The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყარამან კიკნაველიძე

ყარამან კიკნაველიძე
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1918  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კიკნაველეთი (ახლანდელი საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

ძმები ყარამან, შალვა, ნიკოლოზ და მანველ (მანუელ) კიკნაველიძეები ამჟამინდელი იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრაულას თემის სოფელ კიკნაველეთიდან (დღეს იწოდება, როგორც საკრაულა) 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ცარიზმის მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგნენ. რევოლუციის მარცხის შემდეგ მათ, შუა აზიის (თურქესტანის) გზით სპარსეთში გადახვეწა მოუხდათ. მაზანდარანის პროვინციაში ძმები ხე-ტყის ბიზნესით დაკავდნენ. ძმები კიკნაველიძეების, განსაკუთრებით, უფროსი ყარამანის სამრეწველო და საქველმოქმედო საქმიანობა საკმაოდ ფართოდ არის გაშუქებული იმდროინდელ და მომდევნო წლების ქართულ პრესასა და წიგნებში. ისინი ზრუნავდნენ მშობლიური სოფლის კეთილდღეობისათვის, აუშენეს და მოუწყეს სკოლა, გაიყვანეს გზა და სხვ. ყარამან კიკნაველიძის საქმიანობის შესახებ პირველი ცნობა ქართულ პრესაში ჩნდება 1899 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ "ცნობის ფურცელში" მის მიერ პარიზის ხე-ტყის გამოფენაზე ხის მასალის ნიმუშების გაგზავნასთან დაკავშირებით: "პარიზის გამოფენის ბიურომ მიიღო ყ. კიკნაველიძისაგან ექსპონატები ხე-ტყის მასალისა. ყოველ ხის ექსპონატი წარმოადგენს ნაჭერსათი გოჯი სიგძე და ორ სისქეს. გასუფთავებულია და ზედ აწერია ქართულ და რუსულ ენაზე რა ხისაა. ამ ექსპონატებს თან ახლავს მოკლე აღწერილობა: ვისი ტყეა, სად არის (რომელი სოფელი უეზდია) რამდენი დესეტინაა, და რა ხეები იზდება, ამ ტყეებში. ვისაც სურს ხე-ტყის ექსპონატების წარმოდგენა ხსენებულ ბიუროში, ამ სახით გამოაგზავნოს საჩქაროთ, რადგან ათ ნოემბრამდი მიიღება, მერე აღარ: შემდეგი ადრესით: სასახლის ქუჩა სათავადაზნაურო სახლში, ზემო სართულში N116". ეს ცნობა ფასეულია იმით, რომ აჩვენებს ყარამან კიკნაველიძის პროფესიონალიზმს ამ დარგში და გასაგებს ხდის წლების შემდეგ ყარამანისა და მისი უმცროსი ძმების ჩართვას ამ ბიზნესში უკვე სპარსეთში. შემდეგი ცნობა ეხება ყარამან კიკნაველიძის (ინფორმაციაში ყარამან კიკნაძის მიერ) მიერ ორიგინალური და მოსახერხებელი პირსაბანის გამოგონებას, "რომელიც ძალიან მარტივი კონსტრუქციისაა, სუმბუქია და პატარა ადგილსაც იჭერს. პირსაბანის ნაწილებია: ა) ტაშტის ჩასადგმელი რკალი, რომელიც კედელზე მაგრდება ერთი ლურსმით. ბ) წყლის ჩასასხმელი ცილინდრი, რომელიც ღერძზეა გაკეთებული და საჭიროებისამებრ ტრიალებს. გ) "პედალი" ანუ ფეხის დასადგამი წყლის გადმოსასხმელად.  ბ. კიკნაძეს პრივილეგია აუღია და მოკლე ხანში ამხანაგობის შედგენას აპირებს პატარა ქარხნის მოსაწყობად". შემდეგი ორი ცნობა ყ. კიკნაველიძის მიერ საკუთარ სოფელში იმ დროისათვის თანამედროვე ("სამინისტრო") სკოლის გახსნას ეხება. გაზეთი "ცნობის ფურცელი" 1903 წლის 19 ოქტომბერს წერს: სოფ. კიკნაველეთი (იმერეთი), თითქმის რვა წელიწადია ჩვენს სოფელში არსებობს სამრევლო სკოლა. სკოლაში ორიოდე მოსწავლეღაა. ამის მიზეზი ისიც არის, რომ პირველ ამ თვიდან აქ დაარსდა სამინისტრო სკოლა, სადაც ბავშვებს უფასოდ ასწავლიან. ამ სკოლისათვის შენობა თავის ხარჯით დაიქირავა და მოაწყო აქაურმა მცხოვრებმა ყ. ს. კიკნაველიძემ. ახალ სკოლაში ამ ჟამად ორმოცამდე ბავშვი სწავლობს. (ავტორი დესპინეიშვილი). კიკნაველეთში რვა წლის მანძილზე წარუმატებლად მოქმედი და მშობლებისათვის ხარჯიანი სამრევლო სკოლის საპირწონედ "სამინისტრო" სკოლის დაარსებაში ყარამან კიკნაველიძის ღვაწლზე უფრო ვრცლად წერს გაზეთი "ივერია" იმავე წლის 25 ოქტომბრის ნომერში: "პირველ ამ თვიდგან ს. კიკნაველეთში დაარსდა სამინისტრო სასწავლებელი. დამაარსებელი ამ სკოლისა არის ამავე სოფლის მცხოვრები ბ-ნი ყ. ს. კიკნაველიძე. ბ-ნი ყ .ს. კიკნაველიძე სამი წელიწადია სცდილობდა ამ საქმის განხორციელებას, მაგრამ, რადგან სხვა არავინ ჰყავდა შემწე და სოფელიც შეშინებული იყო პირველი სკოლის მაგალითით, ყველა უარს ამბობდა "სამინისტრო" სკოლის დაარსებაზედ, სხვა წყაროს ეძებდა, რომ საქმე სისრულეში მოეყვანა. ბოლოს თვითონ ყ. კიკნაველიძემ იდო თავს ხარჯი და გადასწყვიტა სკოლის დაარსება. მისცა თხოვნა სამოსწავლო მთავრობას და აღუთქვა: ვსწირავ ადგილს, ღირებულს ათას მანეთად, ავაგებ ისეთ შენობას, რომ ორკლასიანი სკოლისთვის გამოდგეს და სკოლის მოწყობასაც მე ვკისრულობო; ამას გარდა განათება, შეშა და მოსამსახურე ჩემი იყოსო. მხოლოდ მასწავლებელს დაენიშნოს ხაზინიდგან ჯამაგირიო. სამოსწავლო მთავრობამ შეიწყნარა ყ. ს. კიკნაველიძის თხოვნა და დაუნიშნა ერთ მასწავლებელს ჯამაგირად 360 მანეთი და შემდეგისათვისაც აღუთქვა ერთის მასწავლებლის ჯამაგირი. ბ-ნ ყ. ს. კიკნაველიძემ სოფლის საშუალო ადგილას იქირავა თავის ხარჯით შენობა, თავის ხარჯითვე მოაწყო და შეიძინა ყოველივე სკოლისთვის საჭირო ავეჯეულობა და ხალხს გამოუცხადა: მასწავლებელი დაგვენიშნა, რომელსაც ჯამაგირი ხაზინიდან მიეცემაო, სკოლაც მზად გვაქვს, თქვენ არაფერი არ გადახდებათ, სხვას ყურს ნუ უგდებთ და ბავშვები შემოიყვანეთ სკოლაშიო. ხალხმა დიდი მადლობა გადაუხადა ყ. ს. კიკნაველიძეს და ორმოცამდე ბავშვმა მოიყარა თავი სკოლაში. ეს საქმე ყ. ს. კიკნაველიძეს უჯდება არა ნაკლებ ოთხი ათას მანეთისა ერთხანად და ყოველ წელს 120 მან. ეს პირველი მაგალითია, რომ სოფელს ამისთანა შემწე კაცი აღმოსჩენოდეს. ბ-ნი ყ. ს. კიკნაველიძე იმასაც კი სცდილობს, რომ ღარიბის შვილებს და ობლებს, რომელთაც სასწავლო ნივთების ყიდვა არ შეუძლიათ, შემწეობა აღმოუჩინოს და რამდენსამე კიდევაც დაეხმარა. ეხლა ის უკვე შეუდგა სკოლის შენობისათვის მასალის დამზადებას და ამ ორს თვეში სკოლის შენობაც მზად გვექნება. ბ-ნი ყ. ს. კიკნაველიძე ერთი ღარიბი აზნაურიშვილია და არც დიდი განათლება აქვს მიღებული, ხოლო იმას კარგად აქვს შეგნებული სწავლის საჭიროება ხალხისათვის და ამიტომ იდო თავს ამისთანა მძიმე ტვირთი".  ამიტომაც არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რომ ყარამან კიკნაველიძემ თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისთვის 1000 მანეთი გაიღო, რაც თანმხლები წერილით პირადად გადასცა ივანე ჯავახიშვილს. საყურადღებო ცნობაა დაფიქსირებული ზაქარია ჭიჭინაძის არქივში, საიდანაც ჩანს, რომ ყარამან კიკნაველიძე იცნობდა იმ დროის გამოჩენილ მრეწველსა და ქველმოქმედს აკაკი ხოშტარიას, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი სპარსეთი იყო. ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ხელოვნების მუშაკისა და გამომცემლის ალექსანდრე არაბიძისადმი 1918 წლის 8 ოქტომბერს გაგზავნილია წერილი, სადაც მოხსენიებულია უკვე გარდაცვლილი ყარამან კიკნაველიძე, როგორც აკაკი ხოშტარიასთან მისი შუამავალი. ძმებმა კიკნაველიძეებმა თბილისის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტთა ქალაქის ასაშენებლად შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მათ დიდი დახმარება აღმოუჩინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, გაზეთ "ალიონის" რედაქციის შენობისათვის თბილისში შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მისი მშენებლობაც დააფინანსეს. ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება"  1918 წლის 13 თებერვალს უკვე სოფელ კიკნაველეთში ძმები კიკნაველიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ამოხოცვის ამბავს იუწყებოდა, გაზეთი "საქართველო" კი წერდა, რომ 1918 წლის 24 მარტს "ქვაშვითის წმიდა გიორგის ეკლესიაში გადახდილი იქნება ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი ყარამან და ოლიკო კიკნაველიძეების სულის მოსახსენებლად". 2005 წელს წელს თბილისში დარიალის შესახვევს ეწოდა ძმები კიკნაველიძეების ქუჩა.

წყარო: კიკნაველეთი ანუ მიწის ყივილის სადღეგრძელო / ბუხუტი ორჯონიკიძე.-2012.-790გვ.; ახალი მასალები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში /რედაქტორები: ნიკოლოზ ნახუცრიშვილი და გიორგი სანიკიძე.-გვ.187-223;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 28


გააზიარე: