The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე დადეშქელიანი

კონსტანტინე დადეშქელიანი
სხვა სახელი:მურზაყან დადეშქელიანი
კონსტანტინე დადიშქელიანი
მურზაყან დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:1826
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1857  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:არქიელის გორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქ. ქუთაისი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი. 

სვანეთის (ჩუბეხევი) უკანასკნელი მთავარი 1842-1857 წლებში,  ციოყ დადიშქელიანის და ჯერუმხანის (ნათლობაში — მარიამი, გვარი უცნობია) შვილი. ადრე დაობლებულს ბებია, დიგორხან დადიშქელიანი მეურვეობდა. მანვე შეასწავლა წერა-კითხვა და რამდენიმე ენა. 1842 წელს ყვავილის ეპიდემიის გამო გახიზნული იყო სამეგრელოს სამთავროში. ამით ისარგებლა მისმა ნათესავმა, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელმა თათარყან დადიშქელიანმა და თავს დაესხა სოფელ ფარს. ბრძოლაში დაიღუპა დიგორხანი. რუსეთის მთავრობის მოხელეების ჩარევით კონფლიქტი დროებით შეჩერდა და თათარყანმა კონსტანტინეს მამულები დაუბრუნა. დადიშქელიანს მტრობდნენ ასევე სამეგრელოს, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი მფლობელი. კონსტანტინე ითვლებოდა რუსეთის ქვეშევრდომად, ჰქონდა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის როტმისტრის წოდება. 1857 წელს კონსტანტინეს ძმებმა - თენგიზმა და ისლამმა სისხლის აღების განზრახვით მოკლეს თათარყანის შვილი ჯანსუღი. რუსეთის მთავრობამ და სამეგრელოს ხელისუფლებამ კონსტანტინეს ნათესავების სამფლობელოების მიტაცების, ასევე თავისუფალი სვანეთის თემების დაპყრობის განზრახვაში დასდო ბრალი. ქუთაისის გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა კონსტანტინე დადიშქელიანი თავისთან იხმო და 1857 წლის 22 ოქტომბერს შეხვედრისას მისი გასახლების გადაწყვეტილება გამოუცხადა. შელაპარაკებისას დადიშქელიანმა სასიკვდილოდ დაჭრა გაგარინი, მოკლა მისი ერთი ჯარისკაცი და დაჭრა რამდენიმე. გაქცევის მცდელობისას შეიპყრეს და სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით ქუთაისში დახვრიტეს. 1862 წელს გუბერნიის ერთ-ერთი მოხელის ნებართვით მისი ნეშტი ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს. კონსტანტინეს ცოლად ჰყავდა (1849 წლიდან) ადილხან (რუსუდან) ალექსანდრეს (ალიბეის) ასული შარვაშიძე (დ. 1829), აფხაზი მთავრის — გრიგოლ შარვაშიძის და. დადიშქელიანის სიკვდილით დასჯის შემდეგ მათი შვილები ციმბირის კადეტთა კორპუსში გაამწესეს, შემდეგ მამულები უბოძეს ტავრიის გუბერნიის ჩრდილოეთში.

წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი,2014.-გვ.572; მოჯანყე მთავარი : კონსტანტინე დადეშქელიანისაქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.258


გააზიარე: