The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი

ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1853
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1918  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონის მამა ირაკლი კონსტანტინეს ძე იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, დედა ეკატერინე ივანეს ასული არგუტინსკაია–დოლგორუკოვა. ცხოვრობდნენ სანკტ-პეტერბურგში. ალექსანდრე 1872 წლის 16 აგვისტოს ჩაირიცხა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1874 წლის 7 აგვისტოს, კორნეტის ჩინით გაამწესეს ლეიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში. 1877 წელს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე თურქების წინააღმდეგ; ამავე წლის 8 ნოემბერს დააწინაურეს პორუჩიკად; 1878 წელს თავი გამოიჩინა ყიზილ–ტაპის ბრძოლაში,  1880 წელს კი ყარსის აღებისას; 1878 წელს ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელმა გამოცდები ჩააბარა და ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის გენერალური შტაბის აკადემიაში, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან 1880 წლის 5 ნოემბერს კვლავ პოლკში მიავლინეს სამხედრო სამინისტროს კანცელარიაში სამუშაოდ; 1881 წლის 12 აპრილს დააწინაურეს შტაბს–როტმისტრად; 1885 წლის 3 დეკემბერს ალექსანდრე ირაკლის ძე გადაიყვანეს კავალერიის კადრების თადარიგში; აქტიურ სამწყობრო მსახურებას იგი დაუბრუნდა 1890 წლის 1 აპრილს, როცა როტმისტრის ჩინით ერთი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში მეთაურობდა ლეიბ–გვარდიის საცხენოსნო პოლკის ესკადრონს; 1893 წლის 30 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; 1895 წლიდან ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანბატონი ირიცხებოდა კავკასიის სამხდრო ოლქის ჯარების შემადგენლობაში; 1902 წლის 22 თებერვალს დაინიშნა 44–ე დრაგუნთა ნიჟეგოროდის პოლკის უფროსად; 1904 წლის 10 ივლისს მიანიჭეს გენერალ–მაიორის წოდება და დანიშნეს საცხენოსნო პოლკის ლეიბ–გვარდიის მეთაურად; 1905 წელს იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალის წევრი; 1906 წლის ზაფხულიდან ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელს არანაირი თანამდებობა არ ეკავა; 1917 წლის 6 აპრილს მან მიიღო გენერალ–ლეიტენენტის სამხედრო წოდება და სამსახურიდან გადადგა; ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელს ცოლად ჰყავდა მარია გოლოვაჩოვა, ვიცე-ადმირალ დიმიტრი გოლოვაჩოვისა და ჰოლანდიელი ლეონიდა ჰესენის ქალიშვილი. მათ შეეძინათ ქალ–ვაჟი: ნინო (1882-1972) და გიორგი  (1884-1957). ნინა ბაგრატიონი, ნიკოლოზ მეორის დედის ფრეილინა იყო.  გიორგი ბაგრატიონი ცხოვრობდა თბილისში მეუღლესთან (პოლონელი არისტოკრატის სიგიზმუნდ ზლოტნიცკის ასული ელენე) და სამ შვილთან ერთად (ირაკლი, მარიამი და ლეონიდა); 1918 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი მეფის არმიის სხვა ყოფილ გენერლებთან და ოფიცრებთან ერთად ქ. პიატიგორსკში მძევლად აიყვანეს და 19 ოქტომბერს, ღამით, მხეცურად აჩეხეს; გიორგი ბაგრატიონმა, დიდი რისკის ფასად, მამის ცხედარი თბილისში გადმოასვენა და დაკრძალა კალოუბნის ეკლესიაში, რომელიც კინოთეატრ "რუსთაველის" ადგილზე მდებარეობდა. მოგვიანებით, როდესაც ეკლესიის დანგრევა გადაწყდა, გენერალი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს. ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონის დაღუპვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი ემიგრაციაში წასვლამდე ცოტა ხნით თბილისში ცხოვრობდნენ; ნინო ბაგრატიონმა მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, არ გათხოვილა; 1921 წელს გიორგი ბაგრატიონის ოჯახიც ემიგრაციაში წავიდა, რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ, მაგრამ 1931 წელს საბოლოოდ დატოვეს სამშობლო; ემიგრაციაში ყოფნისას, 1946 წელს, გიორგი ბაგრატიონი ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად გამოცხადდა; 1957 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრის ტიტულის  მფლობელი გახდა მისი ვაჟი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი.

წყარო: შექმენით საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველოს სამეფო: georoyal.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1913 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1911 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1880 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
    ყარსის აღებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის
  • 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: