The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატო ახალკაციშვილი

ტატო ახალკაციშვილი
დაბადების თარიღი:1979  (46 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების განხრით 2003 წელს.

ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად ქმნის ინსტალაციებს, ობიექტებს, კოლაჟებსა და ვიდეო არტს. იგი ქართველი მხატვრების იმ თაობას ეკუთვნის, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო დამთვალიერებელმა. 2004 წელს შექმნილი "ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს" წარმომადგენელ ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი თავისი დროის მძიმე სოციალურ-კულტურული თემების გააზრებით დაკავდა და სხვადასხვა პროექტით შეეხო კოლექტიური მეხსიერების პრობლემასაც. ამ ჯგუფის წევრი იყო ტატოც, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად სწავლობდა თანამედროვე მხატვრობის განმსაზღვრელ ტენდენციებს და მუშაობდა "ახალი ფიგურატიულობის" ქართულ ვერსიაზე. მოგვიანებით მის ნამუშევრებში გაჩნდა მულტიმედიური ინსტალაციის ფორმატი ობიექტებით, ვიდეო ნამუშევრებით, კოლაჟებით, ფერწერულ კომპოზიციებში ჩართული ფოტო ფრაგმენტებით. ის სამხატვრო კარიერის დასაწყისშივე იაზრებდა პეიზაჟს, როგორც თავისი მხატვრობის ცენტრალურ ნაწილს. ენიგმატური პეიზაჟი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტექნოლოგიური და კონცეპტუალური ექსპერიმენტის ფონზე ვითარდებოდა. მისი მხატვრობა გამორჩეულია მხატვრული ხარისხით, რომლითაც საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვნება ხასიათდება და ის საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრების გამაერთიანებელი საბაზისო მხატვრული ხედვა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, წარმოსახვა - ფართო და მრავალფეროვანი. ის არის მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში, სოლო გამოფენები კი ყოველთვის გამოირჩევა ექსპოზიციის სიზუსტით, კონცეპტუალური სიმყარითა და შთამბეჭდავი ვიზუალური მეტყველებით. 2000 წლიდან მხატვარი აქტიურად იღებს მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა და არტ ბაზრობებში, როგორებიცაა: Start Art Fair (Saatchi Gallery, ლონდონი, 2015), Cosmoscow-ი (2016, 2018), Vienna Contemporary (2017), Art Geneva (2018), Art Dubai (2018). იგი იყო რეზიდენტი მხატვარი თერთმეტ საერთაშორისო არტისტს შორის დუბაიში 2018 წელს. 2017 წელს მისი ორი ნამუშევარი გაიყიდა ფილიფსის აუქციონზე (Off white). მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ინახება თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში და სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 188-189; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; თანამედროვე ხელოვნების არქივი: archive.propaganda.network


გააზიარე: