შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ რევია-ბერეჟიანი![]()
ბიოგრაფიათამარ რევია-ბერეჟიანის პირველი ქმარი პირველ საბჭოურ რეპრესიებს შეეწირა. თამარი რომ არ გადაესახლებინათ, უცხოელზე, ახალგაზრდა გერმანელ სამხედრო ინჟინერ კარლ ტიცზე გათხოვდა, რომელიც საქართველოში მუშაობდა. კარლ ტიცი გერმანიაში დაბრუნდა, თამარი კი ბერლინის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს თამარმა "ქართულ შტაბში" დაიწყო მუშაობა. ამ დროს კარლ ტიცი სმოლენსკთან ავარიაში მოხვდა და დასახიჩრდა, იგი თამარს გაეყარა და შვილები - კარლი და ვივიანი წაართვა. 1944 წლის ივნისში, მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ, როცა რუსების შეტევა დაიწყო, დასავლეთს პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან ლტოლვილი ქართველები მიაწყდნენ. საჭირო იყო მათთვის ბინის შოვნა. ქართულმა შტაბმა ავსტრიაში ბავშვებისა და ავადმყოფი ტყვეებისათვის ბანაკის მოწყობა თამარ რევიას დაავალა. მას ემიგრანტი შოთა ბერეჟიანიც გააყოლეს, მათ ზალცბურგში, სოფელ მიტერზინში ორ სკოლაში მოაწყვეს ბანაკი, რომელსაც თამარი "მადამ ტიცის" სახელით განაგებდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ბანაკის მცხოვრებთა ნაწილი იტალიაში გადაიყვანეს, ნაწილი მიტერზინში დარჩა. 9 მაისს მიტერზინი ამერიკულმა ნაწილმა დაიკავა. 1945 წლის იალტის ხელშეკრულებით, ყველა იქ უნდა წასულიყო, საიდანაც იყო ჩამოსული. შოთა პარიზში უნდა დაბრუნებულიყო, თამარი – ბერლინში. ბერლინში ჩასვლა საშიში იყო – იქ რუსები იყვნენ. თამარმა და შოთამ ხელი ფიქტიურად მოაწერეს, პატარა ქორწილიც გადაიხადეს და საცხოვრებლად პარიზში წავიდნენ. თამარმა თავისი სამკაულები გაყიდა და დუქანი იყიდეს. 6 წლის მერე პარიზში რესტორანი "ფრანკო-ჟორჟიენ" გახსნეს. შემდეგ თამარმა შვილებიც მოძებნა. ლევილთან ახლოს, ლინაში სახლის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც ლატარიაში მოგებული 600 ათასი ფრანკით 1962 წელს დაამთავრეს. ქველმოქმედი, შოთა ბერეჟიანის მეუღლე, ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ემიგრანტი ქალები / რუსუდან დაუშვილი // ქართული ემიგრაცია.-თბილისი, 2022-2023.-N10-გვ.28
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |