე ორიგინალური განაკვეთები, ასევე დასაბუთებული აქვს კარის ვენის ღვიძლშიდა ტოტებს შორის ანასტომოზების განვითარების შესაძლებლობა, ერთი ან რამოდენიმე ტოტის ოკლუზიის დროს. დღეს, როდესაც ჰეპატოლოგიის დარგის მკვლევარების შრომები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ პროფესორ შამშე ქევანიშვილის აღნიშნულ მიგნებას ანალოგი არ გააჩნია; დაჯილდოებული იყო გამორჩეული პედაგოგიური ტალანტით. მის ლექცია-პრაქტიკულებს სტუდენტები განსაკუთრებული ინტერესით და ხალისით ესწრებოდნენ.; რამდენჯერმე აქვს მოპოვებული სამედიცინო ინსტიტუტის საუკეთესო პედაგოგის წოდება; პროფესორი შ. ქევანიშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ მუშაობაში, იგი 1930-1934 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო; 1963-1965 წლებში მედიცინის მუშაკთა კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალშობილის ღვიძლის ცვალებადობის უკიდურესი ფორმები", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის სისხლძარღვების ქირურგიული ანატომია", დაიცვა 1962 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |