The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია მაჭარაძე

გია მაჭარაძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ მაჭარაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1981 წელს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით.

1981-1993წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1993-1999წწ. სამეცნიერო-საწარმოო ფირმა "ენერგია", ჰიდროენერგეტიკული განყოფილების უფროსი. ამ საწარმოში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მცირე სიმძლავრის ჰესის პროექტი, მათ შორის, 1.5 მვტ სიმძლავრის ჩალა ჰესი ყვარლის რაიონში, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2000 წელს და იყო ერთ-ერთი პირველი მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1999-2000წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ჰიდროენერგეტიკის ექსპერტი. 2006 წელს გაიარა კურსები დელფტის (ჰოლანდია) წყლის რესურსების ინსტიტუტში თემაზე "მდინარეთა აუზების ინტეგრირებული მართვა". 1999-2008წწ. - ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის განმახორციელებელი ბიუროს ტექნიკური მენეჯერი. მისი მონაწილეობით განხორცეილდა ენგურჰესის ჰიდროკვანძის ფართო მასშტაბიანი რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა თაღოვანი კაშხლის საცემენტაციო ფარდის, სადრენაჟო სისტემის, მონიტორინგის მოწყობილობების რეაბილიტაციას, კაშხლის სიღრმული ხვრეტების საკეტების და 200 ტ. მისაყრდნობი ფარის მოწოდებას (ოპერირებს 180მ. წყლის სიღრმეზე), 15 კმ. სიგრძის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციას, 5x260 მვტ სიმძლავრის ფრენსის აგრეგატების სრულ რეაბილიტაციას თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროგაერთიანების დაფინანსებით, შვეიცარულ-ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის პროექტითა და მენეჯმენტით, ქართული, გერმანული, ფრანგული და ავსტრიული სამშენებლო კომპანიებისა და მომწოდებლების მონაწილეობით. 2009 წლიდან მუშაობს შვეიცარული კომპანიის "შტუკი" საქართველოს განყოფილების ტექნიკურ დირექტორად. მისი მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: ხუდონჰესის და ნამახვანის ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება, ნენსკრა ჰესის ონის ჰესების კასკადის, ხობის ჰესების კასკადის, ლუხუნის ჰესების კასკადის, ახმეტა ჰესის პროექტები, ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია, ჟინვალჰესის კაშხლის საცემენტაციო ფარდისა და გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია და სხვა. აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ენერგეტიკულ ცხოვრებაში. მისი აქტიური მონაწილეობით 2011 წელს დაფუძნდა საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი და ასრულებს კომიტეტის მდივნის მოვალეობას. მისი საინჟინრო საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოში განხორციელებული პროექტებით. მისი ხელმძღვანელობით, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტი, სომხეთში (სევან-რაზდანის ჰესების კასკადი) და ყაზახეთში (შრდარა ჰესი) ხორციელდება ჰესების რეაბილიტაციის მონიტორინგი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში. აქვს რამდენიმნე გამოგონება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთის წყალსაცავების დალამვა და გარეცხვა ტივტივა ნატანის ჩამონადენის ცვალებადობის გათვალისწინებით", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.214-215

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჰიდრავლიკური კვლევების საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

გააზიარე: