შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კაც მაანი![]()
ბიოგრაფიაკაც მაანი აფხაზეთის ისტორიაში ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი ეკუთვნოდა მაანების იმ შტოს, რომლებიც თავს ხაბრ-იპას უწოდებდნენ თავისი ერთ-ერთი წინაპრის სახელის მიხედვით. კაც მაანის მამასთან, ბეჟან მაანთან იზრდებოდა გიორგი ჩაჩბა, აფხაზეთის სამთავროს მფლობელის ქელეშ-ბეის ვაჟი, და ის გარემოება, რომ ბეჟან მაანი მომავალი მმართველის ბიძა იყო, ცხადია, ავტორიტეტსა და გავლენას სძენდა არათუ ამ ოჯახს, არამედ მთელ მრავალრიცხოვან მაანთა გვარს აფხაზეთში. აფხაზეთის პოლიტიკურ არენაზე კაცია მაანი XIX ასწლეულის დასაწყისში გამოჩნდა. 1808 წელს შეთქმულების შედეგად მოკლეს აფხაზეთის მფლობელი ქელეშბეი ჩაჩბა. ქვეყნის მმართველობა ხელში მისმა უფროსმა ვაჟმა ასლან ბეიმ აიღო. იმავდროულად საკუთარი თავი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა ასლან ბეის ძმამ გიორგიმ, რომელსაც მხარს უჭერდა საქართველოს რუსული ადმინისტრაცია და სამეგრელოს სამთავრო კარი. ორი წლის შემდეგ, 1810 წელს ასლან ბეი ჩაჩბა რუსებმა სოხუმის ციხესიმაგრიდან გამოაძევეს. ხელისუფლებაში გიორგი მოვიდა. ტახტის მემკვიდრეობის ხელშეუხებელ წესებში ასეთმა უხეშმა ჩარევამ და რუსეთის "მფარველობის" ქვეშ აფხაზეთის შეყვანამ (1810 წლის 17 თებერვალი) აფხაზური არისტოკრატიის დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, 1821 წელს, გიორგი მოწამლეს. მის ადგილას რუსეთის იმპერატორმა დიმიტრი გიორგის ძე შარვაშიძე დანიშნა (1821-1822), რომელიც ასევე მოწამვლის მსხვერპლი გახდა. დიმიტრის დაღუპვის შემდეგ, კვლავ რუსის ჯარის მხარდაჭერით, აფხაზ მმართველთა რეზიდენციაში გიორგის მომდევნო ვაჟიშვილი – მიხეილი (1823-1864) დაფუძნდა. ამ მოვლენათა მოწმე და მონაწილე კაცია მაანი იყო. კაც მაანი იყო ახალგაზრდა მთავრის მიხეილ ჩაჩბა-შერვაშიძის ფავორიტი და ფაქტობრივი მეურვე. ასეთი პრაქტიკული გამოცდილების მქონე დამრიგებელი დიდ გავლენას ახდენდა როგორც ახალი მმართველის ფორმირებაზე, ასევე, მაშინდელი აფხაზეთის ურთულეს და ხშირად წინააღმდეგობრივ სიტუაციებზე. მთიელი ხალხებისთვის გაუგებარი რუსეთ-თურქეთის ომები, მთიელი ხალხების წინააღმდეგ რუსების საომარ მოქმედებებთან შერწყმული, გლობალური ტრაგედიის ნიშნებს იძენდა. რუსი მზვერავი ფ. ტორნაუ, რომელიც დიდხანს იყო დასავლეთ კავკასიის მთიელთა შორის ისე, რომ თავის ვინაობას მალავდა, გაცნობისთანავე უმალ შეიცნო გამჭრიახმა კაციამ, თუმცა, არ გასცა. რუსი ოფიცერი თავის მოგონებებში არაერთხელ აღნიშნავდა კაცია მაანის ღირსებებს. მოიხსენიებს მას, როგორც არათუ გამორჩეულ, არამედ როგორც სახელგანთქმულ პიროვნებას. შეუცვლელი კაცია მაანი პრაქტიკულად პირველი მინისტრი იყო აფხაზეთის მმართველი თავადის კარზე. მან რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდებამდე მიაღწია. მისი პატრონი– მიხეილი გენერალ-ადიუტანტობამდე ამაღლდა და რუსეთის საიმპერატორო კარის ბრწყინვალე თავადად აღიარეს. 1844 წლის ერთ დოკუმენტზე, იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა, იმ ადგილას, სადაც კაცია მაანის მოღვაწეობაზე იყო საუბარი, მინდორზე მიაწერა – "მე მას პირადად ვიცნობ". დიდების ზენიტში მყოფ ხანდაზმულ და ერთგულ თანამოღვაწეს აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შარვაშიძე-ჩაჩბამ შესთავაზა თავადის ტიტული. ბრძენმა კაციამ მადლობა გადაუხადა მთავარმმართებელს, მაგრამ თავადურ ღირსებაზე უარი თქვა. კაციამ მას უთხრა, თუ მთელ გვარს მისცემ თავადის ტიტულს, მივიღებ, თუ მხოლოდ მე – არააა საჭიროო, კაც მაანი აზნაურად დარჩა, თუმცა, ყველაზე აღმატებულად. კაცია ისეთი უფლებამოსილებითა და ძალაუფლებით სარგებლობდა, როგორიც მაშინ თავადსაც კი არ გააჩნდა. კაც მაანი გუდაუთის ცენტრში, ზღვისპირა პარკში დაკრძალეს. ამბობენ, თითქოს მერე საგვარეულო სამარხში, სოფელ ხუაპში გადაასვენეს. კაც მაანი საოცრად სწრაფად მიიწევდა კარიერის კიბეზე: სულ რაღაც 13 წლის განმავლობაში პორუჩიკის (1831 წლის 20 ივლისი) წოდებიდან გენერალ-მაიორობას (1844 წლის 7 თებერვალი) მიაღწია. წყარო: ვინ იყო კაც მაანი? / ლეონიდე ქიქოძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1993. - 2 ივლისი. - N141(687). - 4 გვ.; ქედუხრელი რაინდი / ნატო მარშანია.-თბ.,2012.-324გვ.(dspace.nplg.gov.ge); აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.233-244 (dspace.nplg.gov.ge); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.560 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |