The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქუთათელაძე

გიორგი ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1937  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა.
დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია 1908 წელს; ყაზანის სამხედრო სასწავლებელი 1911 წელს; 1917 წელს გაიარა კავკასიის ფრონტის გენშტაბის აკადემიური კურსები.

1914-1918წწ. მსახურობდა კავკასიის მე-6 მსროლელთა პოლკში პოდპორუჩიკის, შემდეგ პორუჩიკის წოდებით. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1915 წელს დაიჭრა. მიაღწია ბატალიონის მეთაურობას, კაპიტნის წოდებით. 1918-1921წწ. მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში, 1921 წლიდან წითელ არმიაში. 1921-1922წწ. იყო 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიონის შტაბის უფროსის მოადგილე, ცალკეული არმიის შტაბის მეკავშირე საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო სქმეთა სახალხო კომისარიატთან, კავკასიის ცალკეული არმიის შტაბის ადიუტანტი; 1924 წლისთვის იყო 1-ლი ქართული მსროლელი პოლკის უფროსის მოადგილე. მისი შენაერთი მონაწილეობდა 1924 წელს აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში დასავლეთ საქართველოში. 1924 წელს ქუთათელაძემ დაამთავრა წითელი არმიის კომინტერნის სახელობის უმაღლესის ტაქტიკური სკოლა. 1924 წლიდან იყო 1-ლი ქართული მსროლელი (1931 წლიდან სამთომსროლელი) პოლკის მეთაური ქუთაისში. 1930 წლიდან ქუთათელაძე იყო კავკასიის წითელი არმიის მეთაურის თანაშემწე; 1930 წელს მიღებულ იქნა საკავშირო კომპარტიის წევრობის კანდიდატად. გახდა კავკასიის წითელი არმიის მეთაურის თანაშემწე. 1933 წლიდან  კომდივი, მე-9 მსროლელთა კორპუსის მეთაური ქალაქ კრასნოდარში; 1935 წლიდან იყო წითელი არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის თანაშემწე მატერიალური უზრუნველყოფის დარგში, 1936 წლიდან დივიზიის კომისარი წითელი არმიის ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქში. 1937-1938წწ. დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს კრასნოდარში, 1937 წლის 19 აპრილს. 1937 წლის 13 ივლისს, თბილისში, "ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრობის" ბრალდებით სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ გიორგი ქუთათელაძეს დახვერტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 14 ივლისს. შინსახკომმა, როგორც "ხალხის მტრის ოჯახის წევრი", დააპატიმრეს გიორგი ქუთათელაძის მეუღლე - ნინო სიამაშვილი-ქუთათელაძე და 8 წლით გადაასახლეს "შრომა-გასწორების კოლონიაში". გიორგი ქუთათელაძე რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1956 წლის 28 ნოემბერს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. -გვ. 568; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (1928-1936)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: