The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ფრენკელი

Date of birth:1839
Date of death:1909  (at 70 years)
Category:Lawyer, Public Man

Biography

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (სავარაუდოდ 1858-1863), გახდა ნაფიცი ვექილი და მთელი სიცოცხლე ამ სფეროში მოღვაწეობდა.

რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისში. იგი ეწინააღმდეგებოდა განსაკუთრებით სასტიკ განაჩენებს, სიკვდილით დასჯას. ალექსანდრე ფრენკელს საკმაოდ ახლო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დიმიტრი ბაქრაძესთან, ივანე კერესელიძესთან, ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ნიკოლაძესთან, გიორგი წერეთელთან, სერგეი მესხთან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეებთან. 1894 წელს თბილისში გამოიცა პეტერბურგის უნივერსიტეტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ალექსანდრე ფრენკელის შედგენილი წიგნი, რომელიც მთლიანად მის მოგონებებზეა აგებული. იგი თანამშრომლობდა ნიკო ნიკოლაძის მიერ 1878 წელს თბილისში დაარსებულ გაზეთ "ობზორ"-ში. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ პეტერბურგის უნივერსიტეტიდან, გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა იყო და ხშირად აქვეყნებდა არსებული წყობილების საწინააღმდეგო მასალებს, რის გამოც 1880 წელს ხელისუფლებამ მისი გამოსვლა შეაჩერა, ხოლო ნიკო ნიკოლაძე სტავროპოლში გადაასახლა. "ობზორის" პარალელურად, ალექსანდრე ფრენკელი პეტერბურგის გაზეთ "გოლოსშიც" თანამშრომლობდა და იყო ამ გაზეთის შუამავალი და აგენტი თბილისში. გაზეთის კავკასიელი კორესპოდენტები მისი მეშვეობით ღებულობდნენ ჰონორარს. ამაზე მეტყველებს ცნობილი მწერლის, გიორგი წერეთლის 1879 წლის 18 ნოემბრის ბარათი, რომელიც მან გაუგზავნა "გოლოსის" რედაქციას. ამ ბარათში ავტორი ასახელებს ალექსანდრე ფრენკელს, როგორც გაზეთის აგენტს თბილისში. ალექსანდრე ფრენკელის თანამშრომლობა "ობზორში" და მისი ურთიერთობა ნიკო ნიკოლაძესთან და გიორგი წერეთელთან ადასტურებს, რომ ის იყო პროგრესული მიმართულების დემოკრატი, ხალხოსნურ იდეებზე აღზრდილი და ქართულ ეროვნულ საქმეებში აქტიურად ჩართული მოღვაწე.  "ობზორი"-ს დახურვის და მისი რედაქტორის საქართველოდან წასვლის შემდეგ იგი მეცნიერულ ნაშრომებს აქვეყნებდა მის მიერ დაარსებულ ჟურნალებში. 1881-1885 წლებში თბილისში გამოდიოდა ჟურნალი "იურიდიჩესკოე ობოზრენიე", 1883 წლიდან კი ჟურნალის რედაქტორ-გამომცემლობა ალექსანდრე  ფრენკელის ხელში გადავიდა. იქ იგი დარჩა ჟურნალის გამოცემის იძულებით შეჩერებამდე, 1885 წლამდე. 1886 წელს დააარსა ყოველდღიური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი "კავკაზსკოე ობოზრენიე", სადაც აქვეყნებდა პროგრესული იდეების მატარებელ მასალებს,  ამიტომაც მხოლოდ 1888 წლის დასაწყისამდე იარსება.  1904 წლის ბოლოს, იგი კვლავ ცდილობდა ახალი გაზეთის დაარსებას. აქვეყნებდა მასალებს ამიერკავკასიის ხალხების მიწათმფლობელობის უფლებებზე, მიჰყავდა რუსეთისა და ამიერკავკასიის სასამართლო ქრონიკა, აშუქებდა ყველა მნიშვნელოვან სასამართლო პროცესებს და გამოტანილ განაჩენებს. ნაფიცი მსაჯული ალექსანდრე ფრენკელი სასამართლო პროცესზე ხშირად დამცველადაც გამოდიოდა. ამის მაგალითად საკმარისია თბილისში გამართული გახმაურებული პროცესი ტატო წულუკიძისა, რომელის დაცვაზე ყველა ვექილმა უარი განაცხადა, ალექსანდრე ფრენკელმა კი ამის სურვილი გამოთქვა, ამ პროცესს მან 174-გვერდიანი წიგნი "ყაჩაღი ტატო წულუკიძე" მიუძღვნა, რომელიც თარგმნა ვარლამ თორელმა და 1911 წელს ბეგლარ ფილინოვმა გამოსცა. ალექსანდრე ფრენკელის ურთიერთობა დადასტურდა აგრეთვე ქართული პერიოდიკის ერთერთ მამამთავართან ივანე კერესელიძესთან. 1887 წელს ალექსანდრე ფრენკელს მისი სასოფლო-სამეურნეო გაზეთის "ცისკარის"  1-22 ნომრები გამოუცია. ალექსანდრე ფრენკელს ახლო კავშირი ჰქონდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძესთან. მის ნაწერებს იგი ხშირად იმოწმებდა თავის წიგნში და მას ერთ-ერთ სანდო და დასაყრდენ მეცნიერად თვლიდა. ექვთიმე თაყაიშვილს დიმიტრი ბაქრაძე ალექსანდრე ფრენკელმა გააცნო. ამის შესახებ  ექვთიმე თავის მოგონებებში წერდა და ალექსანდრე ფრენკელს ახასიათებდა, როგორც ქართველების მეგობარს: "დიმიტრი ბაქრაძეს ერთხანს მხოლოდ მისი ნაწერებით ვიცნობდი, პირადად არა. პეტერბურგიდან რომ ჩამოვედი არც მაშინ დამხვდა თბილისში. კონსტანტინეპოლში მიევლინებინა მთავრობას, თურქული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების შესაგროვებლად. თბილისში ერთი ნაფიცი ვექილი მუშაობდა, გვარად ფრენკელი, წარმოშობით ეგებ ებრაელიც კი, მართლმადიდებელი იყო და ქართველების დიდი მეგობარი (ვახტანგ მეექვსის კანონების რუსული თარგმანი მისი რედაქციით გამოვიდა). ბაქრაძე რომ ჩამოვიდა, იმ ფრენკელთან შედგა სხდომა ბაქრაძის მიერ ჩამოტანილი თურქული დოკუმენტების თაობაზე. მაშინ გამაცნო ბაქრაძე ფრენკელმა". ალექსანდრე ფრენკელის ურთიერთობა დიდ ქართველ მოღვაწეებთან უბრალო ნაცნობობით არ ამოწურულა, საქმე ეხებოდა საქართველოს ისტორიის დიდმნიშვნელოვან წყაროს, როგორც სამართალმცოდნეობის ძეგლს. მისი მნიშვნელობა აღიარეს თვით ცარიზმის მესვეურებმაც და პირველად 1828 წელს რუსეთის სენატის დავალებით დაბეჭდეს, როგორც სამსახურეობრივი სარგებლობის სახელმძღვანელო. ბუნებრივია, ასეთი წესით გამოცემული წიგნი ფართო წრისათვის მიუწვდომელი იქნებოდა, ამიტომ ალექსანდრე ფრენკელმა უფრო ვრცელი და დაზუსტებული სახით 1887 წელს გამოსცა სახელწოდებით: "Сборник законов грузинского царя Вахтанга VI", წიგნის რედაქტორი ისტორიკოსი და არქეოლოგი დიმიტრი ბაქრაძე იყო.  ალექსანდრე ფრენკელზე პირველი ცნობა გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში". ცნობილი ხალხოსანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ნანეიშვილი მკითხველს ამცნობდა ალექსანდრე ფრენკელის დიდ დამსახურებას და ვახტანგ VI სამართლის წიგნის რუსულ ენაზე გამოცემის დიდ მნიშვნელობას. 1890 წლის აპრილში თბილისში გაიმართა იურდიული საზოგადოების საერთო კრება, რომელზეც მთავარი მოხსენება, "დიმიტრი ბაქრაძის იურდიული მოღვაწეობის შესახებ", ალექსანდრე ფრენკელმა გააკეთა და იგი ორი თვის წინ გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. "ივერიის" ერთერთი ნომერი იუწყებოდა, რომ ალექსანდრე ფრენკელი თავის ორ სტუდენტობის დროინდელ მეგობართან ერთად (ი. მილიუტინი, ვ. ბოგოსლოვსკი) ილია ჭავჭავაძეს აცნობებს, რომ თბილისში მყოფი პეტერბურგის უნივერსიტეტის სწავლადამთავრებულულები მათი "ალმა მატერ"-ის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ სადილს მართავენ და "ივერიის" რედაქტორს ამ სადილზე იწვევენ. ამ წერილით ილიას მოპატიჟება, მეგობრების თბილისში მოწვევა და 1894 წელს თბილისში წიგნის გამოცემა, რომელიც მიძღვნილია ამ იუბილესადმი, ადასტურებს, რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის 75 წლის იუბილე თბილისში გაიმართა ალექსანდრე  ფრენკელის ძალისხმევითა და ინიციატივით, რასაც მთელ რუსეთის იმპერიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ ქართული გაზეთები ("ივერია", "ცნობის ფურცელი") რამდენიმე ცნობას აქვეყნებდა მის მოღვაწეობაზე, 1899 წლის 26 იანვარს იურიდიული საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ფრენკელმა წარადგინა თავისი სამეცნიერო ნაშრომის რეფერატი ქართული კანონების შესახებ, სადაც ვრცლად და მეცნიერულად გაანალიზებული იყო ვახტანგ VI-ის სამართალი, კერძოდ და ზოგადად ქართული სამართალი. ალექსანდრე ფრენკელის მოღვაწეობა მარტო მისი პროფესიით არ იფარგლება. იგი ყურადღებას უთმობდა ისეთ საქველმოქმედო საქმეებს, როგორიცაა ხელმოკლე მოსწავლეების დახმარება, იგი ამ საზოგადოების წევრი იყო. 1900 წლის დეკემბერში საზოგადოებას შეუდგენია წესდების პროექტი, ხოლო კრება ჩატარებულა "გრიბოედოვის ქუჩაზედ, ნაფიც ვექილ ა. ფრენკელთან, რომლისთვისაც მიუნდვიათ იშუამდგომლოს მთავრობასთან ამ წესდების დამტკიცების შესახებ". 1902 წლიდან ქართულ პრესაში ალექსანდრე ფრენკელის ხსენება აღარ არის, თუმცა ის კვლავ აგრძელებდა აქტიურ პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მრავალფეროვანი იყო ალექსანდრე ფრენკელის სიცოცხლის ბოლო 10 წელი, იგი იყო იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას სახელობის უსინათლოთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი. 1910 წლიდან მისი ხსენება საერთოდ წყდება, სავარაუდოდ იგი 1909 წელს გარდაიცვალა. მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც ილია, აკაკი, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვ. ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობდნენ, იმართებოდა ალექსანდრე ფრენკელის სახლში. 

წყარო: არაქართველი თერგდალეულთა თაობიდან : ალექსანდრე ფრენკელი / რამაზ სურმანიძე // მუზეუმის მაცნე / ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი.-ბათუმი,2012.-ტ. V.-გვ.23-28

Bibliography


Share: