The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჯიშკარიანი

ნინო ჯიშკარიანი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკის განხრით; ასწავლის ხატვასა და ტიპოგრაფიას, ხელწერას. 

მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-1985), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: "ნაკადული", "მერანი", "საბჭოთა საქართველო", "სეზანი", "მერიდიანი". გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნებისა და ქართული შრიფტის განვითარების პროცესების კვლევასა და პოპულარიზაციაში. მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები, რომლებიც მიეძღვნა ქართული წიგნის ხელოვნებას ("ქართული წიგნის ხელოვნება". წიგნი I. 2013; წიგნი II. 2015; ილუსტრაცია. წიგნი III. 2015 ). ამ გამოცემებში ასახულია XX საუკუნის წიგნის გაფორმების, კონსტრუირების, სატიტულო შრიფტებისა და ილუსტრირების შექმნისა და განვითარების ისტორია. გარდა ამ წიგნებისა, ავტორია მერაბ გეწაძესთან ერთად სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური ) წიგნისა: "Georgian TYPE for grapic designers. ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინისათვის" (ვარშავა ), რომელიც განკუთვნილია გრაფიკოს დიზაინერებისათვის. გამოსცა ასევე წიგნი: "Georgian book art. ქართული წიგნის ხელოვნება. XX-XXI" (ვარშავა). აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს ჟურნალებში: "ქართული შრიფტი" (მოკლე ექსკურსი)- ARS GEORGIA (ელექტრონული ჟურნალი, სერია B, "ახალი და თანამედროვე ხელოვნება", 2019), "ქართული წიგნის ხელოვნება  XX-XXI" (მხატვრები და მათი წიგნები)- ARS GEORGIA (ელექტრონული ჟურნალი, სერია B, "ახალი და თანამედროვე ხელოვნება", 2020), "ქართული შრიფტის კულტურა და მისი, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების პერსპექტივა თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემაში" - ARS GEORGIA (ელექტრონული ჟურნალი, სერია B, "ახალი და თანამედროვე ხელოვნება", 2022) ,"წიგნი როგორც მხატვრულ-ესთეტიკური სიამოვნება" (ჟურნალი "კულტურა+", 2024), "კავსაძის 4 - მემორიალური სახლი" (ჟურნალი "კულტურა+", 2025), "ქართული მოძრავი ასო" (ჟურნალი "კულტურა+", 2025). 1984 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში, მათ შორისთბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მედიარტის ფაკულტეტი, თბილისი (2013); ჩემი ფუნიკულიორი, თიბისი გალერეა, თბილისი (2013); კინომსახიობთა თეატრი, თბილისი (2012); კლიმატის ცვლილება, თბილისი (2009); აშშ საელჩო, თბილისი (1998) და სხვ. მიღებული აქვს არაერთი მადლობის სიგელი: გაეროს ბავშვთა ფონდისა (Unicef) და სახელმწიფო კანცელარიის მიერ გამართულ კონკურსში ბავშვთა უფლებათა კონვენციის თემაზე მხატვრულ ნაწარმოებთა შექმნის შესახებ მონაწილეობისთვის (2000, გაეროს ბავშვთა ფონდი), მონაწილეობისთვის გამოფენაში "კლიმატური ცვლილება" (2015), თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის საგამოფენო კვირეულში მონაწილეობისთვის (2018), ქართული შრიფტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის (2022, თბილისის საკრებულო), ხარაგაულის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის სამუზეუმო კოლექციის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის (2022, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურის მუზეუმის სამუზეუმო კოლექციის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის (2023, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). გრაფიკოსი, შრიფტოლოგი.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts. -თბ.,2022. - გვ. 248-249; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული: weekofart.comimagomundicollection.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ქართული შრიფტი", პრეზიდენტი, თანადამფუძნებელი (2015-)
  • საერთაშორისო არალათინური შრიფტების გაერთიანება/ფონდი "გრანშანი", საქართველოს წარმომადგენელი, ქართული ჟიურის თავმჯდომარე (2023-)
  • საქართველოს ახალგაზრდულ მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - ლიტერატურული პრემია "მუზა", ნომინაციაში წლის საუკეთესო დიზაინი (საქართველოს კულტურის სამინისტრო)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: