შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევტიხი ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ონტოფო, აბაშის რაიონი. 13 წლისა ცნობილ ფოტოგრაფს გლაუდანს შეგირდად მიებარა ბათუმში. 1906 წელს კი თბილისში ჩამოვიდა რეტუშორის ხელობის შესასწავლად. ამ დროს თბილისში ფოტოგრაფთა გაფიცვა ყოფილა, რომელსაც ფოტოგრაფი იასონ ფურცელაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მოაწყო ევტიხი ჟვანია ცნობილ თბილისელ ფოტოგრაფ ე. კლართან. ამ დროისათვის ე. კლარს დიდი შეკვეთა ჰქონდა აღებული - ამიერკავკასიის რკინიგზის უბნებისა და თანამშრომელთა ფოტოების გადაღება. ფოტოგრაფმა ევტიხი ჟვანიაც თან წაიყვანა გადაღებებზე. ასე აისახა ფოტოდოკუმენტებში ამიერკავკასიის რკინიგზის ცალკეული უბნები, თანამშრომლები და მათი საქმიანობა თბილისიდან ხაშურის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის მიმართულებით. შემდეგ კი, ვინაიდან ერმაკოვმა ვერ მოასწრო ბათუმის, ბაქოს და ერევნის ხაზის გადაღება, ეს სამუშაოც ევტიხი ჟვანიას მიანდეს. 1912 წლიდან მას საკუთარი ფოტოგრაფია ჰქონდა. ევტიხი ჟვანიამ მომავალ თაობებს შემოუნახა ვანო სარაჯიშვილის, ლადო მესხიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, სესილია თაყაიშვილის, გალაკტიონის, სერგო ზაქარიაძის პორტრეტები. მის მიერ არის გადაღებული კ. სტანისლავსკის და მოსკოვის სამხატვრო თეატრის დასი მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან. 1914 წელს ევტიხი ჟვანიამ ბათუმში საავიაციო სამხედრო ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. მან აქვე გაიცნო პირველი ქართველი მფრინავი, ბესარიონ ქებურია და მისი პირველი გაფრენის შესახებ შემოგვინახა ფოტოდოკუმენტები. მალე თურქეთთან ომი დაიწყო, ევტიხი ჟვანია ამ დროს სარიყამისში იმყოფებოდა და 7 წლის განმავლობაში სამხედრო ფოტოგრაფად მუშაობდა, აქედან 3 წელი - ქართულ სახალხო გვარდიაში. ევტიხი ჟვანიას მიერ არის გადაღებული დემოკრატიული საქართველოს 1917-1921 წლების ფოტოქრონიკა, თბილისში 1917 წლის 26 მაისს არჩეული მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრება მცხეთაში 1917 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო სხდომა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საქართველოს პარლამენტის წევრები (1919 წელი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მორიგი სხდომა (1919 წელი), მიტინგი თბილისში მეორე ინტერნაციონალის წარმომადგენლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ინგლისისა და შოტლანდიის ჯარის ნაწილები თბილისისა და ბათუმის ქუჩებში, კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის აღსანიშნავი ზეიმი, დღესასწაული თბილისის ქუჩებში, სახალხო გვარდია ჯავშნოსან მატარებელთან, ქართველი იუნკერები ფიცის მიღების დროს, სახალხო გვარდიელები იარაღით ხელში გვირაბთან. 1915 წელს ევტიხი ჟვანიამ საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რუსთაველის გამზირზე, №14-ში გახსნა ფოტოატელიე, რომელიც იყო არა მარტო სახელოსნო, არამედ სალონიც, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები. თბილისში არის ევტიხი ჟვანიას სახელობის ქუჩა. წყარო: წარსულის მემატიანე - ევტიხი ჟვანიას უნიკალური ფოტოხელოვნება : ინტერვიუ / რუსუდან ჟვანია; ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე // კვირის პალიტრა.-თბილისი, 2022.-4 - 20 თებერვალი.-N 7 (1438).-გვ. 21; ევტიხი : ნარკვევი ფოტოგრაფ ევტიხი ჟვანიაზე / ლევან ჟვანია.-თბ.,2021.-80გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |