The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანუელ კიკნაველიძე

მანუელ კიკნაველიძე
სხვა სახელი:მანველ კიკნაველიძე
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1916  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ საკრაულას სასაფლაო, ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კიკნაველეთი (ახლანდელი საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

ძმები ყარამან, შალვა, ნიკოლოზ და მანველ (მანუელ) კიკნაველიძეები ამჟამინდელი იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრაულას თემის სოფელ კიკნაველეთიდან (დღეს იწოდება, როგორც საკრაულა) 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ცარიზმის მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგნენ. რევოლუციის მარცხის შემდეგ მათ, შუა აზიის (თურქესტანის) გზით სპარსეთში გადახვეწა მოუხდათ. მაზანდარანის პროვინციაში ძმები ხე-ტყის ბიზნესით დაკავდნენ. ძმები კიკნაველიძეების, განსაკუთრებით, უფროსი ყარამანის სამრეწველო და საქველმოქმედო საქმიანობა საკმაოდ ფართოდ არის გაშუქებული იმდროინდელ და მომდევნო წლების ქართულ პრესასა და წიგნებში. ისინი ზრუნავდნენ მშობლიური სოფლის კეთილდღეობისათვის, აუშენეს და მოუწყეს სკოლა, გაიყვანეს გზა და სხვ. ძმებმა კიკნაველიძეებმა თბილისის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტთა ქალაქის ასაშენებლად შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მათ დიდი დახმარება აღმოუჩინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, გაზეთ "ალიონის" რედაქციის შენობისათვის თბილისში შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მისი მშენებლობაც დააფინანსეს. 1916 წლის 13 აგვისტოს გაზეთი "რუსსკოე სლოვო" მაზანდარანელი ქართველებით დასახლებულ სოფელ გორჯიმაჰალესთან ქართველი თავადის, მანველ (მანუელ) კიკნაველიძის მკვლელობის ამბავს იუწყებოდა. მკვლელობის მიზეზად გაზეთი ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძმების მკაცრ მოპყრობას ასახელებდა. ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება" გვამცნობს, რომ მკვლელობიდან ერთი წლის თავზე ძმებმა მანველის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. 2005 წელს თბილისში დარიალის შესახვევს ეწოდა ძმები კიკნაველიძეების ქუჩა. 

წყარო: კიკნაველეთი ანუ მიწის ყივილის სადღეგრძელო / ბუხუტი ორჯონიკიძე.-2012.-790გვ.; ახალი მასალები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში /რედაქტორები: ნიკოლოზ ნახუცრიშვილი და გიორგი სანიკიძე.-გვ.187-223 


გააზიარე: