შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია კახელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი; თსუ-ის ხელოვნების მეორადი ფაკულტეტი; შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; ლენინგრადის საკავშირო პროფსაბჭოს კულტურის უმაღლესი სკოლა მასობრივი რეჟისურის კვალიფიკაციით 1983 წელს. 1972 წლიდან სისტემატიურად იბეჭდება ქართულ პრესაში. 1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კავშირთაშორისო თვითმოქმედების რესპუბლიკურ სახლში, ჯერ თეატრის განყოფილების გამგედ, ხოლო შემდგომში დირექტორად. 1995 წელს დაარსა ხალხური შემოქმედების თეატრი "სახილველი", რომელსაც თვეში ორჯერ დედაქალაქში ჩამოჰქონდა სახალხო თეატრების საუკეთესო სპექტაკლები. 1982 წელს გ. კახელმა ს. დევაძესთან ერთად შემოიკრიბა ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი და თეატრი "სახიობა" ჩამოაყალიბა, რომელსაც 1993 წლის 23 ნოემბერს გიორგი შავგულიძის სახელი მიენიჭა. თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა გ. კახელის მიერ დადგმული სპექტაკლით - ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". იგი არის თეატრ "სახიობას" სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი. მის მიერ განხორციელებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ჟ. ანიუს "ანტიგონე"; რ. ერისთავის "ბიძიასთან გამოხმაურება"; ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავები"; ნ. წულეისკირის "მსხვერპლი"; ნ. ნახუცრიშვილის "კომბლე"; ლ. თაბუკაშვილის "გვიან თენდება დედა", "ჭრილობა" და "შენკენ სავალი გზები", თ. მეტრველის "ღმერთმა შექმნა ადამიანი" და "ასეთია ცხოვრება"; მ. მრევლაშვილის "შუშანიკის წამება"; ვაჟა - ფშაველას "კაი ყმა - კაცი მართალი" და სხვა. გ. კახელის რეჟისორობით ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი თემა. 1995 წელს დაიდგა სოხუმელი დრამატურგის ტატა ახალაის პიესა "ბზარი", შემდგომში კი ამავე დრამატურგთან თანამშრომლობით შეიქმნა "უღელტეხილი" (1997), "შერიგება ( 1998), ხოლო 1999 წელს თ. ნადარეიშვილის წიგნის მიხედვით განხორციელდა "შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ". წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.129-130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |