The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ქოქიაშვილი

გელა ქოქიაშვილი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მკვლევარი, მომღერალი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1962 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1970 წელს.

ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ანსამბლი "შვიდკაცა", რომელიც ხშირად მართავდა კონცერტებს. 1958 წელს ახალგაზრდა შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში გაიმარჯვა და მხატვრული თვითშემოქმედებითი კოლექტივების ოლიმპიადის პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ასევე ლაურეატის წოდება მოიპოვა მან ზაქარია ფალიაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ვოკალისტთა კონკურსზე. იგი არის ვოკალისტთა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული, მათ შორის 1975 წელს იტალიის "ლა სკალას" საოპერო თეატრში სტაჟირებისთვის გამართულ საკავშირო კონკურსში, რომელიც მოსკოვში გაიმართა. წლების განმავლობაში, გელა ქოქიაშვილის ორგანიზებით და მონაწილეობით ქალაქ სიღნაღში იმართებოდა სიმღერის დღესასწაული "ვანოობა", მიძღვნილი ვანო სარაჯიშვილისადმი, ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით 2019 წელს სიღნაღში აღდგა და ფუნქციონირება დაიწყო ვანო სარაჯიშვილის მემორიალურმა მუზეუმმა. გელა ქოქიაშვილს ეკუთვნის წიგნები მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებზე: ენრიკო კარუზო, ტიტა რუფო, თევდორე შალიაპინი, ლუჩანო პავაროტი და პლასიდო დომინგო; კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანებზე პუბლიცისტური ნარკვევების კრებული "ნუმც მოიშლება ხსნება მათი..."  გელა ქოქიაშვილს შესრულებული აქვს ტენორის მთავარი პარტიები: აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილი "დაისი"), არსენა (ალექსანდრე ბუკია "არსენა“), რუდოლფი (ჯაკომო პუჩინი "ბოჰემა"), ნემორინო (გაეტანო დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი"), ახალგაზრდა ბოშა (სერგეი რახმანინოვი "ალეკო"). გელა ქოქიაშვილის მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა საკონცერტო საქმიანობას. 30 წლის განმავლობაში მან 700-ზე მეტი სოლო და შერეული სახის კონცერტში მიიღო მონაწილეობა. 1981 (ან 1982) წელს გამოსცა გრამფირფიტა (გიგანტი) "მღერის გელა ქოქიაშვილი", სადაც ჩაწერილია 15 ქართული რომანსი. 2013 წელს მან გამოუშვა კომპაქტდისკი ალბომის სახით, სადაც 27 ნაწარმოებია ჩაწერილი, მათ შორისაა ქართული კლასიკური რომანსები, იტალიური ნეაპოლიტანური სიმღერები და არიები. თავისი შემოქმედებითი საქმიანობის მანძილზე მან გამოსცა 12 წიგნი. შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, მუშაობდა კვების მრეწველობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართული ტრადიციული სუფრის წეს-ჩვეულებები, ადათ-წესები და მასთან დაკავშირებული საკითხები. ვოკალისტთა საკავშირო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი (1975), ქართველი საოპერო და კამერული მომღერალი (დრამატული ტენორი), მეღვინე, მკვლევარი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი (1988). 

წყარო: სუფრავ, გაშლილო - ლხინი ხარ : ვაზი, ღვინო, ქართული სუფრა და მისი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, ცნობილი სუფრები, თამადის ინსტიტუტი და მისი ადგილი ქართულ სუფრაზე, სადღეგრძელოები / გელა ქოქიაშვილი თბ.,2015. - 195გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • ფაზისის საერო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - სიღნაღის საპატიო მოქალაქე
  • 2019 - ქართული კულტურის ამაგდარი
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: