The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციოყ დადეშქელიანი

ოფიციალური სახელი:მიხეილ დადეშქელიანი
სხვა სახელი:მიხეილ დადიშქელიანი
ციოყ დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1841
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

1821 წელს, მამის მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროს დედის - დიგორხანის დახმარებით და აქტიური მონაწილეობით მართავდა. რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ოფიციალური გაფორმების მიზნით თბილისში ჩასული დიგორხანი უშუალოდ ბარონ როზენს შეხვდა და თავისი ვაჟიშვილის, ციოყის სახელით რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის პირობა მისცა. როზენმა ციოყის სახელზე შეადგინა წერილი, რომელშიც მეფის სახელით ჩუბეხევის მფლობელობის შენარჩუნებას და უშიშროების უზრუნველყოფას ჰპირდებოდა. 1833 წლის აპრილში ციოყის, მაისში კი თათარყანის ოფიციალური დაფიცება მოხდა. მეფის მთავრობამ ყურად არ იღო არც თათარყანის და არც ციოყის თხოვნა, რომ თითოეული მათგანი ყოფილიყო ბალსქვემო სვანეთის ერთადერთი მფლობელი. რუსეთის იმპერიის ინტერესი სწორედ ორი სუსტი მფლობელის არსებობა იყო და არა ერთი ძლიერის, ამიტომ ხელმწიფემ დადიშქელიანთა სამთავროს ორად გაყოფა ოფიციალურად სცნო. ქვეშევრდომობის ოფიციალური აღიარების შემდეგ, მეფის მოხელეთა უშუალო მონაწილეობით, შედგა ციოყის (მიხეილად იწოდა) და თათარყანის (ნიკოლოზი) "სათხოვარი პუნქტები". ციოყის "სათხოვარში" ჩამოთვლილი იყო მისი მოსაზღვრე სამფლობელოები; "სათხოვარი პუნქტების" მეორე მუხლი ციოყის მემკვიდრეებისადმი მფლობელობის უფლების გადაცემას ითვალისწინებდა; მესამე მუხლით ციოყის კომპეტენციაში მხოლოდ სამოქალაქო საქმეები რჩებოდა, სისხლის სამართლის საქმეები საერთო კანონმდებლობის საფუძელზე რუსეთის იმპერიის სათანადო უწყების კომპეტენციას განეკუთვნებოდა; მეოთხე მუხლით რუსეთის მთავრობა ციოყის სამფლობელოს დაცვას კისრულობდა; მეხუთე მუხლით რუსეთის მთავრობას ციოყის სამფლობელოში აღმოჩენილი წიაღისეულის ექსპლუატაციის უფლება ეძლეოდა, ოღონდ შემოსავლის გარკვეული ნაწილი უშუალო მფლობელსაც უნდა მიეღო; მეექვსე მუხლი, ციოყსა და მის მემკვიდრეებს რუსეთის მფარველობაში სვანეთის დანარჩენი ნაწილების შეყვანისათვის მხარდაჭერის აღმოჩენას ავალებდა; მერვე და მეცხრე მუხლები, ციოყს და მის მემკვიდრეებს რუსეთის სათანადო მოხელეების, ჯარისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლებისადმი მორჩილებას, მათთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას ავალდებულებდა; მეათე მუხლი ციოყს ავალდებულებდა რუსეთისათვის ერთგულების დასამტკიცებლად თავისი შვილი ბექირბი (ალექსანდრედ წოდებული) მძევლად მიეცა; მეთერთმეტე მუხლი ციოყისათვის ძალაუფლების ნიშნების ბოძებას ვარაუდობდა1833 წლის 9 დეკემბერს ციოყის, ხოლო 25 დეკემბერს თათარყანის "სათხოვარი პუნქტები" უმაღლესად დაამტკიცეს. ამიერიდან ციოყი და თათარყანი სვანეთის მფლობელებად (რუს. Владетели Сванетии) იწოდებიან, ოღონდ მთავრის უფლებებში. 1834 წელს სახელისუფლებო ნიშნები და ტიტულები გადაეცა და მაიორის ჩინი ებოძა, მოინათლა მართლმადიდებლური წესით და დაირქვა სახელი მიხეილი. მფარველობდა სვანეთში მყოფ მისიონერებს. 1840 წლის დეკემბერში შვილთან და 73 სვან მებრძოლთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში აფხაზეთში, წებელდელების წინააღმდეგ. დაიღუპა 1841 წლის სექტემბერში, უბიხეთში ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებთან ბრძოლისას. მისი შვილების (მ.შ. მემკვიდრე კონსტანტინეს) მეურვეობა ციოყის დედამ - დიგორხანმა ითავა.

წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი,2014.-გვ.572


გააზიარე: