The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კირვალიძე

ვასილ კირვალიძე
სხვა სახელი:ვ. კ-ძე
დარიჯანიშვილი  (ფსევდონიმი)
ზემორაჭველი  (ფსევდონიმი)
ზემორაჭველი გლეხი  (ფსევდონიმი)
მოსული ავადმყოფი  (ფსევდონიმი)
ხალხის ერთი არჩეულთაგანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1933  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზვარეთი, ონის მუნიციპალიტეტი.

1885 წელს, ვასილ კირვალიძემ თავის რაჭველ მომღერალთა გუნდთან ერთად,  ლადო აღნიაშვილის თხოვნით, იოსებ რატილს ჩააწერინა რაჭული სიმღერები: "ოსიმბარა", "მაღლა მთას მოდგა", "ქალსა ვისმე ერქვა შროშანა", "მიყვარს ამფერად სუფრა გაშლილი", "შავო ყურშაო!", "ოი, ქრისტე აღსდგა!", "ქვედრულა" და სხვ. 1885 წლიდან თანამშრომლობდა ხალხოსნებთან, 1890 წლიდან სოციალისტურ მოძრაობაში ჩაება და ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურასა და პროკლამაციებს, 1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1904 წლიდან იდევნებოდა მეფის რუსეთის მიერ; გაქცეული იყო რუსეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს; წერდა პატარ-პატარა წერილებს, კორესპონდენციებს და ლექსებს. პირველი ლექსი "კულა გლდანელის და ნესტორ ესებუას ჭიდაობა" დაიბეჭდა ჟურნალ "თეატრში" (1886, №36, 423-424). ვასილ კირვალიძის ლექსების სრული კრებული, რომელიც 1910 წელს უნდა გამოცემულიყო (ინახებოდა იოსებ იმედაშვილთან), ჟანდარმების მიერ იოსებ იმედაშვილის დაპატიმრების და მისი სახლის ჩხრეკის დროს დაიკარგა. გ. წერეთლის დაკრძალვაზე, ვასილ  კირვალიძემ 101 კაცის სახელით წარმოთქვა სიტყვა და უდიერად მოიხსენია "ივერიის" დამოკიდებულება გ. წერეთელის მიმართ, რაზეც ილია ჭავჭავაძემ უპასუხა: "ხმა უნდა აიწონოს და დაითვალოსო" ("ივერია", 1901, №65), რამაც პოლემიკა გამოიწვია "კვალსა " და "ივერიას" შორის. ვასილ კირვალიძე 1933 წლის 18 თებერვალს ვერაგულად მოკლეს თბილისში. სახალხო მოლექსე-მწერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.686

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: