Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ გამსახურდია![]()
Biographyდაიბადა ბაქოსთან ახლოს, საცირკო ხელოვნების ოსტატის რომან სერგოს ძე გამსახურდიას ოჯახში. სწავლობდა თბილისის საბალეტო სკოლაში, შემდეგ მოსკოვში, დიდი თეატრის ცნობილი სოლისტის მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში, სულ მალე კი ზიმინის კერძო ოპერის პრიმა-ბალერინა გახდა. რუსეთის რევოლუციის შემდეგ თამარი ყირიმში გადავიდა და მამის დახმარებით იალტაში საბალეტო სტუდია გახსნა. მიუხედავად ამისა, მამა შვილის საბალეტო კარიერას ენთუზიაზმის გარეშე ეკიდებოდა და ოცნებობდა, ქალიშვილი საცირკო არენაზე ეხილა. იალტაში შეიქმნა იმ დროისათვის ძალიან პოპულარული საბალეტო დუეტი "გამსახურდია-დემიდოვი". 1919 წელს დუეტი გასტროლებზე წავიდა კონსტანტინოპოლსა და მარსელში. მალე თამარი და ალექსანდრე დემიდოვი დაქორწინდნენ. 1920 წელს ცოლ-ქმარი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. იცეკვეს ლონდონში, პარიზში, ბუენოს-აირესში. დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი იყო კრისტოფ გლიუკის მუსიკაზე მიხეილ მორდკინის მიერ დადგმული "ვაკჰანალია". ყირიმში ბოლშევიკთა შესვლის შემდეგ, თამარ გამსახურდია საცხოვრებლად რამდენიმე წლით თბილისში გადმოვიდა. მონაწილეობდა 1920-1923 წლებში თბილისში არსებულ საბალეტო სტუდიის დადგმებში "კარნავალი" და "ჟიზელი". სტუდიას ანა პავლოვას პარტნიორი, მიხაილ მორდკინი ხელმძღვანელობდა. მორდკინმა საბალეტო დასის მოცეკვავეებისათვის საგანგებო ფოტო-სესია მოაწყო. მოცეკვავეთა ფოტოები, მათ შორის თამარისა, სპექტაკლების სარეკლამო ანონსის სახით, თბილისის ქუჩებში ვრცელდებოდა 1927 წელს ქორეოგრაფად დაიწყო მუშაობა რუსი ლილიპუტების დასში, რომელიც პარიზის კაბარე "ფოლი ბერჟერში" გამოდიოდა. მათთვის დგამდა რუსულ, ჩინურ, ჰოლანდიურ ცეკვებს. თამარი დასს ამერიკის ტურნეშიც გაჰყვა, სადაც გაიცნო მეორე მეუღლე, დასის იმპრესარიო, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი სერგეი დავითის ძე კობიევი (კობიაშვილი). 1931 წელს ანა პავლოვამ თამარი სოლისტად თავის დასში მიიწვია, თუმცა ეს თანამშრომლობა ანას მოულოდნელი გარდაცვალების გამო არ შედგა. სამსახურთან დაკავშირებული წარუმატებლობების გამო, თამარ გამსახურდიამ ბერლინში, სადაც იმხანად ცხოვრობდა, საკუთარი საბალეტო სტუდიის გახსნა გადაწყვიტა. სტუდიის ქირისათვის აუცილებელი თანხა რომ შეეგროვებინა, თამარმა მუშაობა დაიწყო 1920-1960-იან წლებში არსებულ ქალის თეთრეულის სამოდელო სახლში "ლორ ბელენი". მისი დამაარსებელი, რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელი ლარისა ბეილინა თამარმა ბერლინში გაიცნო. ქალები მალე დამეგობრდნენ. ლარისა გერმანული თეოსოფიით და გიორგი გურჯიევის მისტიკით იყო გატაცებული, თამარი კი დიდი წარმატებით უძღვებოდა სამოდელო ბიზნესს. 35 წლის თამარ გამსახურდიამ საბოლოოდ დატოვა სცენა, უარი თქვა საბალეტო სტუდიის გახსნაზე და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. "ლორ ბელენი" აწარმოებდა ქალის კორსეტებს. თამარს ძალიან დაეხმარა საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა. ამ გამოცდილების წყალობით ყოფილმა მოცეკვავემ დაიწყო კორსეტების სრულყოფაზე მუშაობა მისი ცოდნა ბიუჰსალტერებსა და კორსეტებს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდიდა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიური ქსოვილების წყალობით ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. თამარს ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუჰსალტერების შექმნის იდეაც. "ლორ ბელენის" კლიენტები იყვნენ ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანნამა, ბეგუმ აღა-ხანი, ჟაკლინ კენედი, რომელმაც სათანადოდ შეაფასა ყოფილი მოცეკვავის ხელობა და წერილით გადაუხადა მადლობა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მარლენ დიტრიხი, რომელიც არა მხოლოდ კლიენტი იყო თამარის, არამედ უახლოესი მეგობარიც. ეს მეგობრობა თამარ გამსახურდიას ხელოვნების წყალობით შედგა, რომელმაც მარლენისათვის კაუჩუკის ფირფიტების დახმარებით ორიგინალური კორსეტი მოიგონა. 1963 წელს მარლენ დიტრიხის საბჭოთა კავშირში ვიზიტისას სწორედ თამარის შექმნილი კორსეტი ემოსა. 1940-იან წლებში ლარისა ბეილინა ფაშისტებისგან თავდასაღწევად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში სამოდელო სახლს მთლიანად თამარ გამსახურდია განაგებდა. გააფართოვა წარმოება და დაიწყო დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება. სამოდელო ბიზნესში თამარ გამსახურდიას გვერდში ედგა და "ლორ ბელენში" მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა თამარის გერი ირინა სოლმან დე კობი. ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ "ლორ ბელენი" ნიუ-იორკში გადაიტანეს. თამარ გამსახურდია კი ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თამარ გამსახურდია რუსეთს ეწვია, სადაც დატოვა თავისი პირადი არქივი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია. ბალერინა. წყარო: ქართველი ემიგრანტები უცხოურ ლეგიონში / რუსუდან დაუშვილი // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / გრიგოლ მაჩაბლის ფონდი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. - თბილისი, 2014. - N2 (5). - გვ.142 (dspace.nplg.gov.ge); ჟურნალი "თბილისელები": old.tbiliselebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |