შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშა შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია (პროფესიით გეოლოგი იყო), მაგრამ ადრეული ასაკიდან ხატავდა. 1982-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. ხატვა შეისწავლა დამოუკიდებლად. მასზე დიდი გავლენა იქონიეს მოდერნისტმა მხატვრებმა, რომელთა ნამუშევრების რეპროდუქციები ნახა ლენინგრადის ბუკინისტურ მაღაზიაში ნაყიდ წიგნში "Modern Painting. Contemporary Trends". მხატვრის სიტყვით, სწორედ ეს წიგნი გახდა მისი სახელმძღვანელო. მხატვარი თავის ნამუშევრებს ყიდდა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე. იგივე გააგრძელა ქალაქ ათენში, სადაც ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და კუნძულ როდოსზე მისი პერსონალური გამოფენაც მოეწყო. თბილისში მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა "ბაია გალერეაში" 1995 წელს. ამის შემდგომ ის თბილისის სამხატვრო წრეების განუყოფელი წევრი გახდა. 1999 წელს გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიწვევით რამდენიმე სხვა ქართველ მხატვართან ერთად მან სამთვიან სარეზიდენციო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გლაზგოში ორი პერსონალური გამოფენა მოაწყო. ლონდონში ნანახმა საფოსტო ურიკამ წარწერით - "Royal Mail" მხატვარს შთაგონება მისცა, შეექმნა საფოსტო ბარათების ფერწერული სერია, რომელსაც "Replica Gallery" დაარქვა. მეორე პერსონალური გამოფენა "Royal Mai" კვლავ "ბაია გალერეაში" გაიმართა 2007 წელს. მხატვრის ნამუშევრები გაფანტულია მსოფლიოს უამრავ კერძო კოლექციაში. განსაკუთრებით ბევრი ნახატი ინახება არჩილ დარჩიას, ალექსანდრე და ოლგა ფლორენსკების, ლენა და დერეკ მიულერების კოლექციებში. 2022 წელს მისი ნამუშევრები, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის შეიძინეს, ხოლო კოლექციონერებმა ლენა და დერეკ მიულერებმა მუზეუმს ორი ნამუშევარი უსასყიდლოდ გადმოსცეს. ქართული ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლისა და სზოგადო მოღვაწის ნიკო კეცხოველის შვილიშვილი. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 150-151; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |