The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ხარისჭირაშვილი

დავით ხარისჭირაშვილი
Date of birth:1905
Date of death:17 December, 1942  (at 37 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წელს დავით ხარისჭირაშვილი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. დასახლდა საფრანგეთში, პარიზში. მუშაობდა სოშო-ოდენკურ პეჟოს ქარხანაში. აქტიურად ჩაება ქართველ ემიგრანტთა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ემიგრაციაში დაარსებულმა საქველმოქმედო და კულტურულმა ორგანიზაციებმა უდიდესი როლი შეასრულეს ემიგრაციის კონსოლიდაციისა და ახალი თაობისათვის ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, ტრადიციების შესწავლაში. ქართულ ენას ბავშვები ძირითადად ოჯახებში სწავლობდნენ. განსაკუთრებით რთული იყო ენისა და მენტალიტეტის შენარჩუნება მათთვის, ვისაც დედა არაქართველი ჰყავდა. პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის დასაძლევად 1930 ივლისში გადაიდგა, როცა კათოლიკური საზოგადოების ინიციატივით პარიზში კათოლიკური ბიბლიოთეკის შენობაში ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა. მომდევნო ნაბიჯი სახელმძღვანელოს გამოცემა იყო. 1931 წლის სექტემბერში მესტამბე დავით ხელაძემ იაკობ გოგებაშვილის "დედა-ენა" დაბეჭდა. 1932 წლის თებერვალში პარიზის ქართულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული ენის კურსები, სადაც ბავშვებს დავით ხარისჭირაშვილი კვირაში ორჯერ უფასოდ ამეცადინებდა. ემიგრაციაში ხშირად აღნიშნავდნენ საიუბილეო თარიღებს, აწყობდნენ ქართველ მწერალ კლასიკოსთა ხსოვნის დღეებს. დავითი ამ ღონისძიებებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. დავით ხარისჭირაშვილმა ემიგრაციაში სამედიცინო განათლებაც მიიღო. ცოლად შეირთო თამარ ჯაველიძე, 1938 წელს ვაჟი შეეძინა. მას ფრანგულ ჯარში პატივს სცემდნენ. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქართველ ემიგრანტთა ნაწილი გერმანულ არმიაში გაწევრიანდა. მათ სწამდათ, რომ ბოლშევიკური რუსეთის დამარცხება მხოლოდ ნაცისტურ გერმანიას შეეძლო. შეიქმნა დივერსიული ჯგუფები, რომელთა ამოცანა იყო საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად შემოღწევა, რათა მოსახლეობისთვის განემარტათ ვერმახტის ქართული ლეგიონების საბოლოო მიზანი – საქართველოს გამოხსნა საბჭოთა იმპერიის ბრჭყალებიდან. დავით ხარისჭირაშვილი ერთ–ერთი დივერსიული ჯგუფის, "თამარ I"-ის წევრი გახდა. ამ ჯგუფმა საქართველოში შემოსვლა მოახერხა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა უშიშროებამ მათ ადგილსამყოფელს მიაგნო. ვერმახტის ეფრეიტორი დავით ხარისჭირაშვილი 1942 წლის 17 დეკემბერს ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სუკ-ის რაზმთან შეტაკებისას ალყაში მოექცა და უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. დავით ხარისჭირაშვილის ვაჟი არის ვასილ კარისტი ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში = Des georgiens pour la France : 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ., 2009.-გვ.121-123


Share: