შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იან ჰომერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი. წარმოშობით ბერძენი იან ჰომერი დაიბადა ადვოკატის ოჯახში (დედა, ფრანკო–იტალიელი ელისაბედ ბონო–გრიმალდი). იგი თავის ოჯახთან ერთად ჩავიდა ჭიათურაში, სადაც იან ჰომერის მამა ჯონ ტარსეის ხელმძღვანელობით, ინგლისურ კომპანიაში "Forward and Salinas" მუშაობდა; მაშინ ინგლისელებმა ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. 13 წლის ასაკში იან ჰომერი ქალაქის ჩემპიონი გახდა. მალე ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 10 წლის განმავლობაში, 1918–1927 წლებში "მაესტრო" იანი თბილისის და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. 1928 წელს პირველ საკავშირო სპარტაკიადაზე ამიერკავკასიის გუნდმა, რომელიც მთლიანად საქართველოს ჩოგბურთელებით იყო დაკომპლექტებული, (მწვრთნელი იან ჰომერი) მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველმა ჩოგბურთელებმა მხოლოდ 39 წლის შემდეგ შეძლეს 1928 წლის შედეგის გამეორება. უკვე 1930-იანი წლების დასაწყისისთვის იან ჰომერმა ჩოგბურთელების მთელი პლეადა აღზარდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მოხვდნენ: თამარ გოგოლაური, ედუარდ ნეგრებეცკი, არჩილ მდივანი, ბორის სერებრიანიკოვი; შემდგომში კი ედუარდ ნეგრებეცკი და არჩილ მდივანი მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ, ბორის კრუპენიკოვმა კი 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელთა ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. მაღალი კლასის სპორსტმენების აღზრდის გარდა, იან ჰომერი აგრეთვე მწვრთნელებსაც ამზადებდა. არამ ხანგულიანმა (რომელმაც ალექსანდრე მეტრეველი აღზარდა) მუშაობა დაიწყო "დინამოს" კორტებზე. "მაესტრო" იანი ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, მისი სტატიები, რომლებიც სპორტის განვითარების პრობლემებს ეხებოდა, პრესაში იბეჭდებოდა. 1937 წელმა დიდი გარდატეხა შეიტანა იან ჰომერის ცხოვრებაში. იმ წელს მან ბევრი მეგობარი, ახლობელი და მოწაფე დაკარგა. არჩილ მდივანი აპრილში დააპატიმრეს. 1937 წლის ივნისში წამყვან მწვრთნელებთან და ჩოგბურთელებთან ერთად, მოსკოვის შეკრებაზე გაემგზავრა. მოსკოვში ჩავიდა განთქმული ფრანგი ჩოგბურთელი ანრი კოშე, რომელიც 2 თვის განმავლობაში ინტენსიურ ვარჯიშებს ატარებდა და საჩვენებელ თამაშებშიც მონაწილეობდა. აგვისტოში კი – დიდი ფრანგი ჩოგბურთელი თბილისს ეწვია და მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტებზე საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელებს შეხვდა. იან ჰომერი მშვენივრად ფლობდა ფრანგულ ენას და ანრი კოშესთან მუდმივი ურთიერთობის დროს სპორტსმენების მომზადების ახალი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა. ანრი კოშემ მაშინ აჩუქა იან ჰომერს თავისი ფოტო ავტოგრაფით:"იან ჰომერს, ჩოგბურთის სიმპათიურ და მომთმენ პროფესორს, ჩემი საუკეთესო სურვილებით". 1937 წლის ბოლოს იან ჰომერი თავის ძმებთან მარსელთან და ჟორჟთან ერთად დააპატიმრეს. მათ აბსურდული ბრალდება წაუყენეს: შპიონაჟი საზღვარგარეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ. "სამეულის" გადაწყვეტილებით "მაესტროს" მიუსაჯეს 10 წელი საბანაკო რეჟიმი და შემდეგ 5 წელი გადასახლება. იან ჰომერი მოხვდა კოლიმის ბანაკში, სადაც მოყინვის შედეგად ხელზე რამდენიმე თითი დაკარგა. 1948 წელს იან ჰომერს ნება დართეს ქუთაისში დასახლებულიყო, სადაც იან ჰომერმა პედაგოგიურ ინსტიტუტში ასფალტის კორტი მოაწყო და ურთულეს პირობებში კარგი ჩოგბურთელები აღზარდა. რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში დაბრუნებული იან ჰომერი მსაჯობდა შეჯიბრებებს, ატარებდა ვეტერანთა ტურნირებს, კონსულტაციებს უწევდა ჩოგბურთელებს. 1970-იან წლებში მან დიდი წვლილი შეიტანა ქუთაისის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სპორტული ნაგებობების მშენებლობაში. იან ჰომერმა საქართველოში ჩოგბურთის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 20-30-იან წლებში მან უზარმაზარი შრომა გასწია. 1998 წელს იან ჰომერის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა "მაესტროს" მემორიალური დაფა (დავით აღმაშენებლის პროსპექტი N117), ხოლო 2006 წელს ახალი საჩოგბურთო სტადიონი "JAN HOMER STADIUM". თბილისში არის იან ჰომერის სახელობის ქუჩა. წყარო: ჩოგბურთი = Tennis / ვლადიმერ გოგლიძე.- თბ., 2002.-გვ.184; მისტერ "მ"-ი საქართველოდან : ჩემი ბედ-იღბალი : მოგონებები / ნუგზარ მძინარიშვილი.-თბ., 2019.-გვ.49-51 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |