შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ სეხნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ვახტანგ სეხნიაშვილი 1942 წელს უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოხვდა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც საბჭოთა ტყვეებს მაღაროებში ამუშავებდნენ. მან გაქცევა მოახერხა და პოლონელ გაქცეულ ჯარისკაცთა დახმარებით წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდა, შემდეგ შეუერთდა მუშათა და ემიგრანტთა პარტიზანულ მოძრაობას, რომელმაც არაჩვეულებრივი საგმირო საქმეებით გამოიჩინა თავი. 1944 წლის 4 აგვისტოს ღამეს ვახტანგ სეხნიაშვილი ხელმძღვანელობდა ოპერაციას 161 ქართველი ტყვის გასათავისუფლებლად. გათავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები აღნიშნული პარტიზანული მოძრაობის 4214-ე რაზმს შეუერთდნენ და შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ქართული ბატალიონის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ ვახტანგ სეხნიაშვილის მეთაურობით. ამ ღირსშესანიშნავ ქმედებას მოჰყვა ინტენსიური რეპრესიები, მოკლეს წინააღმდეგობის მოძრაობის 30 მონაწილე, დაწვეს და დახვრიტეს ათიოდე მოქალაქე. მან დიდი გმირობა გამოიჩინა, მოახერხა ამხანაგების გაქცევის ორგანიზება და ალყის გარღვევა. 1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლების ბრძოლაში. ვახტანგ სეხნიაშვილი გახდა საპატიო მოქალაქე და მიენიჭა საფრანგეთის არმიის კაპიტნის წოდება, მაგრამ სამხედრო კარიერა არ გააგრძელა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. საქართველოში ჯერ გმირად, ხოლო 1947 წლის პოლიტიკური წმენდის დროს "იმპერიალიზმის აგენტად" იქნა გამოცხადებული და 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობას თავი დააღწია 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ. ყველა ამ განსაცდელის მიუხედავად შეძლო პირველი და მეორე სამშობლოს, საქართველოსა და საფრანგეთის ერთგული დარჩენილიყო. ციხიდან გამოსულმა ვახტანგ სეხნიაშვილმა აკადემიკოს ვიქტორ კუპრავას დახმარებით შეძლო უნივერსიტეტში აღდგენა. ერთ-ერთი თანამებძოლის ფრანგი მეუღლე კი დაეხმარა იმაში, რომ საფრანგეთის მთავრობა დაინტერესებულიყო ქართველი პარტიზანების ვინაობით. მოგვიანებით კი, ფრანგულ "ლე მონდში" გამოქვეყნებულმა სტატიამ ვახტანგ სეხნიაშვილზე მთელი ფრანგული საზოგადოება აალაპარაკა. "ინგლისელებმა გაიარეს, ფრანგებმა გაიარეს და, ბოლოს, ჩვენმა ასეულმაც გაიარა. დე გოლი დაინტერესდა - ტრიბუნაზე იდგა, ჩვენ დაბლა ვიყავით: პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი, მე - და იკითხა, ესენი ვინ არიანო? ესენი "სოვეტიკები" არიან, აქ დგანანო. მაგათი ხელმძღვანელები სად არიანო? აი, დაბლაო. აგვიყვანეს მაღლა. აგვიყვანეს ტრიბუნაზე. ხელი ჩამოგვართვა და მადლობა გადაგვიხადა." "კომენდანტი ვანია", იგივე ვახტანგ სეხნიაშვილი, საფრანგეთის მთავრობამ 2005 წელს ყველაზე საპატიო ჯილდოთი - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - დააჯილდოვა. ამასთანავე, ვახტანგ სეხნიაშვილი ერთბაშად ოთხი ფრანგული ქალაქის საპატიო მოქალაქეც იყო. 1960 წელს კი მოხდა მისი რეაბილიტაცია, თუმცა ვახტანგ სეხნიაშვილსა და მის თანამებრძოლებს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ჩამორთმეული ფრანგული ორდენები და მედლები აღარ დაუბრუნა. თელავში არის ვახტანგ სეხნიაშვილის სახელობის ქუჩა. წყარო: ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში = Des georgiens pour la France : 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ.,2009.-გვ.132-135; საფრანგეთი 60 წლის შემდეგაც არ ივიწყებს ვახტანგ სეხნიაშვილს : ფაქტი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 15 ივლისი. - N166 (5199). -გვ.1-2; თელაველი "კომენდანტი ვანია" : "ვისაც გული აქვს, ის მაინც სამშობლოში ბრუნდება" : ინტერვიუ / ვახტანგ სეხნიაშვილი ; ესაუბრა მაია კაკაურიძე // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2009. - 1 - 7 ივნისი. - N22 (774). - გვ.20 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |