შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაქსიმ კოვალევსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1872 წელს; სწავლობდა აგრეთვე ბერლინში, ვენაში, პარიზსა და ლონდონში. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროში, 1907 წელს – სახელმწიფო საბჭოში. სამჯერ იმოგზაურა კავკასიაში (1883, 1885, 1887). აქ შეგროვილი მასალა საფუძვლად დაედო გამოკვლევებს გვაროვნული ურთიერთობისა და მისი დაშლის ფორმების შესახებ. მისი ძირითადი ნაშრომია "კანონი და ზნე-ჩვეულებები კავკასიაში" ("Законъ и обычай на Кавказе", 2 ტომად, 1890). I ტომის IV თავში "სომხური და ქართული სამართლის გავლენა" განიხილავს ქართული სამართლის (გიორგი ბრწყინვალის "ძეგლის დადება", ბექასა და აღბუღას სამართალი, "ვახტანგ VI-ის სამართალი") გავლენას და მის ანარეკლს კავკასიის მთიელთა ადათებსა და ჩვეულებით სამართალზე. II ტომი შედგება ორი განყოფილებისაგან: "სამეგრელოს და საქართველოს მთიელები" და "დაღესტნის მთიელები". პირველი დაყოფილია თავებად: 1. "სვანების საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობა", სადაც სვანებს უძველეს ტომებს უწოდებს, რომლებსაც ძველი ბერძენი მემატიანეები და გეოგრაფებიც კი მოიხსენიებდნენ. სახლობენ ევროპაში ყველაზე მაღლა ზღვის დონიდან. სვანეთის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, გარე სამყაროსგან იზოლაციამ განაპირობა აქ გვაროვნული წყობის უფრო დიდხანს შენარჩუნება სრულყოფილი ფორმით, რომელსაც საფუძვლად სისხლით ნათესაობა უდევს. აღწერილი აქვს ქორწინების წესები, ვაჟის ყოლის უპირატესობა; 2. "ფშავლები, მათი რელიგიური ცრურწმენები, საზოგადოებრივი წყობა და იურიდიული ყოფა", სადაც ფშავლების (ფხოველები) შესახებ წერს, რომ ისინი ძალიან ძველი ხალხია, ცხოვრობენ გვაროვნული ყოფით, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებენ განვითარების უფრო ადრინდელ ფორმებს. ისინი სხვა ქართველებისაგან განსხვავებით და ხევსურების მსგავსად არ ცნობენ არც წოდებებს, არც ბატონყმურ ან ფეოდალურ დამოკიდებულებას. ხევსურებთან ერთად განსაცდელის ჟამს საქართველოს საიმედო დამცველები არიან. ფშავლები გამოირჩევიან სილაღით; ისინი თავიანთ სიხარულსა და მწუხარებას ლექსებითა და სიმღერებით გადმოსცემენ. აღწერილი აქვს ფშაველთა დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი, ქორწინებისა და დაკრძალვის რიტუალები, ქალისადმი დამოკიდებულების წესები; 3. "ხევსურებისა და თუშების ჩვეულებითი სამართალში", იგი აღწერს თუშებისა და ხევსურების ოჯახების სტრუქტურას, ქონების ფლობის წესს, სისხლის სამართალს, რომელიც სისხლის აღების წესს ემყარებოდა. მისი აზრით, ხევსურეთში საზოგადოებრივი ურთიერთობა ვერ გასცდა გვაროვნულ წყობას, თუშეთში კი თანდათან ჩამოყალიბდა პოლიტიკური ერთეული – თემი, რომელიც ტერიტორიულ ერთობას წარმოადგენდა და ფორმალურად კახეთის მოურავის ხელისუფლებას აღიარებდა, ფაქტობრივად კი დამოუკიდებელი იყო. თემი მხოლოდ საერთო საშიშროების შემთხვევაში იღებდა საერთო გადაწყვეტილებას. ასევე განხილულია სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოსასყიდის დაწესება, რომლის ოდენობა განისაზღვრებოდა დანაშაულის სიმძიმით. აღწერილი აქვს სასამართლო დავების გადაწყვეტა მოპასუხის, ნათესავისა და თანასოფლელების ფიცის საფუძველზე, აგრეთვე ძმებს შორის მემკვიდრეობის გაყოფის წესი და ა. შ. რუსი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, იურისტი, სოციოლოგი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1914), მოსკოვის (1878–1887) და პეტერბურგის (1905–1916) უნივერსიტეტების პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |