შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე რატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ორიოლი, რუსეთი. ივანეს წინაპარი სოფელ ქსოვრისიდან 1724 წელს მეფე ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ივანეს მამა, დიმიტრი რატიშვილი (რატიევი), იყო რუსეთის არმიის ოფიცერი, დედა – ოლღა მიხეილის ასული მასლოვა. ივანე რატიშვილი 10 წლის ასაკში სასწავლებლად შეიყვანეს ორიოლის კადეტთა კორპუსში. 1888 წელს სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის საკავალერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც, მისივე თხოვნით, კავკასიაში გადაიყვანეს. 1890 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული. ივანე რატიშვილს ჯანმრთელობის გამო სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია. ტრამვის გამო 1907 წელს იგი სამხედრო სამსახურიდან ვიცე-პოლკოვნიკის ჩინით გადადგა, მალე პარიზში გაემგზავრა და წარმატებით დაამთავრა ნატიფი ხელოვნების აკადემია. განათლების მიღების შემდეგ, სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და რუსეთის განათლების სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მალე განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, როგორც სახვითი ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ზამთრის სასახლის სამმართველოში გადაიყვანეს. 1913 წელს ზამთრის სასახლის პოლიცმეისტერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, იმავე წელს გვარდიაში გადაიყვანეს. 1915 წელს კი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ზამთრის სასახლეში იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულის მხატვრულ განძეულობათა საცავის სარევიზიო კომისიის წევრად დანიშნეს. 1916 წელს იგი იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც უნდა გამოერკვია პეტროგრადის სასახლეების სამმართველოში შემავლი შენობების აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის იმავე წელს მიენიჭა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი და პოლკოვნიკის წოდება. 1917 წლის აპრილში ივანე რატიშვილი დაინიშნა პეტროგრადის სასახლეების სამმართველოს უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ კომაროვის თანაშემწედ და სულ მალე კი – ერმიტაჟიდან და სხვა სასახლეებიდან განძეულობის ევაკუაციისათვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარედ. ივანე რატიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1917 წლის რევოლუციების დროს ზამთრის სასახლის, ერმიტაჟის სამუზეუმო ექსპონანტებისა და განძეულობის გადარჩენაში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დროს ივანე რატიშვილმა მეორედ გადაარჩინა ზამთრის სასახლის საგანძური და სიკვდილისგან იხსნა დაჭრილი ჯარისკაცები. 1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითმა მთავრობამ ზამთრის სასახლეს შეაფარა თავი, საგანძური კვლავ საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, ვიდრე რევოლუციონერები ზამთრის სასახლის იერიშისთვის ემზადებოდნენ ივანე რატიშვილმა დაიხმარა რამდენიმე ჯარისკაცი, თავისი ვაჟი – პაჟთა კორპუსის კურსანტი დიმიტრი და დაჭრილების საწოლები შიგნით უფანჯრო ოთახებში გადაიტანა, სადაც ტყვია ვერ შეაღწევდა და ამით ათასზე მეტი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა. სასახლეზე იერიშის დროს ხელქვეითების დახმარებით ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები სარდაფის საცავებსა და სეიფებში გადამალა. როდესაც სასახლეში რევოლუციური ჯარები შეიჭრნენ და სიტუაცია უმართავი გახდა ივანე რატიშვილმა მოახერხა და კავშირი დაამყარა სასახლის შტურმის ხელმძღვანელებთან ვ. ა. ანტონოვ–ოვსეენკოსა და გ. ი. ჩუდნოვსკისთან და მათი დახმარებით აღკვეთა ქურდობა და ძვირფასეულობის დატაცების მცდელობა. ზამთრის სასახლის აღება და ივანე რატიშვილის გმირობა აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ჯონ რიდს წიგნში "ათი დღე, რომელმაც შესძრა კაცობრიობა". რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ლენინი ზამთრის სასახლეს ეწვია და პირადად გადაუხადა მადლობა ივანე რატიშვილს. ლენინმა იგი პეტროგრადის რაიონის ყველა სახელმწიფო სასახლის, მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების მთავარ კომენდანტად დანიშნა. 1919 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა მთავრობა პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა, ლენინის ბრძანებით ივანე რატიშვილს, იაკობ სმირნოვთან ერთად, დაევალა სახელმწიფო ბანკის ოქროს მარაგისა და დიდი რაოდენობის სხვა ფასეულობათა მოსკოვში გადატანის ორგანიზება და მგზავრობისას მათი დაცვა. მან ოქრო და ძვირფასი ნივთები 5 მატარებლით გადაიტანა, რომელთა მარშრუტი და გასვლის დრო უაღრესად გასაიდუმლოებული იყო. 1896 წელს ივანე რატიშვილმა ცოლად შეირთო ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია, რომლის დედა, თამარი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტის წევრი. ეკატერინეს მამა – ირაკლი ბაგრატიონი – ერეკლე II-ის შვილიშვილი. ივანესა და ეკატერინეს ორი შვილი – დიმიტრი და ოლღა შეეძინათ. ივანე რატიშვილის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა – 1917 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო 1926 წელს ვაჟიშვილი მოსკოვში მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო. 1920-1930 წლებში იგი მთარგმნელად მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა ორგანიზაციებში. 1931 წელს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ქალიშვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის პერსონალური პენსია დაენიშნა. გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში დაცულია ივანე რატიშვილის მიერ ჩაბარებული მრავალი რელიქვია: მიხეილ ლერმონტოვისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები, ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ლექსების ადრეული ხელნაწერები და სხვ. რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი, ქართველი თავადი, ზამთრის სასახლის კომენდანტი. წყარო: ზამთრის სასახლის კომენდანტი : ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი (რატიევი) / ი. ბეგიაშვილი // დროშა.-1957.-N11.-გვ.3; "ამხანაგი თავადი" - განძეულობათა გადამრჩენი : მასალები ზამთრის სასახლის კომენდანტ ივანე რატიშვილის შესახებ / შალვა გოგიძე.-თბ.,1987.-19გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |