შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალფონს ხითარიშვილი![]()
ბიოგრაფიამამა ალფონს ხითარიშვილი ხიზაბავრის მკვიდრი იყო. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სამრევლო სკოლაში. შვიდი წლის ალფონსი ავად გამხდარა, მამამისს აღთქმა დაუდია: ბავშვის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მღვდლად გავზრდიო... მშობლებმა იგი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს პეტრე ხარისჭირაშვილთან. იქ სწავლის დასრულების შემდეგ მან ჯერ რომში საშუალო, ხოლო შემდეგ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი დაასრულა. რომშივე იკურთხა მღვდლად. 1870 წელს ალფონსი თბილისში დაბრუნდა. თბილისში ყოფნისას ალფონს ხითარიშვილმა 1873 წელს დაბეჭდა ლათინურიდან ნათარგმნი "ვნების კვირა", რომელიც ზაქარია ჭიჭინაძის სამართლიანი შენიშვნით "იმ დროის ქართველ კათოლიკეთათვის თითქმის ერთადერთ წიგნად ითვლებოდა". ალფონს ხითარიშვილი თბილისში კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა. იგი ყოველთვის ქართულად ქადაგებდა. "მისი ქადაგების ცნობა ისე იყო თბილისში გავრცელებული, რომ მრავალნი ნატვრით ელოდნენ იმ დღეს, როცა კი ალფონსი იქადაგებდა". თბილისში მოღვაწეობის პერიოდში მამა ალფონსთან ერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული: 1885 წელს საქართველოს ეწვია იტალიის მეფისწული, რომელიც თბილისის კათოლიკურ ეკლესიასაც ესტუმრა საქართველოს გუბერნატორთან ერთად. მარიამის ზეცად აღყვანების ტაძარში წირვა ქართულ ენაზე ალფონს ხითარიშვილმა აღასრულა. წირვის შემდეგ პატრმა ალფონსმა უფლისწულს იტალიურად მიმართა და მოკლედ მოახსენა, რომ ქართველებს საკუთარი ენა და მწიგნობრობა აქვთ, მოკლედ მოუთხრო საქართველოს წარსულზე. ამცნო, რომ საქართველო რუსეთის სახელმწიფოს დაუკავშირდა 1800 წლის შემდეგ. ჩვენც კათოლიკენი ქართველები გახლავართ, ეს დღევანდელი გალობაც ქართული გალობაა, აქ საქართველოში შედგენილი (მ. ჯავახიშვილი, "კავკასიის მაცნე", №9). მეფისწულმა მადლობა გადაუხადა ალფონსს საინტერესო ქადაგებისათვის და კარგი იტალიური ენისათვის. ამ ფაქტმა განარისხა გუბერნატორი. კავკასიის კათოლიკეთა ვიზიტატორისა და ხელისუფლების მოთხოვნით ანტისახელმწიფოებრივი ქადაგებისათვის, ქართულ ენაზე საღმრთო სჯულის სწავლებისათვის ალფონს ხითარიშვილი აიძულეს დაეტოვებინა სამშობლო. იგი კონსტანტინოლოში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წლის მანძილზე იყო კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის წინამძღვარი. პეტრე ხარისჭირაშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართული სავანის წინამძღვრები იყვნენ: სევრეთ წერეთელი, სტეფანე გიორგაძე, ალფონს ხითარიშვილი, ბენედიქტე ვარდიძე, პიო ბალიძე (ბალიაშვილი), შიო ბათმანაშვილი, პეტრე ტატალაშვილი, პავლე იაკობაშვილი (ანდღულაძე). რამდენიმე წლის შემდეგ ალფონსი მონტობანში გადაიყვანეს და 1905 წელს იქვე დასახლდა. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მას ურთიერთობა და თანამშრომლობა არ შეუწყვეტია თანამემამულეებთან. კერძოდ, მას მიმოწერა ჰქონდა ივანე გვარამაძესთან. მის მიერ გაგზავნილი წერილები ინახება სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში. გარდა თანამშრომლობისა ჩანს, რომ მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რამდენადაც ალფონსი ივ. გვარამაძეს სთხოვს: "ამ წერილთან დებული წერილიც გთხოვთ გაუგზავნოთ ხიზაბავრასა შინა" (ძმის შვილთან). ალფონსი გულით ყოფილა დაავადებული. იგი გარდაიცვალა მონტობანში 1909 წლის 24 მარტს და დიდი პატივით დაკრძალეს მონტობანში, კლერიკალთა საძვალეში. ზაქარია ჭიჭინაძე ალფონს ხითარიშვილის შესახებ წერდა: "პეტრე ხარისჭირაშვილისაგან გაწრთვნილი, უდიდესი ქართველი და ყოველთვის საქართველოს ამბების ცრემლით მომგონი. გაზდილი რომს, პროპაგონდობაში, გამოჩენილი მჭევრ-მეტყველი და ერთად ერთი უშესანიშნავესი მქადაგებელი ქართულის ენით. ამის ქადაგება იყო ნამდვილი გონიერება". ქართველ კათოლიკეთა კონგრაგეციის წინამძღვარი. წყარო: ალფონს ხითარიშვილი : ქართველ კათოლიკეთა კონგრაგეციის წინამძღვარი / ნატო ყრუაშვილი // საბა : საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე. - თბილისი, 2008. - ივნისი. - N6. - გვ.9; ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913 წ. / აღწერილი ზ. ჭიჭინაძის მიერ. - თბ.,1916. - 28გვ. (dspace.gela.org.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |