The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ადელხანოვი

გრიგოლ ადელხანოვი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1917  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის კომერციული სასწავლებელი; სტაჟირება გაიარა გერმანიაში.

სწავლის დასრულების შემდეგ გრიგოლ ადელხანოვი, როგორც რუსული ადმინისტრაციის რიგითი მოხელე კავკასიაში გაგზავნეს. იგი საცხოვრებლად თბილისში დამკვიდრდა, ჯერ საბანკო საქმეში ჩაერთო, ხოლო შემდეგ მრეწველობაში გადაინაცვლა. 1872 წელს ადელხანოვი თბილისის ურთიერთკრედიტის საზოგადოების მმართველი გახდა და მალე ეს დაწესებულება რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ წარმატებულ საფინანსო ინსტიტუტად იქცა. 1875 წელს ადელხანოვმა ორთაჭალაში გახსნა თავისი პირველი ტყავის ქარხანა, რომელიც ევროპული დონის დაზგა-დანადგარებით იყო აღჭურვილი და ძირითადად ადგილობრივ ნედლეულს მოიხმარდა (ამ ქარხანაში მუშაობდა იოსებ სტალინის მამაც ბესო ჯუღაშვილი). მეწარმემ პარალელურად ფეხსაცმლის წარმოებაც დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ამ სფეროს ლიდერის პოზიცია დაიკავა რეგიონში. ადელხანოვმა კავკასიაში დისლოცირებული რუსული ჯარის ტყავის ნაწარმით (ჩექმები, უნაგირები და სხვ.) მომარაგების უფლება მოიპოვა, არაერთი გამოფენის ჯილდო დაიმსახურა და ფართო აღიარებას მიაღწია. მისი ფეხსაცმლის მაღაზიები და საწყობები, თბილისის გარდა, გახსნილი იყო პეტერბურგში, ბაქოსა და ვლადიკავკავში. ადელხანოვს სახელი გაუთქვა მის მიერ 1889 წელს თბილისში დაარსებულმა თექის ფაბრიკამაც, რომლის პროდუქცია ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნილებით სარგებლობდა. მრეწველისათვის დიდი მოგება მოჰქონდა ქურთუკების (ბუშლატების) წარმოებას, რომელიც ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო მეზღვაურებისა და რკინიგზელთათვის უნიფორმად გამოიყენებოდა. ადელხანოვს ეკუთვნოდა მდინარე მტკვრის სანაპიროზე ხეხილის დიდი ბაღით გარშემორტყმული ორსართულიანი ვილა და რამდენიმე საწარმო, ფლობდა მსხვილ სააქციო გაერთიანებას კავკასიაში ტყავისა და თექის წარმოების "გ. ადელხანოვის სააქციო საზოგადოების" საკონტროლო პაკეტს და სხვ. გრიგოლ ადელხანოვი, როგორც მსხვილი მრეწველთა წარმომადგენელი, 1890 წელს თბილისის სათათბიროს ხმოსნადაც იყო არჩეული. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკამ სამხედრო უწყების დაკვეთა მიიღო, რამაც მისი წარმადობა ორჯერ გაზარდა, თუმცა 1916 წლიდან, ნედლეულის მკვეთრი შემცირების გამო, წარმოება დაქვეითების გზას დაადგა. გრიგოლ ადელხანოვს მინიჭებული ჰქონდა კომერციის მრჩევლისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. წარმატებული მრეწველი თავისი ქონების გარკვეულ ნაწილს ქველმოქმედებას ახმარდა, არაერთხელ გაუღია სახსრები ოსმალეთში შევიწროებული სომხების დასახმარებლად, სომეხი ახალგაზრდების სწავლა-განათლების ხელშესაწყობად და სხვ. მრავალი წლის განმავლობაში ადელხანოვი იყო თბილისის კომერციული სასწავლებლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე და თბლისის სომხური საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საზოგადოების გამგეობის წევრი. პარალელურად, იგი სათავეში ედგა ციხის კომიტეტს, რომელსაც საპყრობილეებში პატიმრების მოპყრობაზე კონტროლი ევალებოდა. გრიგოლ ადელხანოვის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესი მემკვიდრეობით მის ვაჟს გადაეცა, რომელმაც მამის გზა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაგრძო. პროდუქციის გამოშვება არ შეუწყვეტია ფეხსაცმლის ფაბრიკას. თბილისელთა შორის პოპულარობით საერგებლობდა ე. წ. "ადელხანოვის ჩუსტები". რეგიონში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო 1920 წლიდან ადელხანოვის სააქციო საზოგადოება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ადელხანოვის საწარმოებიც ნაციონალიზაციას დაექვემდებარა. შვილი მამის ყოფილ ქარხანაში მთავარ ინჟინრად დანიშნეს, შემდეგ კი საბოტაჟში დაადანაშაულეს და ყარაგანდის ოლქის შრომა-გასწორების ბანაკში გადაასახლეს, საიდანაც აღარც დაბრუნებულა. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. ადელხანოვის თბილისის ფაბრიკა-ქარხნები გასული საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებამდე მუშაობდნენ, როგორც სახელმწიფო საწარმოები. 1924 წელს განხორციელდა ფეხსაცმლის ფაბრიკის რეკონსტრუქცია. საზღვრგარეთ შეიძინეს ფეხსაცმლის საკერავი ახალი მანქნები და სხვა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მდინარე მტკვარი ჯებირებში მოაქციეს და სანაპიროები მოეწყო, ეს საწარმოები დაანგრიეს. კომერსანტი.

წყარო: ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი... / ოთარ ჯანელიძე .-თბ.,2020.-გვ.401-403


გააზიარე: