The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კიკნაძე

რევაზ კიკნაძე
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1989  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1951 წელს.

1939–1945წწ. II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა სამხედრო-საჰაერო ძალებში. 1956–1989წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1961–1963წწ. იყო მახლობელ აღმოსავლეთ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის განყოფილების, ხოლო 1969–1989წწ. საქართველოს ძვ. და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე. არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა კომისიის გამოცემების ორ სერიას – "ქართული წერილობითი ძეგლები" და "საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები". იყო წყაროთმცოდნეობის დარგში ჩატარებული მნიშვნელოვანი ფორუმების ორგანიზატორი. მისივე თაოსნობით ყოველწლიურად იმართებოდა წყაროთმცოდნეთა რესპუბლიკური სამეცნიერო სესიები. მისი რედაქტორობით გამოიცა "წყაროთმცოდნეობითი ძიებანი" (პერიოდული გამოცემები რუსულ ენაზე) და "ქართული წყაროთმცოდნეობა" (ტომები 1989-მდე), 1957 წელს "ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან", რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მას ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის მე-3 ტომის (1979) ერთ-ერთი მონაკვეთი. მეცნიერი დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის აღმოსავლური წერილობითი წყაროების თარგმნას და სამეცნიერო კომენტარებით გამოცემას. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია "ჟამთააღმწერლის სპარსული წყაროები", ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანის "თარიხუ ამინი" ("კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული", ნაკვ. 11, თბ., 1962), "ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ" (თბ., 1966. ვ. ფუთურიძესთან ერთად), "ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ" (თბ., 1974), "სამყაროს საკვირველებანის" ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ (თბ., 1978) და სხვ. მის სამეცნიერო მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფარსადან გორგიჯანიძის თხზულების შესწავლას. ამ მხრივ აღსანიშნავია "ფ. გორგიჯანიძის ერთი ქართული წყაროს შესახებ" ("მაცნე". ისტორიის სერია, 1971, №2), "ფ. გორგიჯანიძე და ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" (თბ., 1975), "Парсадан Горгиджанидзе. История Грузии" (თბ., 1990) და სხვ. 1987 გამოსცა ჟამთააღმწერლის "ასწლოვანი მატიანე" (გამოკვლევით, შენიშვნებითა და ლექსიკონით). მისი ინტერესების არეალში მოქცეული იყო წყაროთმცოდნეობის თეორიის საკითხებიც. დიდ ყურადღებას უთმობდა წყაროთმცოდნეობითი კვლევის, ისტორიული წყაროს კრიტიკული ტექსტის დადგენის მეთოდიკის საკითხებს. წყაროთმცოდნე, თეორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1980).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: ihe.tsu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 34-35

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: