Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ისაია პიტოევი![]()
Biography1898 წელს, მაშინ ჯერ კიდევ გოლოვინის პროსპექტზე, საფუძველი ჩაეყარა "არტისტული საზოგადოების" თეატრის მშენებლობას ცნობილი ტფილისელი არქიტექტორების, კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრ შიმკევიჩის ხელმძღვანელობით. თეატრის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო ტფილისელი სომეხი მეცენატი ისაი პიტოევი, რომელიც თეატრით იყო გატაცებული. 1844 წელს, მაშინდელი ტფილისის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მეწარმე ეგორ პიტოევის ოჯახში დაბადებულ ისაის ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული, იგი სანავთობო და თევზის ბიზნესში იყო ჩართული. ისაის მეუღლე იყო სტავროპოლში დაბადებული ოლღა მარქსი, მსახიობი, რომელმაც ქმარს თეატრი შეაყვარა. მეუღლის თეატრით გატაცებამ ისაია პიტოევი არტისტული საზოგადოების შექმნაზე დააფიქრა, რასაც სათავე დაედო 1885 წელს, პიტოევების ბინაში, პასკევიჩის ქუჩაზე (საბჭოთა დროს – მახარაძის, ამჟამად – ქიქოძის ქუჩა). პიტოევების სახლი იმ დროის ტფილისური ბოჰემის თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ შალიაპინი, ჩაიკოვსკი და იპოლიტოვ-ივანოვი. ისაი პიტოევის ოცნება იყო ნამდვილი თეატრის აშენება, რასაც მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაუდო სათავე. ბაროკოს სტილში აგებული შენობა 1901 წელს საზეიმოდ აკურთხეს, დარბაზი 810 ადგილზე იყო გათვლილი და თეატრის შიდა ინტერიერის მოპირკეთებაზე იტალიიდან მოწვეული ხელოსნები მუშაობდნენ. ხალიჩები, სარკეები, ავეჯი, განათება და თეატრისთვის აუცილებელი სხვა მოწყობილობები ევროპიდან იყო ჩამოტანილი. სხვადასხვა ცნობით, თეატრის მშენებლობა ისაი პიტოევს ნახევარი მილიონი ოქროს რუბლი დაუჯდა. პიტოევის კიდევ ერთი ოცნება იყო საზაფხულო თეატრის მშენებლობა, თუმცა ამ ოცნებას ასრულება არ ეწერა – 1904 წლის 22 აპრილს ისაი პიტოევი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა და იგი ხოჯავანქის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი საფლავი, ისევე, როგორც სასაფლაო, დღეს აღარ არსებობს, ხოლო მისი ოჯახის წევრები რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში გადასახლდნენ. თეატრში საქართველოს გასაბჭოების პირველივე თვეებში ბინა დაიდო ახალმა დრამატულმა თეატრმა, რომელსაც 1921 წლის 25 თებერვლის დადგენილებით, შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. 1949 წლის 9 ივნისს რუსთაველის თეატრი ხანძრის შედეგად პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა, დარჩა მხოლოდ გამზირზე გამავალი ფასადი. ძველი ფოტოების დახმარებით, შენობის აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა. მას შემდეგ თეატრის შენობას კიდევ რამდენჯერმე ჩაუტარდა განახლების სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ქველმოქმედი, მეცენატი, თეატრალური მოღვაწე. წყარო: სომეხთა მიერ გაწეული ქველმოქმედება თბილისის და საქართველოს საკეთილდღეოდ /კირაკოზოვი, არტემ. - წიგნში : ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება / ზაზა სიორიძე.-თბ., 2011.-გვ. 252-256.; ფოტო ამბები: facebook.com; ჟურნალი "თბილისელები": old.tbiliselebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |