Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ერისთავი![]()
Biographyინფანტერიის გენერლისა და ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერის, გიორგი იასეს (იესეს) ძე ერისთავისა (1859-1863) და გაიანე გიორგი XII-ის ასულის ბატონიშვილის (1780-1820) ვაჟი. 1832 წლის შეთქმულების მასალების მიხედვით, ზაქარია ერისთავი შეთქმულთა "პეტერბურგის ჯგუფის" აქტიური წევრი იყო (ამ დროს პეტერბურგის პაჟთა კორპუსში სწავლობდა). იგი დიმიტრი ბატონიშვილის წრეში ტრიალებდა და აჯანყებასთან დაკავშირებულ საუბრებშიც მონაწილეობდა, ამის გამო პეტერბურგში დაარსებულმა სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ ზაქარია ერისთავი დასაკითხთა სიაში შეიყვანა. "იგი ესწრებოდა კრებებს დიმიტრი ბატონიშვილთან, სადაც იმართებოდა აღმაშფოთებელი საუბრები საქართველოს განთავისუფლებასა და საამისო საშუალებათა შესახებ" - ნათქვამია კომისიის დასკვნაში, თუმცა თვითონ ზაქარიამ ეს ყველაფერი უარყო. კომისია აღარ ჩაეძია საეჭვო გარემოებებს და ზაქარია გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან. ზაქარია ერისთავი ეკუთვნოდა შეთქმულთა იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო მუშაობის პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფოებრივი არსებობისათვის აუცილებელი კულტურულ-იდეოლოგიური ნიადაგის მომზადებასა და ამ მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლას. საქართველოში დაბრუნებული ზაქარია ერისთავი სამხედრო სამსახურს გაჰყვა და მალევე მოიხვეჭა სახელი. 1849 წელს მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი კავკასიის მთავარმართებლად ნამყოფ ა. ერმოლოვს სწერდა, "ზაქარია ერისთავი ყოველმხრივ შესანიშნავი ადამიანია და დიდსა და პატარა ყაბარდოს ასეთი უფროსი ჯერ არა ჰყოლია". იგი ჭარ-ბელაქნის უფროსი იყო და პოლკოვნიკის ხარისხი ჰქონდა. 1850 წლის 4 აგვისტოს ზაქარია ერისთავი ზაქათალა-მუღანლოს გზაზე ლეკმა ყაჩაღებმა მოკლეს. "ზაქარია ერისთავის სიკუდილი ეხლა შევიტყე; აქამდის მიმალავდნენ. – ოჰ, რა ძლიერ შემაწუხა ამ ამბავმა. საბრალო მოხუცი მამა მისი! აქამდის იმიტომ იცოცხლა, რომ უკანასკნელი იმედი თვისი დამარხოს თავის ხელით... ამოიფხვრა ეგ ოჯახიცა!" – წერდა 1850 წლის 20 სექტემბერს გრიგოლ ორბელიანი თავის რძალს, ზაქარია ორბელიანის ცოლს, ქეთევან მესხიშვილს. 1851წლის 13 სექტემბერს იგივე გრიგოლ ორბელიანი თავის ძმას, ილიას, წერდა, რომ ზაქარია ერისთავის მკვლელიც მოკლულია: "ეს გახლავთ ბელაქნელი ყაჩაღი ლალა აბდულ ქერ იმოღლი, ერისთავის მკულელთაგანი, დიდი ვაჟკაცი და ბელადი. აქაურობა აყროლებული იყო ამისაგან. ზაქარიას შინლის ვოროტნიკი თანა ჰქონდა". არაერთ ხელნაწერ კრებულში შესული ლექსი "ვიშ რა გვიამას ხმაზედ სათქმელი" ("დავკარგე ფერითა მდიდრად შემკული, ვტირ, მიმეფარა...") ერთხანს გიორგი იესეს ძე ერისთავს მიეწერებოდა და იგი თითქოს ავტორმა შვილის, ზაქარიას, სიკვდილის გამო დაწერა, მაგრამ, როგორც გამოირკვა, სინამდვილეში ლექსის ავტორია გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი (1774-1837) და ზაქარია ერისთავის დაღუპვა აქ არაფერ შუაშია. ზაქარია ერისთავი დაკრძალულია იკორთაში. ზაქარია ერისთავს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე და შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა. 1844 წლის სიაში კი მისი სახელი არ ჩანს, სამსახურის გამო ამ დროს იგი აღარ იმყოფებოდა თბილისში. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.35; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |