შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიქაელ არამიანცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კეატუკი, მთიანი ყარაბაღი. დაიბადა სოფლის მამასახლისის ოჯახში. 15 წლისა იყო, როდესაც სასწავლებლად ქალაქ შუშაში გაემგზავრა. სწავლა არ უჭირდა, ყველაფერს იოლად ითვისებდა და მეცნიერებისადმი დიდ ინტერესსაც იჩენდა. ოცნებობდა ტფილისის გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებაზე, თუმცა მან ადრეულ ასაკშივე წარმატებით გამოსცადა თავი ვაჭრობაში. საქმის შესასწავლად იგი შუშაშივე ცნობილ ვაჭარს თარუმანიანს თანაშემწედ მიაბარეს, რომელიც სავაჭრო საქმიანობას ყარაბაღის გარდა, საზღვარგარეთაც ეწეოდა. ხშირად ჩადიოდა თავრიზში, ირანში, სადაც ის ცოტა ხანში ფირმის წარმომადგენლადაც დანიშნეს. ოთხ წელიწადში თავისი პირველი კაპიტალი – 3000 მანეთი – დააგროვა და 1871 წელს სამხრეთ კავკასიის ცენტრში, ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად; 28 წლის ასაკში საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა ქსოვილებით, აბრეშუმითა და შალით ვაჭრობით. ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ კომერციაში ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორიც იყო მარსელი, თავრიზი და თეირანი. 1877-1878 წლებში მიმდინარე მორიგმა რუსეთ-თურქეთის ომმა დიდი გავლენა მოახდინა მის ბიზნესზე. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვამ და საქართველოს საზღვრებთან წარმოებულმა საომარმა მოქმედებებმა არამიანცს თითქმის მთელი ქონება დააკარგვინა. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მას მხოლოდ 7000 მანეთი და ტფილისში მტკვრის სანაპიროზე ერთი პატარა სახლი დარჩა. მას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და 1884 წელს ბაქოში გამგზავრებამდე მისი კაპიტალი 40000 მანეთს შეადგენდა. 1884 წლიდან ბაქოში დაიწყო ნავთობის ბიზნესი ცნობილ მრეწველ ალექსანდრე მანთაშევთან ერთად. აფშერონის ნახევარკუნძულზე (სადაც ქალაქი ბაქო მდებარეობს) კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი დაახლოებით 174 ჰექტარი მიწის ფართობი. მ. არამიანცს ასევე ეკუთვნოდა ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი და უამრავი სახელოსნო. სხვადასხვა მონაცემით, არამიანცს წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი სმირნაში (თანამედროვე დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქი იზმირი), სალონიკში (საბერძნეთი), კონსტანტინოპოლში (თანამედროვე სტამბოლი), ალექსანდრიასა და კაიროში (ეგვიპტე). ამის გარდა წარმომადგენლობები ჰქონდა ჩამოყალიბებული დასავლეთ ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ლონდონი, ბომბეი და შანხაი. კომპანიის მიერ მიღებული დიდი შემოსავალი ორ მდიდარ ადამიანს შორის განხეთქილების საგნად იქცა. კომპანია დაიშალა და არამიანცი თბილისში დაბრუნდა. ბევრ სხვა საქმიანობასთან ერთად მშენებლობის ბიზნესმა დიდი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. მაგალითად, არამიანცმა გოლოვინის (თანამედროვე რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, "არფასტო" უწოდა. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია განთავსებული. მისი დაკვეთით თბილისში გოლოვინის გამზირზე აშენდა სასტუმრო "მაჟესტიკი" (1915), რომელიც დღეს "თბილისი მარიოტით" არის წარმოდგენილი. "მაჟესტიკის" მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან არქიტექტურულად შენობა მომრგვალებული ფორმის იყო. 1902 წელს მიქაელ არამიანცმა სურვილი გამოთქვა, რომ 100 ათას მანეთს გაიღებდა ქალაქში საავადმყოფოს აშენებისათვის, რომელსაც მისი სახელი უნდა დარქმეოდა. მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, საავადმყოფოს დასრულებას დაპირებული თანხა არ ეყო და დამატებით ხარჯი ზუბალაშვილებმა გაიღეს. 1909 წლის ბოლოს გახსნილ ამ საავადმყოფოს, რომელიც ქალაქს დაეთმო, დიდხანს საკუთარი სახსრებით არამიანცი ინახავდა. იგი თვითონ იხდიდა, როგორც ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯს, ისე სამედიცინო პერსონალის ხელფასებსაც. საავადმყოფოში იდგა კავკასიაში პირველ რენტგენის აპარატიც, რომელიც ევროპიდან არამიანცმა პირადად ჩამოიტანა. მიქაელ არამიანცის სახელს უკავშირდება სომხეთის ეთნოგრაფიული საზოგადოების დაარსება, რომელიც მოწოდებული იყო მოეძია და შეეგროვებინა სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატები და მასალები. ქველმოქმედი დიდ თანხებს სწირავდა ამ საზოგადოებას, რომლის ბაზაზე შემდგომში სომხეთის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი გაიხსნა. მანვე მონაწილეობა მიიღო აკადემიკოს ნიკო მარის დაფინანსებაში, რომლის ექსპედიცია პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით, 1892 წლიდან 1917 წლამდე სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისში არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა და სხვა. მილიონერი კომერსანტის მიერ გაწეული ქველმოქმედებიდან აღსანიშნავია: 50 ათასი მანეთის შეწირვა თბილისის მეორე გიმნაზიისათვის; 10 ათასი მანეთის გამოყოფა ბაქოს სომეხთა ჰუმანიტარული საზოგადოებისათვის; ეჩმიაძინის ტაძრისათვის გაწეული დახმარება 7 ათასი მანეთით; დასახლების მოწყობა ოსმალეთის იმპერიიდან ლტოლვილი თანამემამულეებისათვის ბორჩალოს პროვინციაში, მდინარე ალგეთის სანაპიროზე; თანხის გაღება სვეტიცხოვლის შეკეთებისა და გორში სომხური ეკლესიის რესტავრაციისთვის; ფოთში მცხოვრები სომხებისთვის 37 ათასი მანეთის გაგზავნა ხის დამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად; ახპატის მონასტრისა და ადგილობრივი სომხური თემისათვის ტყისა და სახნავი მიწის ვრცელი ნაკვეთების გადაცემა; შუშის საეპარქიო სკოლისათვის ამ ქალაქში მდებარე სახლის ჩუქება, რომელშიც თვითონ დაიბადა და სხვა. საბჭოთა რეჟიმმა მას ყველაფერი წაართვა და მხოლოდ საცხოვრებელი ბინა დაუტოვა. გარდაიცვალა სიღარიბეში. მის დაკრძალვას მრავალი თბილისელი დაესწრო. მოგვიანებით, ხოჯევანქის სასაფლაოს დანგრევის შემდეგ არამიანცის საფლავი სამუდამოდ დაიკარგა. ქველმოქმედი, ბაქოს პირველი გილდიის ვაჭარი, ვაჭართა უმაღლესი გილდიის წევრი. წყარო: ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი... / ოთარ ჯანელიძე .-თბ.,2020.-გვ.409-412; ქართული ბიზნეს-გამოცემა Forbes Georgia: forbes.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |