შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა სამუსიკო ათწლედი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით 2010 წელს; მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფორტეპიანოს სპეციალობაში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ოპერის თეატრის გარდერობში; ბაკალავრიატის მესამე კურსზე იყო, როდესაც მეცადინეობა დაიწყო ოპერის სოლისტ თემურ გუგუშვილთან; 2008-2011წწ. ვოკალის ხელოვნებას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილთან ეუფლებოდა; 2013-2014წწ. სწავლა იტალიის ქალაქ რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში განაგრძო ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან; 2010 წელს გახდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" სტიპენდიანტი; 2012 წელს რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა; არის თურქეთის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გრან-პრისა და სომხეთის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, ასევე, ლადო ათანელის მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი (2012 წელს); მისი დებიუტი საქართველოში 2011 წელს შედგა, როდესაც საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ "ღამის სერენადებში" მიიღო მონაწილეობა; იტალიაში კი 2013 წელს გაიცნეს როზინას პარტიით მოცარტის ოპერაში "ცრუ უბრალოება"; 2014 წელს მომღერალი მოცარტის საუკეთესო შესრულებისთვის ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში მაქს კლაინის და მადრონიტა ანდრეუს სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა; 2016 წლის მაისში პოლონეთში სტანისლავ მონიუშკოს სახელობის IX საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე გადაეცა ქალის ვოკალის კატეგორიაში პირველი პრემია და აგრეთვე, პრიზი პოლონელი კომპოზიტორის მონიუშკოს ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის; გახდა ლოძის დიდი თეატრის დირექციის პრიზის მფლობელი; მიიწვიეს ოპერა "ჰალკაში" მონაწილეობისთვის; 2017 წელს იმღერა ლონდონის სამეფო ოპერის თეატრ "კოვენტ-გარდენის" სცენაზე დადგმულ მოცარტის ოპერა "მითრიდატე პონტოელში"; მომღერალი ევროპაში საკონცერტო პროგრამებითაც წარმატებით მოგზაურობს; განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია მისმა გამოსვლებმა ცნობილ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად; მათი ერთობლივი გამოსვლა პირველად "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, ქუთაისში შედგა; ესპანელი ტენორი მისი ვოკალური შესაძლებლობებით მოიხიბლა და გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეში მიიწვია, მათ ერთად იმღერეს დუბაიში, ბრიუსელსა და სეულში; 2019 წელს გადაღებულ იქნა მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში, რომლის სახელწოდებაა "The Oratorio"; ფილმი ამერიკულ-იტალიური პროდუქციაა. მასში გადაღებულია კონცერტი, რომელიც 2018 წელს იტალიაში, კალიარის საოპერო თეატრსა და ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩატარდა; ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 200 წლის წინ ამერიკელმა მსმენელმა სწორედ ამ ეკლესიაში მოისმინა პირველად იტალიური საოპერო მუსიკა მარია მალიბრანის შესრულებით. სალომე ჯიქიას ევროპული გამოსვლები სულ უფრო ხშირად ექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. მასზე ფრანგული გამოცემა "ფიგარო" წერს: "ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა ქართველი სოპრანო, მალე მსოფლიოს დაიპყრობს". ქართველი საოპერო მომღერალი (კოლორატურული სოპრანო). წყარო: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი: opera.ge; საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |