Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალაბათ ხანი![]()
Biographyსალაბათ ხანი სავარაუდოდ დაიბადა 1519 წელს. 1589 წელს ის მოხსენიებულია, როგორც "70 წლის მოხუცი." სამწუხაროდ მის ახალგაზრდობაზე და ნამდვილ სახელსა და გვარზე არ შემორჩა ინფორმაცია, ერთი პერიოდი მას შიჰაბ ხანს უწოდებდნენ. ისტორიკოს ფერიშთას თანახმად სალაბათ ხანი იყო შაჰ თამაზის სამეფო მონა (შაჰ-ყული), რომელიც სეფიანთა შაჰმა საჩუქრად გამოუგზავნა აჰმადნაგარის სულთანს. ცნობილია, რომ 1540-1553 წლებში საქართველოში შემოსევების შედეგად შაჰ თამაზმა ათასობით ქართველი ტყვე წაიყვანა სპარსეთში. სალაბათ ხანიც ერთ-ერთი მათგანი იყო. წყაროებში სალაბათ ხანი პირველად 1570-იანი წლებიდან ჩანს, როდესაც მურთაზ ნიზამ შაჰმა თავისი დიდი ვეზირის ჩანგიზ ხანის (თუმცა ის უდანაშაულო გახლდათ) სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. სიკვდილის წინ ჩანგიზ ხანმა სულთანს წარუდგინა ნიჭით, მხნეობითა და თავდადებით გამოჩენილ პირთა სია, რომელთა დაწინაურებაც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანდა. სწორედ ამ სიაში იყო შიჰაბ ხანის სახელიც. მურთაზ ნიზამ შაჰმა დაიახლოვა ეს ღულამი, მას სალაბათ ხანის წოდება უბოძა და ჯარის მარცხენა ფლანგის მხედართმთავრობა ანდო. ცოტა ხანში სალაბათ ხანი კიდევ უფრო დაწინაურდა. ჯარის მარჯვენა ფლანგის მეთაურობა მიიღო და სამეფოს დედაქალაქის ციტადელის ციხისთავად დაინიშნა. გურჯის ასეთმა სწრაფმა აღზევებამ ადგილობრივ დიდებულებში დიდი შური გამოიწვია და სალაბათ ხანის წინაარმდეგ არაერთი შეთქმულება მომზადდა, თუმცა მან შეძლო მოწინააღმდეგეების დამარცხება და 1579 წლისთვის ნიზამ-შაჰების სამეფო კარზე ყველა დიდებულზე უფრო დიდი გავლენებით სარგებლობდა. მომდევნო 15 წლის განმავლობაში იგი ფაქტობრივად პირადად განაგებდა აჰმადნაგარის სამეფოს. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ მმართველობას, მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია, სამეფო კარს ჩამოაცილა მისთვის მიუღებელი პირები, ალაგმა ურჩი თავადების თვითნებობა და წარმატებით იბრძოდა ქვეყანაში სრული წესრიგის აღდგენის და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. აჰმადნაგარში, ბურჰანპურსა და დაულატაბადში დააარსა ახალი ზარაფხანები, სადაც ნიზამ-შაჰების სახელით მოიჭრა ახალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მონეტები. აჰმადნაგორში შეკრიბა ნიჭიერი არქიტექტორების დიდი ჯგუფი, რომელთაც წამოაწყებინა დიდი სამშენებლო პროექტები, სწორედ სალაბათ ხანის თაოსნობით დაარსდა ინდოეთში რამდენიმე ახალი ქალაქი, აშენდა უამრავი შესანიშნავი შენობა, მათ შორის დიდებული სასახლეები და ბაღები, მაგალითად ბაღი ფარაჰ ბახში, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი აჰმადნაგორში. ისტორიკოსები წერენ, რომ მთელ სამხრეთ ინდოეთში (დეკანში) უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი კეთილდღეობა სალაბათ ხანის მსგავსად არავის დაუმყარებიაო. ის საგარეო პოლიტიკაშიც წარმატებული აღმოჩნდა. მან დაამყარა კავშირები ინდოეთის სხვა სასულთნოებთან მათ შორის ქართველ ადილ შაჰებთან და დიდი ხნის განმავლობაში შეძლო მონღოლთა იმეპრიასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. ამხელა წარმატებების ფონზე სალაბათ ხანის წინააღმდეგ შეთქმულებები და შური კვლავ გრძელდებოდა. შეთქმულებმა ბოლოს მოახერხეს და შაჰსა და ქვეყანაში მეორე პირს - სალაბათ ხანს შორის დაპირისპირება გააღვივეს. მურთაზ ნიზამ შაჰმა მას პირდაპირ სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი. საპასუხოდ სალაბათ ხანმა მეფეს სთხოვა დაესახელებინა ნებისმიერი ადგილი სადაც იგი ნებაყოფლობით წავიდოდა პატიმრობაში. მეფემ დანდა რაჯპურის ციხესიმაგრე დაასახელა. ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული და მეფის ნამდვილმა მოღალატეებმა თავი იჩინეს, როდესაც მისი ერთგული სალაბათ ხანი ჩამოშორებული დაიგულეს. შეთქმულების მოქმედებები იყნოსა მურთაზ ნიზამ შაჰმა, მიხვდა, რომ გააცურეს და სალაბათ ხანის სასწრაფო გათავისუფლება ბრძანა, მაგრამ ვერ მიუსწრო სალაბათმა მეფეს. შაჰს საკუთარმა შვილმა მოუღო ბოლო 1588 წელს. ამ მკვლელ შვილს ერქვა - ჰუსეინ ნიზამ შაჰი. ის შიშობდა, რომ სალაბათ ხანის მსგავსი ძლიერი მოხელის დაბრუნებას მისთვის ძირი არ გამოეთხარა და როგორც ინდოეთის სხვა სამეფოებში, აქაც ქართველი არ მოვლენოდა სათავეში ამ სამეფოსაც. ამიტომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ნიზამ შაჰმა მხოლოდ 1 წელი იმეფა. 1589 წელს კი ტახტიდან გადმოაგდეს. ახალმა ხელმიფემ - ისმაილ ნიზამ შაჰმა გაათავისუფლა 70 წელს მიღწეული დიდი ქართველი მოღვაწე - სალაბათ ხანი, რომელმაც ამის შემდეგ პოლიტიკას თავი დაანება და თავის მიერვე დაარსებულ ქალაქში - ტისგაონში გადავიდა საცხოვრებლად. ტისგაონში ჩვეულებრვი მოსახლეებსაც კი დღემდე კარგად ახსოვთ ამ დიდი მოღვაწის და მათი ქალაქის დამაარსებლის სახელი, ქალაქში დღემდეა შემორჩენილი სალაბათ ხანის მიერ აგებული კარიბჭეები და ქალაქის მთავარი სავაჭრო ცენტრი. სალაბათ ხანი დაკრძალულია აჰმადნაგორის მახლობლად მდებარე 900-მეტრიანი მთის წვერზე, სადაც მან წინასწარ ააგო დიდებული 3-სართულიანი აკლდამა. წყარო: უცხოეთში დაკარგული ქართველები : 60 ამბავი / ალექსანდრე მიქაბერიძე.- თბილისი, 2017.- გვ.20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |