The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სულხანიშვილი

ალექსანდრე სულხანიშვილი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1990  (95 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანი, სოფელი აწყური, ახმეტის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აწყური, ახალციხის მუნიციპალიტეტი.

1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ ჯარში. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში, იყო ქაქუცას ერთ–ერთი მოადგილე, მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად თურქეთში გადავიდა და მას მერე 66 წელი ემიგრაციაში გაატარა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად, იახტების მშენებლად. 1950–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე სულხანიშვილი იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი, სათვისტომოს საქმიანობას ჩამოშორდა  კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ. ემიგრაციაში ალექსანდრე სულხანიშვილი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. გამოცემული აქვს წიგნები: "ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუ-იორკის ქართულ სათვისტომოში" (მიუნხენი, 1962, სტ. არჩილ მეტრეველისა); "მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე, 1922–1924" (სან–ფრანცისკო, 1981); "რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე" (სან–ფრანცისკო, 1985); "ჩემი პასუხი ჟორდანიას მემკვიდრეებს" (სანფრანცისკო, 1987); "შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წლის ნოემბრიდან" (სან–ფრანცისკო, 1987). ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებები საინტერესო დოკუმენტურ მასალებს შეიცავს 1924 წლის აჯანყებისა და ქართული ემიგრაციის ისტორიის პირველი წლების შესწავლისათვის. ალექსანდრე სულხანიშვილთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ–სატევარი, რომელიც მან 1989 წელს საქართველოს დაუბრუნა გაზეთ "სამშობლოს" რედაქტორის, ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ხელით. მისივე დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. მან თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით "საქართველოს მიწა". ალექსანდრე სულხანიშვილი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო და საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა. ქართული მიწა, რომელიც ბატონმა ალექსანდრემ განუშორებლად თან ატარა მრავალწლიან ლტოლვილობაში, მისი ანდერძის თანახმად გულზე დააყარეს, ასევე ანდერძის თანახმად საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტს გადაეცა დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს სიკვდილის წინ ეჭირა ხელში. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ–ხანჯალთან ერთად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ალექსანდრე სულხანიშვილის არქივი დაცულია საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. მისი სახელი მინიჭებული აქვს სოფელ აწყურის ცენტრალურ ქუჩას.

წყარო: შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან / ა. სულხანიშვილი. (ავტორი მოგვითხრობს საქართველოში 1924 წლის შეთქმულების ამბებს, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ ტრაგიკულ მარცხსა და შემდგომ ცხოვრებას ემიგრაციაში).-28გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: