The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ონიკაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1885
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

ალექსანდრე ონიკაშვილი და მისი ძმა სოლომონი ნახსენები არიან 1832 წლის შეთქმულების საგამოძიებო კომისიის მასალებში. კერძოდ, იასე ფალავანდიშვილი ერთ-ერთ ჩვენებაში წერს: "დეკემბრის 10 რიცხვში ჩემთან მოვიდნენ ალექსანდრე ორბელიანოვი და მისი ძმა დიმიტრი. ალექსანდრემ მითხრა, რომ მან ეს განზრახვა განუმჟღავნა შტაბს- კაპიტან სოლომონ ონიკოვსა და მის ძმას ალექსანდრე ონიკოვს".  სოლომონ და ალექსანდრე ონიკაშვილებს ჰყავდათ კიდევ ერთი ძმა, დიმიტრი, რომელსაც 1860 წელს ლექსი უძღვნა გრიგოლ ორბელიანმა. 1844-1845 წლებში ალექსანდრე ონიკაშვილი "ქართული მილიციის" ოფიცერი იყო და ძმასთან, სოლომონთან ერთად დაღესტანში შამილის წინააღმდეგ იბრძოდა. 1847 წელს კი იგი იყო იმ ჯგუფის წევრი, (მაკარ ორბელიანი, იაკინთე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე თუმანიშვილი), რომელსაც ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა გამოცემა ჰქონდა განზრახული). ალექსანდრე ონიკაშვილი იყო დამფუძნებელი წევრი  "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების". მას დარჩა უძვირფასესი ბიბლიოთეკა (ძველი ქართული ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები). ალექსანდრე ონიკაშვილის ერთ-ერთ მემკვიდრეს ეს ბიბლიოთეკა"ფუთობით მიუყიდნია ერთ ვიღაც მედუქნისათვის, რომელსაც ფურცლები სულ ქუჩაში ეყარა".– იუწყებოდა ჟურნალ "მწყემსის" ანონიმი კორესპონდენტი. 1850-1860-იან წლებში ალექსანდრე ონიკაშვილი პეტერბურგში იმყოფებოდა და ეკატერინე ჭვჭავაძე-დადიანის გარემოცვის წევრი იყო. 1860 წელს დიმიტრი ყიფიანს თბილისში უძრავი ქონების სააქციო-საკრედიტო კომპანიის დაარსება სურდა და ამ საქმეში ალექსანდრე ონიკაშვილი მისი კომპანიონი იყო, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ალექსანდრე ონიკაშვილს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე და შეტანილი აქვს 1843-1844 წლების საწევრო თანხა. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ცნობილი მწიგნობრისა და კალიგრაფის, იოანე ბატონიშვილის მდივნის, ნიკოლოზ ონიკაშვილის შვილი. (ნიკლოზ ონიკაშვილი ავტორია საინტერესო სამოგზაურო-მემუარული ხასიათის თხზულებისა "აღწერა მოსკოვისა, პეტერბურღისა და მას შინამყოფთა ხილვად საუცხოოთა და ხსოვნისა ღირსთა რაიმეთა ნივთთა ანუ ხელოვნებათა", რომელშიც აღწერილია 1801 წელს ავტორის მოგზაურობა თბილისიდან მოსკოვის გავლით პეტერბურგამდე). 

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.43-45; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com


გააზიარე: