Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტატო ახალკაციშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების განხრით 2003 წელს. ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად ქმნის ინსტალაციებს, ობიექტებს, კოლაჟებსა და ვიდეო არტს. იგი ქართველი მხატვრების იმ თაობას ეკუთვნის, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო დამთვალიერებელმა. 2004 წელს შექმნილი "ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს" წარმომადგენელ ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი თავისი დროის მძიმე სოციალურ-კულტურული თემების გააზრებით დაკავდა და სხვადასხვა პროექტით შეეხო კოლექტიური მეხსიერების პრობლემასაც. ამ ჯგუფის წევრი იყო ტატოც, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად სწავლობდა თანამედროვე მხატვრობის განმსაზღვრელ ტენდენციებს და მუშაობდა "ახალი ფიგურატიულობის" ქართულ ვერსიაზე. მოგვიანებით მის ნამუშევრებში გაჩნდა მულტიმედიური ინსტალაციის ფორმატი ობიექტებით, ვიდეო ნამუშევრებით, კოლაჟებით, ფერწერულ კომპოზიციებში ჩართული ფოტო ფრაგმენტებით. ის სამხატვრო კარიერის დასაწყისშივე იაზრებდა პეიზაჟს, როგორც თავისი მხატვრობის ცენტრალურ ნაწილს. ენიგმატური პეიზაჟი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტექნოლოგიური და კონცეპტუალური ექსპერიმენტის ფონზე ვითარდებოდა. მისი მხატვრობა გამორჩეულია მხატვრული ხარისხით, რომლითაც საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვნება ხასიათდება და ის საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრების გამაერთიანებელი საბაზისო მხატვრული ხედვა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, წარმოსახვა - ფართო და მრავალფეროვანი. ის არის მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში, სოლო გამოფენები კი ყოველთვის გამოირჩევა ექსპოზიციის სიზუსტით, კონცეპტუალური სიმყარითა და შთამბეჭდავი ვიზუალური მეტყველებით. 2000 წლიდან მხატვარი აქტიურად იღებს მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა და არტ ბაზრობებში, როგორებიცაა: Start Art Fair (Saatchi Gallery, ლონდონი, 2015), Cosmoscow-ი (2016, 2018), Vienna Contemporary (2017), Art Geneva (2018), Art Dubai (2018). იგი იყო რეზიდენტი მხატვარი თერთმეტ საერთაშორისო არტისტს შორის დუბაიში 2018 წელს. 2017 წელს მისი ორი ნამუშევარი გაიყიდა ფილიფსის აუქციონზე (Off white). მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ინახება თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში და სხვადასხვა კერძო კოლექციებში. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 188-189; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; თანამედროვე ხელოვნების არქივი: archive.propaganda.network
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |