| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ტატალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არალი, ახალციხის მაზრა (ამჟამინდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი). დაიბადა სტეფანე ტატალაშვილისა და კეკე ჩილინგარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში (კეკე ჩილინგარაშვილი, რომლის ფუძე-გვარი ვარდოსანიძე იყო, გაჩილინგარაშვილდნენ დაახლოებით 1900-1905წწ), ტატალაშვილის წინაპრები (გელხვიძეთა შტო) XVIII საუკუნის მიწურულს სოფელ ფხეროდან არალში დასახლებულან. დაწყებითი განათლება სამშობლოში მიიღო, რის შემდეგაც, 1896 წელს, რვა წლის ასაკში, სასულიერო მოღვაწე ბენედიქტე ვარდიძის ხელშეწყობით, სწავლის გასაგრძელებლად სტამბოლის ქართველთა სავანეში გაიგზავნა. 1900–1906 წლებში განათლებას იღებდა წმინდა ლუის სემინარიაში, ხოლო 1908–1911 წლებში რომში, ბენედიქტელ მამათა წმინდა ანსელმოს კოლეჯში სწავლობდა, რომელიც ფილოსოფიისა და თეოლოგიის განხრით წარჩინებით დაასრულა. რომში ყოფნისას იგი მიხეილ თამარაშვილის მოწაფე და შიო ბათმანაშვილის თანამოწაფე იყო. 1909 წელს პეტრე ტატალაშვილი დიაკვნად, ხოლო 1912 წელს მღვდლად ეკურთხა. 1911 წლიდან სტამბოლში დაბრუნებულმა მოღვაწეობა მონასტრის მდივნისა და სასწავლო პროცესების ხელმძღვანელის პოზიციაზე გააგრძელა. ფლობდა ფრანგულ, ლათინურ, გერმანულ და იტალიურ ენებს. 1929 წელს, როდესაც სტამბოლის ქართულ მონასტერს წმინდა საყდრის სამოციქულო ლეგატი ანჯელო რონკალი (შემდგომში რომის პაპი იოანე XXIII) ეწვია, მამა პეტრე მონასტრის მდივნის მოვალეობას ასრულებდა. რონკალი თავის ანგარიშებში პ. ტატალაშვილს ახასიათებდა როგორც მაღალი ზნეობისა და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ მოღვაწეს. სასულიერო საქმიანობის პარალელურად, მამა პეტრე ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი მგალობელი და ორღანისტი. 1950-იანი წლებიდან სტამბოლის სავანის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. 1955 წლის 6–7 სექტემბრის მოვლენებმა ("სტამბოლის პოგრომი"), რომელიც ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, სავანის ინფრასტრუქტურა დააზიანა. 1956 წელს პეტრე ტატალაშვილი ოფიციალურად დაინიშნა სავანის წინამძღვრად. მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა მწვავე ფინანსური კრიზისი და კადრების დეფიციტი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე სავანის ერთგული დარჩა. მკვლევართა (მათ შორის ევგენი დალეჯიო დ’ალესიოს) შეფასებით, სტამბოლის სავანე ემიგრაციისთვის წარმოადგენდა "სამშობლოს სიმბოლურ შემცვლელს". სავანის ეროვნულ მისიაზე მიუთითებს საკურთხეველზე არსებული წარწერები: "მარიამ – ქართველთა მხსნელი" და "მარიამ ღვთის მშობელო, ივერიის მოციქულო, მეოხ მეყავნ ჩვენ". ამდენად, მამა პეტრეს საქმიანობამ უზრუნველყო საგანმანათლებლო სისტემის სტაბილურობა და ქართული ტიპიკონის დაცვა, რამაც მისიონერული ინიციატივა ორგანიზებულ ეროვნულ მოძრაობად გარდაქმნა. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, კათოლიკე მღვდელი, სტამბოლის ქართული სავანის ბოლო ქართველი წინამძღვარი. წყარო: ქართველთა შორის კათოლიკობის ისტორიისათვის : მამა პეტრე ტატალაშვილი : სადისერტაციო ნაშრომი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი / თეა თათენაშვილი.-. თბ.,2024; რეზო ანდღულაძე : ინტერვიუ / ესაუბრა სიმონ აფრიამაშვილი // საბა : საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე. - თბილისი, 2011. - მარტი. - N3(183). - გვ.12-13
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

